05:12 20 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (152)
92 0 0

ცვლილებები კანონში „საერთო სასამართლოების შესახებ“ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავდა და პრინციპულ საკითხებს ეხება

თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა ოთხშაბათს 81 ხმით ერთხმად პირველი მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები კანონში „საერთო სასამართლოების შესახებ“, რომელთა თანახმად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის ახალი წესები შემოდის.

საკონსტიტუციო სასამართლო: მოსამართლეების შერჩევის პროცესი კონსტიტუციას შეესაბამება >>

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა ერთ-ერთი ყველაზე რთული თემაა, რომელმაც 2019 წლის დასაწყისში მმართველ პარტიაში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ხმაურიანი სკანდალი და განხეთქილება გამოიწვია. მოქმედ კანონმდებლობის მიმართ სერიოზული შენიშვნები ჰქონდა ასევე არასამთავრობო სექტორს და ოპოზიციას. საპარლამენტო უმრავლესობამ შეიმუშავა მოსამართლეთა შერჩევის ახალი წესები, რომლებიც თანდათან იხვეწება.

პირველი მოსმენით მიღებული ცვლილებებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის ყველა ეტაპისთვის იქნება საჭირო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების დასაბუთება. დღემდე დასაბუთება საჭირო იყო მხოლოდ პირველი ორი ინსტანციის მოსამართლეთა დანიშვნისას.

პარლამენტში წარდგენამდე მოსამართლეობის კანდიდატები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შერჩევის სამ ეტაპს გადიან.

დამტკიცებული ცვლილებებით, თითოეულ ეტაპზე კანდიდატი შეძლებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების საკვალიფიკაციო პალატაში გასაჩივრებას და დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში შერჩევას დაუბრუნდეს.

კანონპროექტის განსახილველად გამოტანამდე, პარლამენტის სპიკერმა ის დიპლომატიური სექტორის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან განიხილა. კანონპროექტის ავტორები არიან საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები გურამ მაჭარაშვილი, რატი იონათამიშვილი და ირაკლი კობახიძე.

როგორც არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული ცვლილებები უკავშირდება ორ მნიშვნელოვან საკითხს - უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების შესახებ გადაწყვეტილებების დასაბუთების ვალდებულება და მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების შესაძლებლობა. ცვლილებები ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე მომზადდა.

„ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა სამუშაო ჯგუფთან, დიპლომატიურ კორპუსთან და პარტნიორებთან თანამშრომლობის შედეგად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოამზადა. სასამართლო კანონმდებლობაში ეს ითვალისწინებს ორ მნიშვნელოვან საკითხს. ერთი, ეს არის უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების შესახებ გადაწყვეტილებების დასაბუთების ვალდებულება. მეორე - მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების შესაძლებლობა. მოგეხსენებათ, რომ ეს ორივე საკითხი ვენეციის კომისიის მნიშვნელოვან რეკომენდაციებს შორის იყო, რომელიც ეხებოდა სასამართლოს. შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ, რომ სესიის შემდეგომ დღეებში ეს ცვლილებები მივიღოთ და ამით კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ სასამართლოს დამოუკიდებლობა, პროცესი უფრო გამჭვირვალე და სამართლიანი გავხადოთ", - აღნიშნა თალაკვაძემ.

კანონპროექტი ძალაში შევა პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით მიღების, პრეზიდენტის ხელმოწერის და „საკანონმდებლო მაცნის“ ვებგვერდზე გამოქვეყნების შემდეგ.

თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (152)

მთავარი თემები