თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს რეკორდული რაოდენობის დამკვირვებელი ეყოლება, მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მასალებში.
არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდება. ქვეყნის მოსახლეობა აირჩევს პარლამენტის დეპუტატებს, ცალკეული რეგიონების მცხოვრებლები – მერებსა და საკრებულოების დეპუტატებს. ასევე აჭარაში ჩატარდება უმაღლესი საბჭოს არჩევნები.
ამჟამად ცესკომ უკვე დაარეგისტრირა 89 ადგილობრივი და 20 საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე არჩევნებს დააკვირდებიან.
დარეგისტრირებულ საერთაშორისო დამკვირვებელთა შორის არიან: ეუთოს მისია, აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) და სხვა დიდი ორგანიზაციები. არჩევნებზე დაკვირვების სურვილი გამოთქვეს ასევე რიგი ქვეყნების ცენტრალურმა საარჩევნო კომისიებმა, საელჩოებმა და პარლამენტების წარმომადგენლებმა.
ადგილობრივ დამკვირვებელთა შორის კი არიან როგორც მცირე ორგანიზაციები, ისე მაღალი ავტორიტეტის მქონე მსხვილი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც არჩევნებზე დაკვირვების მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.
არჩევნები 2020: „ოდირმა“ საქართველოში სადამკვირვებლო მისია გახსნა>>
დამკვირვებლების ზუსტი რაოდენობა კენჭისყრის თარიღის მოახლოებასთან ერთად გახდება ცნობილი, როდესაც ყველა დამკვირვებელი წარმომადგენელთა რაოდენობის შესახებ მონაცემებს ცესკოს წარუდგენს.
მიუხედავად ხელისუფლების მოლოდინისა, საქართველოში არ ჩამოვა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების (OSCE/ODIHR) ბიუროს მოკლევადიან დამკვირვებელთა დელეგაცია.
როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, პანდემიის გამო ეუთოს წევრი ქვეყნები ვერ შეძლებენ არჩევნების დღისთვის საქართველოში მნიშვნელოვანი რაოდენობის მოკლევადიანი დამკვირვებლების გამოგზავნას.
ამგვარად, ეს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაცია არჩევნებზე წარმოდგენილი იქნება მხოლოდ 13 ექსპერტისა და 27 გრძელვადიანი დამკვირვებლის შემადგენლობით.
მიუხედავად ამისა, ტრადიციულად, სწორედ OSCE/ODIHR-ის ანგარიში გახდება საქართველოში არჩევნების საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან აღიარების გადამწყვეტი ფაქტორი.