04:04 07 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9640
  • 100 RUB4.4518
  • USD3.3202
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
278 0 0

ოპოზიციური პოლიტიკური პარტია ყველა იმ შეზღუდვის გაუქმებას მოითხოვს, რომელიც საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემოიღო.

თბილისი, 17 იანვარი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლება“ სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და ყველა იმ შეზღუდვის გაუქმებას მოითხოვს, რომელიც ადამიანის გადაადგილებას და ეკონომიკური საქმიანობის წარმართვას ზღუდავს.

ქვეყანაში გაუარესებული ეპიდვითარების გამო საქართველოს მსხვილ ქალაქებში 28 ნოემბრიდან შეზღუდვები მოქმედებს. გარდა იმისა, რომ სავალდებულოა პირბადის ტარება, ასევე იკრძალება ქუჩაში გასვლა 21:00 საათის შემდეგ დილის 5 საათამდე, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სავაჭრო ცენტრები, სპორტდარბაზები, რესტორნები, კაფე–ბარები და ა.შ.

„დაუყოვნებლივ გაუქმდეს ყველა სახის შეზღუდვა, რომელიც ეხება ადამიანების თავისუფალ გადაადგილებასა და ნებისმიერ ეკონომიკურ საქმიანობას; დაუყოვნებლივ გაიხსნას ქვეყანა და აღდგეს ყველა სახის სატრანსპორტო მიმოსვლა სხვა ქვეყნებთან“, - აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გირჩი ყოველთვის წინააღმდეგი იყო იმ უსამართლო და არაადამიანური შეზღუდვების, რომლებმაც ასობით ათასი მოქალაქისთვის კიდევ უფრო გაუსაძლისი გახადა ისედაც რთული ცხოვრება და გაუთვალისწინებელი 5 მილიარდიანი ვალით დატვირთა ქვეყნის ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკა.

„მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი საშიშია და მასთან ბრძოლა მნიშვნელოვანი, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ ბრძოლის მეთოდები იყოს მორალური, სამართლიანი და ეფექტური. დღევანდელი გადმოსახედიდან ცხადზე ცხადია, რომ შარშან გაზაფხულიდან გატარებული ვითომ ვირუსის შემაკავებელი ღონისძიებები იყო მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მიზნების მატარებელი და რაიმე ხელშესახები შედეგი ვირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით არ მოუტანია“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

პარტიის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ შრომა, გართობა და სპორტული აქტივობა არ არის კრიმინალი. მიუხედავად ამისა, ქართული პოლიცია, ისევე, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტი ასეთ აქტივობებში ჩართულ ადამიანებს ექცევა ისე, როგორც ბანდიტებსა და ტერორისტებს.

„ჩვენთვის, ისევე, როგორც ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც ესმის ეკონომიკის ელემენტარული პრინციპები, ცალსახაა, რომ ასე გაგრძელება ნიშნავს ეკონომიკის კიდევ უფრო დამუხრუჭებას, ახალი, უზარმაზარი ვალების აღებას, რომლებიც ჩვენმა შვილებმა უნდა იხადონ, გაზრდილ გადასახადებს, გაზრდილ საბიუჯეტო დეფიციტს, ნაკლებ ინვესტიციებსა და კიდევ უფრო შენელებულ ეკონომიკურ განვითარებას და, საბოლოო ჯამში, სიღარიბეში კიდევ უფრო და დიდი ხნით ჩაძირვას“, - მიაჩნია პარტიას.

წინა კვირას საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქვეყანაში კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების მოქმედება 1 თებერვლამდე გახანგრძლივდეს. არსებული ინფორმაციით, 1 თებერვლიდან სავაჭრო ცენტრები და ბაზრობები გაიხსნება.

პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“ ორ ნაწილად დეკემბრის დასაწყისში გაიყო. პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ Facebook-ის დახურულ ჯგუფში დაწერა, რომ მისი და პარტიის სამი მთავარი წევრის – იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილისა და სანდრო რახვიაშვილის გზები გაიყო და ის არ აპირებს მათთან ერთად „გირჩის“ კეთებას. მან პოლიტიკური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლება" 2020 წლის 26 დეკემბერს დააფუძნა.

მთავარი თემები