„ქართული ოცნება“ ახალი პრემიერის კანდიდატურას უახლოეს დღეებში დაასახელებს

© photo: Sputnik / Stringerირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2021
გამოწერა
მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა, რომელზეც მთავრობის მეთაურის კანდიდატურის თაობაზე კონსულტაციები გაიმართება, პარასკევს ჩაინიშნა.

თბილისი, 18 თებერვალი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას პარასკევს დაასახელებს, განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა, რის მიზეზადაც ქვეყანაში არსებული პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა.

პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან ერთად გადადგება მთელი მთავრობა – ყველა მინისტრი ამ დროისათვის მოვალეობის შემსრულებელია. ახლა პარლამენტს ორი კვირის ვადა ეძლევა, რომ ახალ პრემიერსა და მის მიერ წარმოდგენილ მინისტრთა კაბინეტს ნდობა გამოუცხადოს. 

გიორგი გახარია მთავრობის სხდომაზე - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2021
პრემიერი გადადგა – რა იქნება შემდეგ?

„მთავრობის ფორმირება დაიწყება და დასრულდება კანონით გათვალისწინებულ ვადებში... სავარაუდოდ, ხვალისთვის შეიკრიბება პოლიტსაბჭო და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დასახელდება“, – განაცხადა კობახიძემ.

პრემიერისა და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას წარადგენს პარტია, რომელმაც არჩევნებზე ყველაზე მეტი ხმა მიიღო, ანუ „ქართული ოცნება“. ნდობის მოსაპოვებლად მთავრობას პარლამენტის მინიმუმ 76 დეპუტატის ხმა სჭირდება. თუ პრემიერის კანდიდატურა ხმების საკმარის რაოდენობას ორი მცდელობით ვერ მოიპოვებს, პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნისა და ახალი არჩევნების დანიშვნის უფლება აქვს.

ქართულ მასმედიაში ჯერ კიდევ წინა კვირაში გაჩნდა ინფორმაცია პრემიერ გახარიას შესაძლო გადადგომის შესახებ. მის შემცვლელად კი მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დასახელდა. მაშინ გახარიამ გავრცელებული ხმები უარყო.

გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი 2019 წლის სექტემბერში დაიკავა.

ყველა ახალი ამბავი
0