თბილისი, 9 დეკემბერი - Sputnik. მოლაპარაკებების მორიგი, რიგით მეხუთე რაუნდი მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის ხუთშაბათს გაიმართება, ანუ ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომამდე ერთი დღით ადრე, განუცხადა ჟურნალისტებს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა.
მოლაპარაკებები გრძელდება: ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში რჩება>>
მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს არის დანიშნული. ახალ პარლამენტში 90 ადგილი მმართველ პარტიას „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ აქვს, ხოლო 60 – რვა ოპოზიციურ პარტიას. ოპოზიცია უარს აცხადებს პარლამენტში შესვლაზე, რადგან მას გაყალბებულად მიიჩნევს.
სამშაბათს აშშ–ისა და ევროკავშირის საელჩოების შუამდგომლობით, პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებთან დაკავშირებით, მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი გაიმართა. როგორც ცნობილი გახდა, მოლაპარაკებები ოთხი თემის ირგვლივ იმართება: რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, პოლიტპატიმრების საკითხი, საარჩევნო სისტემა და საარჩევნო გარემო.
„ვფიქრობ, გასული ორი დღის განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ. ამასთან, ჩვენ ვიცით, რომ ეს დისკუსიები რთულად მიმდინარეობს. ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ შევძელით საერთო ენის გამონახვა მომავალ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, რაც, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს გადამწყვეტია, რომ მომდევნო არჩევნების დროს იმაზე ნაკლები ხარვეზი ვიხილოთ, ვიდრე წინა არჩევნებზე ვნახეთ. ეს კარგი ამბავია“, – განაცხადა ჰარცელმა.
დიპლომატის თქმით, დანარჩენი საკითხებიკვლავ განსახილველი და გადასაწყვეტია.
„ჩვენ ვნახავთ, რამდენად შესაძლებელია წინ წაწევა. ყველა მხარე ერთგულია დიალოგის გაგრძელების და ხვალ ვნახავთ, რამდენად შესაძლებელია ჯერ კიდევ პროგრესის მიღწევა, ვიდრე პარლამენტი მუშაობას დაიწყებს“, – აღნიშნა ჰარცელმა.
რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს, დიპლომატმა აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება დიალოგის მონაწილეებმა უნდა მიიღონ.
„ეს მარტივი პროცესი არ იქნება. როგორც ვთქვი, ჩვენ გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს, რათა ვნახოთ, თუ იქნება შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა ხვალ ან ნებისმიერ სხვა დროს“, – განაცხადა ჰარცელმა.
ევროკავშირისა და აშშ–ის საელჩოები ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებებში მთავარი შუამავალია. მათ 2020 წლის დასაწყისში მოახერხეს მხარეების შეთანხმება, რომლის საფუძველზეც საპარლამენტო არჩევნების სისტემა შეიცვალა.