დარჩა ერთი მოთხოვნა: რა შედეგით დასრულდა ოპოზიციის და მმართველი პარტიის მეორე შეხვედრა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეხვედრაზე რაიმე ხელშესახები შედეგი არ დამდგარა, თუმცა მოლაპარაკებები გაგრძელდება - ოპოზიცია კონსულტაციების პარალელურად საპროტესტო აქციების გაგრძელებაზე საუბრობს.

თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. ცოტა ხნის წინ დასრულდა მეორე შეხვედრა მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ და ოპოზიციას შორის, რომელიც დიპლომატიური კორპუსის შუამავლობით აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გაიმართა.

მოლაპარაკებებში მონაწილეობს რვა ოპოზიციური პარტია, რომელმაც ცესკოს მონაცემების მიხედვით საარჩევნო ბარიერი გადალახა.

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, შეხვედრის დეტალებს ვერ გაასაჯაროებს, თუმცა შეთანხმება მოხდა მესამე შეხვედრაზე.

„დიალოგი არ დასრულებულა. დიალოგისა და შეთანხმებისთვის კარი კვლავ ღიაა. ჩვენ შევთანხმდით, რომ კიდევ ერთ შეხვედრას ჩავატარებთ. როგორც იცით, გვაქვს შეთანხმება, რომ მოლაპარაკებების დეტალებს არ ვასაჯაროებთ. შესაბამისად, ამაზე დეტალურ კომენტარებს ვერ გავაკეთებთ, რადგან ვალდებული ვართ, ეს პირობა დავიცვათ. საზოგადოებას მეტი ინფორმაცია ექნება, როგორც კი ეს შეთანხმება მოხდება. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ პოზიციები დავაახლოოთ, რათა დემოკრატიამ და ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურმა სისტემამ განაგრძოს სტაბილურად ფუნქციონირება“, - განაცხადა თალაკვაძემ.
საარჩევნო ბიულეტენები ურნაში - Sputnik საქართველო
საქართველოს ცესკომ პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგები შეაჯამა

მან ასევე აღნიშნა, რომ ამ შეხვედრაზე დიალოგი ვერ ამოიწურებოდა და მმართველი პარტია მზად არის გააგრძელოს „ეს დიალოგი საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტში“.

„საზოგადოების და ქვეყნის ინტერესებშია პოლიტიკური სტაბილურობა, მეტი თანამშრომლობის შესაძლებლობის მოძებნა პოლიტიკურ პარტიებს შორის და ჩვენს მიერ ჩატარებული დემოკრატიული რეფორმები და საპარლამენტო არჩევნები ამის შესაძლებლობას ნამდვილად აძლევს ყველას და მოდით, ეს შესაძლებლობა გამოვიყენოთ“, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

წინა შეხვედრის მსგავსად, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ აშშ-ის ელჩის რეზიდენცია უკომენტაროდ დატოვა.

შედარებით მეტი კონკრეტულობა შემოიტანა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ. მისი თქმით, სავარაუდოდ, მესამე შეხვედრაზე ხელახალი არჩევნების თარიღზე იქნება საუბარი, ხოლო უკვე გამართული არჩევნების შედეგების გადათვლაზე საუბარი დასრულდა.

„დღევანდელ შეხვედრაზე ყველა მხარე შეთანხმდა, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გუშინდელი გადაწყვეტილებით, დახურა ყოველგვარი საუბარიც კი გადათვლაზე, სხვადასხვა მექანიზმებზე, რაზეც იყო საუბარი „ქართული ოცნების“ მხრიდან, ეს საკითხი დაიხურა. ჩვენ ძალიან კონკრეტულად შევჯერდით, რომ აუცილებლად იქნება შემდგომი შეხვედრა, სადაც კონკრეტულად ვისაუბრებთ უკვე არჩევნების თარიღზე“, - განაცხადა ვაშაძემ.
ცესკო - Sputnik საქართველო
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს ჩატარდება

რაც შეეხება ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს, მათ განაცხადეს, რომ ამ შეხვედრაზე რაიმე შედეგი არ დამდგარა და ამ შედეგის მისაღწევად დიალოგთან ერთად საპროტესტო აქციებიც უნდა გაგრძელდეს. მათი თქმით, ოპოზიციის მოთხოვნები არ შეცვლილა - ხელახალი არჩევნები, ცესკოს აპარატის ცვლილება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ არჩევნების გადათვლას უკვე აზრი დაეკარგა და დღის წესრიგში მთავარი მოთხოვნა რჩება - ხელახალი არჩევნები. 

„ცესკო-მ გუშინ ოფიციალურად დახურა გადათვლის ნებისმიერი პერსპექტივა, ამიტომ დარჩა მოლაპარაკების მაგიდაზე ერთადერთი წინადადება, ეს არის ახალი არჩევნების ფორმა, ვადა,პაკეტი, რომლითაც უნდა შეთანხმდეს არჩევნები და საარჩევნო გაუმჯობესებები. ამ თემაზე მიმდინარეობს დიალოგი. ვიმეორებ, ჯერჯერობით პოზიციები არის დაშორებული, მაგრამ ჩვენი ამოცანა ამ დიალოგში არის სწორედ ის, რომ დაშორებული პოზიციები ამ ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე დავაახლოოთ ერთმანეთს“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

„რაიმე ხელშესახები შედეგები დღეს ვერ იქნა მიღწეული. იმედია, გაგრძელდება ეს, მაგრამ მთავრია ხალხის წინააღმდეგობა ქუჩებში გაგრძელდეს და დამერწმუნეთ, შედეგი იქნება. ეს ორივე პროცესი – მოლაპარაკების და სახალხო წინააღმდეგობის უნდა წავიდეს პარალელში და მერე იქნება ხელშესახები შედეგები. ელჩები აგრძელებენ შუამავლობის პროცესს. ეს შუამავლობა არ არის ერთდღიანი ან ორდღიანი. ეს არის განგრძობადი პროცესი, რომელმაც შედეგთან უნდა მიგვიყვანოს“, – აცხადებს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი.
მორიგი საპროტესტო აქცია პარლამენტთან - ვიდეო - Sputnik საქართველო
მორიგი საპროტესტო აქცია პარლამენტთან - ვიდეო

ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დღეს დაანონსებულ აქციაზე ბევრი ხალხი უნდა მოვიდეს, რათა მთავრობას ოპოზიციის მოთხოვნების შესრულება აიძულონ.

„დღეს აქციაზე მოთხოვნები ზუსტად იგივე იქნება, რაც იყო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და გაგრძელდება ბოლომდე, ვიდრე არ მივაღწევთ ჩვენს საბოლოო მიზანს – ეს არის ხელახალი არჩევნები, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცვლილება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ის, რომ მხარეებს შორის დიალოგი დაიწყო, არ ნიშნავს იმას, რომ ქუჩის პროტესტი გაჩერდება“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა.

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების მესამე რაუნდიც გაიმართება.

„დღეს გაცილებით მძიმე მოლაპარაკებები იყო, ვიდრე წინა ჯერზე. დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ, რა თქმა უნდა. კარგია, რომ ძალიან მტკიცედ ვართ ჩვენს პოზიციაზე. „ქართული ოცნება“ ძალიან შორის არის თავისი პოზიციით ჩვენგან, მაგრამ ერთი, რაზეც შევთანხმდით, არის ის, რომ უახლოეს მომავალში ჩვენი შეხვედრის კიდევ ერთი რაუნდი იქნება. დიალოგი არ დამთავრებულა, კარი არ მოგვიჯახუნებია, შეხვედრა და მოლაპარაკება გაგრძელდება“, – განაცხადა ელისაშვილმა.

საქართველოში ვიზიტის დროს პომპეო აშშ–ის მხარდაჭერას კიდევ ერთხელ დაადასტურებს >>

ცოტა ხანში რუსთაველის გამზირზე დაიწყება ახალი საპროტესტო აქცია. გაერთიანებული ოპოზიცია არ აღიარებს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და ხელახალ კენჭისყრას მოითხოვს.

ცესკომ კი პარასკევს, გვიან საღამოს პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა: „ქართულმა ოცნებამ“ 48,22%-ით მოიგო. ეს საკმარისია, რათა მან საპარლამენტო უმრავლესობა ჩამოაყალიბოს. მონაცემები ოფიციალური გამოცხადების გარეშე ცესკოს ვებგვერდზე აიტვირთა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0