07:14 07 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9640
  • 100 RUB4.4518
  • USD3.3202
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
მთავრობის ახალი შემადგენლობა: ვინ ჩაიბარებს მინისტრის პორტფელს
146 0 0

2013 წელს ღარიბაშვილმა პრემიერის პოსტზე პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი შეცვალა.

თბილისი, 19 თებერვალი – Sputnik. გიორგი გახარიას მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის შესახებ მოულოდნელი განცხადების შემდეგ საზოგადოებისთვის არანაკლებ მოულოდნელი გახდა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მხრიდან მთავრობის მეთაურის ვაკანტურ თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურის დასახელება – უკვე მეორედ. 

ღარიბაშვილს 2019 წლიდან საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობა უკავია. მან სამხედრო მოსამსახურეთა პირობების გაუმჯობესება და ქვეყნის შეიარაღებული ძალების ტექნიკური აღჭურვილობის გაუმჯობესება მთავარ მიზნად დაისახა.

39 წლის ღარიბაშვილმა პრემიერის სავარძელი პირველად 8 წლის წინ დაიკავა. მაშინ, 2013 წელს იგი გახდა საქართველოს ისტორიაში მთავრობის ყველაზე ახალგაზრდა მეთაური მთელ ევროპაში. ღარიბაშვილი ამ დროს 31 წლის იყო.

მრავალწლიანი მეგობრობა

2013 წელს პრემიერის პოსტზე ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის მემკვიდრე გახდა, რომელთანაც პოლიტიკოსს მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებს. 

მაშინ ღარიბაშვილი არ მალავდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო მისთვის ივანიშვილი და ღიად აცხადებდა, რომ საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციებს ბიძინა ივანიშვილთან გადიოდა. სხვათა შორის, ისტორია მეორდება – ივანიშვილიც ასევე მეორედ დისტანცირდა პოლიტიკისგან და მიმდინარე წლის იანვარში „ქართული ოცნება“ დატოვა.

მილიარდერი ივანიშვილი ღარიბაშვილმა ახალგაზრდობაში გაიცნო. ივანიშვილის განსაკუთრებული ნდობით აღჭურვილი 23 წლის ღარიბაშვილი საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ჩაუდგა სათავეში. მას შემდეგ ირაკლი ყოველთვის ივანიშვილის გვერდითაა.

ივანიშვილის ვაჟი, რეპერი ბერა ირაკლის მესამე შვილის ნათლიაა. 

2015 წლის დეკემბერში ყველასთვის მოულოდნელად ღარიბაშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა. სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან მან განაცხადა, რომ პირველ ეტაპზე დასვენებას აპირებდა. იმ პერიოდში ერთ-ერთ ინტერვიუში ივანიშვილი ჟურნალისტებს გამოუტყდა, რომ ღარიბაშვილი „არცთუ კარგად“ უსმენდა მას.

ღარიბაშვილი რამდენიმე წლის განმავლობაში პოლიტიკური არენიდან გაქრა, თუმცა 2019 წლის მარტში იგი მმართველ პარტიაში დაბრუნდა, რათა თანამებრძოლებს პარტიის კრიზისიდან გამოყვანაში დახმარებოდა. მისი მთავარი ამოცანა იყო „ქართული ოცნებაზე“ გულაცრუებულ მომხრეთა ნდობის დაბრუნება.

ადრეული წლები

ღარიბაშვილი 1982 წლის 28 ივნისს თბილისში დაიბადა, თუმცა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მკვიდრია.

ცნობილია, რომ სკოლის წლებში ღარიბაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრობაზე ოცნებობდა. უყვარდა კითხვა, ინტერესდებოდა უცხო ენებით. დღეს მშობლიურ ენასთან ერთად იგი ფლობს ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებს.

ადრე ღარიბაშვილმა აღიარა, რომ ემოციურია, მაგრამ აღმოსავლური ორთაბრძოლებით გატაცება ამის გამკლავებაში ეხმარება. იგი კიკბოქსში საქართველოს ჩემპიონი იყო. 

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი (1999-2004 წწ). 2002-2004 წლებში პარალელურად სწავლობდა სორბონის (პარიზი) უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით. 2005 წელს მიიღო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხი.

2004–2012 წლებში ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ კომპანია Cartu Group-ში სხვადასხვა ხელმძღვანელი პოსტები ეკავა.

2006 წელს იყო საქართველოში სან-მარინოს რესპუბლიკის საპატიო კონსულის წარმომადგენელი. 2011 წლის ოქტომბერში ივანიშვილი ქართულ ოპოზიციას ჩაუდგა სათავეში. ღარიბაშვილი მის კვალდაკვალ „ქართულ ოცნებაში“ შევიდა და პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გახდა, რომლის ლიდერიც ივანიშვილი იყო. აღნიშნულმა პარტიამ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა და მიხეილ სააკაშვილის მმართველობა შეცვალა.

2012–2013 წლებში ღარიბაშვილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა.

ირაკლი ღარიბაშვილი დაოჯახებულია, ჰყავს ოთხი შვილი. მომავალი პრემიერის მეუღლე ნუნუკა თამაზაშვილი მისი თანაკლასელია.

საქართველოს მომავალ პრემიერზე ინფორმაცია მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

თემები:
მთავრობის ახალი შემადგენლობა: ვინ ჩაიბარებს მინისტრის პორტფელს

მთავარი თემები