სკანდალი ქართულ ოპოზიციაში: იქნება თუ არა საქართველოს პარლამენტი ერთპარტიული

© Sputnik / Alex Shlamovალეკო ელისაშვილი
ალეკო ელისაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტისთვის „მონოლითური უარი“ კითხვის ნიშნის ქვეშაა - ოპოზიციის ბანაკში ახლად არჩეული პარლამენტის მუშაობის დაწყებამდე ორი დღით ადრე რყევები დაიწყო

თბილისი, 9 დეკემბერი - Sputnik. მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომამდე ორი დღით ადრე ოპოზიციური ერთობა გაიბზარა: ერთბაშად ორი პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შესაძლოა პარლამენტში შევიდნენ, და თავიანთი პირობები დაასახელეს.

ახალი გაერთიანება „არასაპარლამენტო ოპოზიცია - ახალი პოლიტიკური ძალების პლატფორმა - Sputnik საქართველო
საქართველოში მცირე პარტიებისგან შემდგარი ახალი ოპოზიცური გაერთიანება შეიქმნა

საქართველოს პარლამენტში არჩევნების შედეგად რვა ოპოზიციური პარტია მოხვდა, რომელთაც არსებული 150-დან 60 ადგილი გადაინაწილეს. ბოლო დრომდე ისინი მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ერთიანი ფრონტით იბრძოდნენ, პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებდნენ და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვდნენ.

ოპოზიციური პარტიის ლიდერთაგან პირველი, ვინც ოპოზიციაში შესაძლო განხეთქილებასა და ბოიკოტის გადაწყვეტილების შეცვლაზე განცხადება გააკეთა, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი გახდა.

„ცარიელ-ტარიელ ადგილზე პარლამენტში შესვლას არ ვაპირებთ, მაგრამ ის წესები და გარანტიები თუ მივიღეთ რისთვისაც საათები ტვინს ვანთხევთ, ძირითადად რაც მაინტერესებს არის ის, რომ არჩევნებს ჰქონდეს შინაარსი და ცენტრალურ საარჩევნო კომისია იყოს არა ზიზღის, არამედ სანდო სტრუქტურა. მე იქ ვიბრძვი კბილებით, რომ გამოვიდე თავაწეული და ხელში მეჭიროს ქვეყნის მომავლისთვის მნიშვნელოვანი საარჩევნო შეთანხმება, ერთი ხვრელიც არ უნდა ჰქონდეს იმ საარჩევნო სისტემას და საარჩევნო კანონებს, შემდეგ შევალ პარლამენტში“,- განუცხადა ელისაშვილმა თავის Facebook-აუდიტორიას.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, პარლამენტში შესვლა არ ნიშნავს ქვეყნის დაქცევას.

მოლაპარაკება საარჩევნო სისტემაზე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის ნაწილია, რომელიც ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოების შუამდგომლობით მიმდინარეობს. გუშინ მხარეებმა მეოთხე რაუნდის შემდეგ განაცხადეს, რომ ამ საკითხზე შეთანხმების მიღწევა მოხერხდება.

არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო
არჩილ თალაკვაძე: არის რეალური ალბათობა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა შევძლოთ შეთანხმება

ამასთან, როგორც მასმედიისთვის გახდა ცნობილი, ამ მოლაპარაკებებზე ელისაშვილსა და „ევროპული საქართველოს“ ლიდერ დავით ბაქრაძეს შორის ოპოზიციის მოთხოვნებთან დაკავშირებით კონფლიქტი მოხდა.

ოთხშაბათს ელისაშვილმა „ევროპული საქართველოს“ სხვა ლიდერებიც - გიგა ბოკერია და გიგი უგულავა - დაადანაშაულა საბოტაჟში.

„ბოკერიას პარტია დადის იმ შეხვედრებზე მხოლოდ იმიტომ, რომ გარეთ გამოიტანოს დეტალები, ილაპარაკოს და აურიოს ყველაფერი, საბოტაჟით არიან დაკავებულები, იმიტომ, რომ ბოკერია და უგულავა ვერ მოხვდნენ პარლამენტში“, - აღნიშნა ელისაშვილმა.

კონფლიქტი ელისაშვილსა და ბოკერიას შორის ჯერ კიდევ არჩევნებამდე დაიწყო, როდესაც ელისაშვილმა უარი თქვა თბილისში, მაჟორიტარულ ოლქებში, ოპოზიციის გაერთიანებაში მონაწილეობაზე. ახლა ბოკერია ელისაშვილს კვლავ ღალატს აბრალებს.

„ვწუხვარ, რომ ყველა ნიშანი გვაქვს იმისა, რომ ბატონი ელისაშვილი მიზეზს ეძებს, შევიდეს პარლამენტში. ჩვენ მისთვის არაფერი დაგავიბრალებია. თუ ის რამე კოსმეტიკური საბაბით შევა პარლამენტში, მისი პოლიტიკური კარიერის დასასრული იქნება“, – განაცხადა ბოკერიამ.

ვიდრე ელისაშვილი და ბოკერია ურთიერთბრალდებებით არიან დაკავებული, პარტია „გირჩის“ წარმომადგენელმა იაგო ხვიჩიამ პარლამენტში შესვლის საკუთარი პირობები დაასახელა.

Карл Харцель  - Sputnik საქართველო
„მარტივი პროცესი არ იქნება“ – კარლ ჰარცელი მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდის შესახებ

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ერთიანი პოზიციებით გამოვდიოდით გარეთ, მოლაპარაკებების შიგნით ყველამ იცოდა, რომ არსებობდა მოთხოვნები, რომლებიც ჩვენთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენთვის ასეთი მოთხოვნა იყო სრულად პროპორციული არჩევნები და ბუნებრივი ბარიერი. იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ ამ წინადადებას წამოაყენებს და მისი შესრულების გარანტიებიც იქნება, ოპოზიციური პარტიები პარლამენტში უნდა შევიდნენ და საკონსტიტუციო ცვლილებები განახორციელონ“, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხელისუფლების სვლა

ამასობაში, ვიდრე ოპოზიცია ურთიერთობებს არკვევდა, მმართველმა პარტიამ თავისი სვლა გაითამაშა და ვადამდელი არჩევნების საკუთარი პირობები დაასახელა.

როგორც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ისინი რიგგარეშე არჩევნებს იმ შემთხვევაში დასთანხმდებიან, თუ დროებითი საპარლამენტო კომისია, რომელიც სესიის გახსნის პირველივე დღეს შეიქმნება, ხმების ხელმეორედ გადათვლისას გამოავლენს შეუსაბამობის თუნდაც 1%-ს მმართველი პარტიის სასარგებლოდ.

გარდა ამისა, კობახიძე დაფინანსების შეჩერებით დაემუქრა იმ პარტიებს, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს იტყვიან.

„ქართული ოცნება“ და რვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები პარლამენტის პირველ სხდომამდე ერთი დღით ადრე მოლაპარაკების ბოლო რაუნდს გამართავენ, რომელიც საბოლოოდ გადაწყვეტს, რამდენი პარტია იქნება საქართველოს პარლამენტში - ერთი, ორი თუ ცხრა.

მეათე მოწვევის პარლამენტის შემადგენლობა

არჩევნების შედეგად საქართველოს პარლამენტში ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - 90 ადგილი;
  • „ძალა ერთობაშია - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 36 ადგილი;
  • „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ - 5 ადგილი;
  • „ლელო საქართველოსთვის“- 4 ადგილი;
  • „სტრატეგია აღმაშენებელი“ - 4 ადგილი;
  • „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 4 ადგილი;
  • „გირჩი“ - 4 ადგილი;
  • „მოქალაქეები“ - 2 ადგილი;
  • „ლეიბორისტული პარტია“ - 1 ადგილი.
ყველა ახალი ამბავი
0