11:59 15 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1177
  • 100 RUB4.5431
  • USD3.4432
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
135 0 0

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა თბილისში ვიზიტისას ოპოზიციის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები გამართა.

თბილისი, 1 მარტი - Sputnik. ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ქართული ოპოზიციის ლიდერებს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად კომპრომისისკენ მოუწოდა, განაცხადა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ სტუმართან შეხვედრის შემდეგ.

ოპოზიცია პარლამენტთან მშვიდობიან პროტესტს აანონსებს >>

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს კვირას ეწვია. მისი ვიზიტი პოლიტიკური კრიზისის ფონზე მიმდინარეობს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ კრიზისი გამწვავდა და ოპოზიცია ქუჩაში გამოვიდა. ის ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვს.

„გარკვეულ შეთანხმებამდე უნდა მივიდეთ. ჩვენს მხარესთან იყო თხოვნა, რომ უნდა ვიყოთ გარკვეულწილად კომპრომისულები. ჩვენ ვთქვით, რომ რიგგარეშე არჩევნების ნაცვლად, შეგვიძლია წავიდეთ პლებისციტზე. ეს, ჩემი აზრით, ფუნდამენტური და დიდი კომპრომისია, რომელიც ოპოზიციას გაცხადებული აქვს“, - განუცხადა ვაშაძემ ჟურნალისტებს.

ამასთან, ვაშაძემ არ გამორიცხა, რომ მსგავსი შეთანხმების მიღწევა ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის მიმდინარე თვის ბოლომდეა შესაძლებელი.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის თქმით, შეხვედრაზე ოპოზიციას დაპირდნენ, რომ ევროკავშირი აქტიურად მიიღებს მონაწილეობას პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის პროცესში.

„ყველას ესმის, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი არის აუცილებლად მოსაძებნი... ევროკავშირს პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად ჩვენს ქვეყანაში აქვს გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული ინტერესი. სწორედ ამიტომ ჩვენ გვქონდა ძალიან საფუძვლიანი საუბარი იმაზე, როგორ შეიძლება ევროკავშირის ფუნქცია გაძლიერდეს ამ კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად“, - აღნიშნა სამადაშვილმა. 

პლებისციტს მხარი დაუჭირა ასევე ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

„ჩვენ პლებისციტს მხარს ვუჭერთ, როგორც სერიოზულ კომპრომისს. პოლიტიკური ფასი შეიძლება იყოს ცუდი ან ძალიან ცუდი თუ კრიზისის რეალურად განმუხტვაზე არ წამოვლენ, რაც პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ვადამდელ არჩევნების დანიშნვას გულისხმობს“, - განაცხადა ბოკერიამ.

ოპოზიციური პარტია „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ შეხვედრაზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ე.წ. ეროვნული თანხმობის დოკუმენტის გაფორმების წინადადება წამოაყენა.

„ჩვენ გვჭირდება დიალოგი, გაერთიანება ჩვენი ქვეყნის გარშემო“, - აღნიშნა მან.

როგორც შარლ მიშელმა ამასწინათ განაცხადა, მისი ვიზიტი მიმდინარეობს მწვავე პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რომელიც მეტად აწუხებს ევროკავშირს და პირადად მას. ამიტომ ევროკავშირი მხარეებს მოუწოდებს, ინტენსიურად იმუშაონ ვითარების განსამუხტად.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იგი უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს.

შარლ მიშელი ქვეყანას 2 მარტს დატოვებს.

საქართველოში ვიზიტამდე შარლ მიშელი იმყოფებოდა მოლდავეთში. თბილისიდან კი კიევში გაემგზავრება.

 

მთავარი თემები