11:32 02 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0101
  • 100 RUB4.4917
  • USD3.3268
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
გიორგი გახარიამ პრემიერ–მინისტრის პოსტი დატოვა (13)
120 0 0

ქართული ოპოზიციის შემდეგი მიზანი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია, რომელმაც „უნდა დაასტაბილუროს ქვეყანა"

თბილისი, 18 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრის თანამდებობიდან გიორგი გახარიას გადადგომა სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციისთვის.

ნიკა მელია: გახარიას მიერ გადადგმული ნაბიჯი დასაფასებელია>>

გიორგი გახარია ხუთშაბათს გადადგა და განაცხადა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას დაკავების საკითხზე გუნდთან ვერ შეთანხმდა.

„ეს არის ქართველი ხალხის, ყველა პატრიოტის პირველი, ძალიან მნიშვნელოვანი, ხილული გამარჯვება. მანამდე ძალიან დიდი გამარჯვება იყო ის არჩევნებიც, როდესაც ხალხმა ზურგი შეაქცია ივანიშვილს... აუცილებლად გავიმარჯვებთ, ნიკა მელიასაც დავიცავთ და ეს რეჟიმიც აუცილებლად დასრულდება“, – განაცხადა „ნაცმოძრაობის“ ერთ–ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ.

„გიორგი გახარიამ სწორი და დასაფასებელი გადაწყვეტილება მიიღო“, – ასეთი კომენტარი გააკეთა ოპოზიციონერმა ელენე ხოშტარიამ გახარიას გადადგომის თაობაზე.

როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთი ლიდერი გიგი უგულავა მიიჩნევს, პრემიერის გადადგომა – ეს ხალხის გამარჯვებაა.

„გაყალბებული არჩევნების პირველივე დღიდან ჩვენი პრინციპული პოზიცია იყო მშვიდობიანი მოლაპარაკება პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად. დღევანდელი დღე იძლევა სივრცეს მოლაპარაკებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება მძიმე კოლაფსშია, მან უნდა გააცნობიეროს, რომ მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს. მოლაპარაკება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად შეიძლება იყოს ერთ და მთავარ საკითხზე – ეს არის რიგგარეშე არჩევნები. ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ მოლაპარაკების მაგიდას“, – განაცხადა უგულავამ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის აზრით, ვადამდელმა არჩევნებმა ქვეყანაში არსებული ვითარება სტაბილური უნდა გახადოს.

„ქართული ოცნება“ ახალი პრემიერის კანდიდატურას უახლოეს დღეებში დაასახელებს>>

„გამოჩნდა იმის იმედი, რომ დაპირისპირების გზით არ ვივლით და შეთანხმებისკენ წავალთ. პირველ რიგში, მისასალმებელია, რომ გადაიდო აღსრულების ღონისძიება, პრემიერ-მინისტრი გადადგა და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა გარკვეული შედეგები მოგვიტანა. ეს არის მხოლოდ დასაწყისი იმ ახალი ფაზის, რომელიც ყველას გვჭირდება - რიგგარეშე არჩევნებმა უნდა დაასტაბილუროს ქვეყანა“, - განაცხადა ვაშაძემ.

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ოპოზიციური პარტიები გაყალბებულად მიიჩნევენ. მას შემდეგ სინი ბოიკოტს უცხადებენ საკანონმდებლო ორგანოს და ახალი კენჭისყრის დანიშვნას მოითხოვენ.

ოპოზიციური პარტიის ლიდერს, ნიკა მელიას ბრალად ედება 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტზე შტურმის დროს ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას ექვს წლამდე პატიმრობა ელოდება.

იმისთვის, რომ პროკურატურას სასამართლოსთვის მელიას დაკავების თხოვნით მიემართა, საქართველოს პარლამენტმა მას დეპუტატის ხელშეუხებლობა მოუხსნა.

პრემიერის გადადგომასთან დაკავშირებით შსს–მ ნიკა მელიას დაკავება გადადო.

თემები:
გიორგი გახარიამ პრემიერ–მინისტრის პოსტი დატოვა (13)

მთავარი თემები