სილამაზის სალონი სათხილამურო კლუბის ნაცვლად: „გირჩის“ ახალი „კოვიდ-ხრიკი“

© Sputnik / Vladimir Umikashviliზურაბ გირჩი ჯაფარიძე
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოქმედი შეზღუდვებით, სპორტული კლუბების მუშაობა აკრძალულია, ხოლო სილამაზის სალონები შეუფერხებლად მუშაობენ

თბილისი, 12 დეკემბერი - Sputnik. პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ზურაბ ჯაფარიძემ გააპროტესტა შეზღუდვა სათხილამურო კლუბების მუშაობაზე და იქ სილამაზის სალონი მოაწყო.

ჯაფარიძემ პირდაპირ კლუბ „პროლესკი საქართველოს“ შენობაში სტილისტის მომსახურებით ისარგებლა და ამის ამსახველი ვიდეო თავის Facebook-გვერდზე ატვირთა.

„კიდევ ერთი კომპანიაა, რომელიც აპროტესტებს შემოღებულ რეგულაციებს, რომელთა გამო უამრავი ადამიანი დარჩა სამსახურისა და შემოსავლების გარეშე. მათ მილიონობით ლარი აქვთ ჩადებული აქ და გააჩერეს ამ რეგულაციების გამო. იმის გამო, რომ სილამაზის სალონებია დაშვებული, პროფილი შეიცვალეს და გადაკეთდნენ სილამაზის სალონად. მათ სალონი გახსნეს და შეგიძლიათ თმა შეიჭრათ და საჩუქრად მიიღოთ თხილამურებზე ან სნოუბორდზე ვარჯიში“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მოქმედი შეზღუდვების თანახმად, ყველა სპორტული კლუბის მუშაობა აკრძალულია, ხოლო სილამაზის სალონები შეუფერხებლად მუშაობენ.

ზურაბ ჯაფარიძე - Sputnik საქართველო
ჯაფარიძე: ფიტნეს დარბაზს საცხოვრებელ სახლად ვქირაობ, შეგიძლიათ მოხვიდეთ და ივარჯიშოთ

ნოემბრის ბოლოს „გირჩი“ და მისი ლიდერი გამოექომაგა ფიტნეს-კლუბ „რეფორმერს“ ბათუმში, რომელიც შრომის ინსპექციამ 10 ათასი ლარით დააჯარიმა. ჯაფარიძემ ოქმის გამოწერის შემდეგ განაცხადა, რომ ქირაობს კლუბს საცხოვრებელ ფართად და „არავის არ აქვს უფლება, რომ აქ შემოვიდეს, რადგან ეს ჩემი სახლია და შრომის ინსპექციას თუ უნდა, შემოვიდეს და ნახოს, სალარო აპარატი მუშაობს თუ არა“. აგრეთვე მან ყველა მსურველი თავის „სახლში“ სავარჯიშოდ დაპატიჟა.

საქართველოში 28 ნოემბრიდან მკვეთრად გაუარესებული ეპიდვითარების გამო ხელისუფლების მიერ დაწესებული ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრამდე იქნება ძალაში.

ყველა ახალი ამბავი
0