08:19 12 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6272
  • 100 RUB4.2244
  • USD3.0747
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
741 0 0

მკვლელობაში ბრალდებულია რუსეთის მოქალაქე. ამის გამო გერმანიასა და რუსეთს შორის დიპლომატიური სკანდალი აგორდა

თბილისი, 27 იანვარი - Sputnik. საქართველო თანამშრომლობს გერმანიასთან ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

ჩეჩნეთის პრეზიდენტის მეგობარი იზოლატორიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს >>

საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებები გამოძიების დასრულების შემდეგ იქნება მიღებული.

„ჩვენი სამართალდამცავი სისტემა მჭიდროდ თანამშრომლობს გერმანელებთან ამ საქმის გახსნაში... დაველოდებით გამოძიების საბოლოო შედეგებს. გამოძიების საბოლოო შედეგებიდან გამომდინარე მივიღებთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. ამ საქმის გახსნაში პირდაპირაც ჩართულები ვართ. ეს საქმე რომ გაიხსნება, ნახავთ, გერმანელები რა განცხადებას გააკეთებენ და ჩვენ რა განცხადებას გავაკეთებთ. ნუ გარბიხართ ამაზე წინ, რა“, - განაცხადა გახარიამ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, ოპოზიციონერი დეპუტატის, გიორგი კანდელაკის კითხვაზე საპასუხოდ.

ადრე გერმანიის გენერალურ პროკურატურაში განაცხადეს, რომ ბერლინის სასამართლოს გადაუგზავნეს რუსეთის მოქალაქის საქმე, რომელიც 2019 წლის აგვისტოში საქართველოს მოქალაქის მკვლელობაშია ბრალდებული, იუწყება РИА Новости.

გერმანული გამოძიების ვერსიით, რუსეთის მოქალაქემ „რუსეთის ფედერაციის მთავრობის სახელმწიფო უწყებებისგან“ 2016 წლიდან ლტოლვილის სტატუსით მცხოვრები საქართველოს მოქალაქის ლიკვიდაციის დავალება მიიღო. მოკლული მეთაურობდა „ჩეჩნურ მილიციას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში“, ნათქვამია განცხადებაში. როგორც გენერალური პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, მოკლული საქართველოს მოქალაქე „რუსეთის უწყებებმა მიაკუთვნეს... ტერორისტებს და ტერორისტული დაჯგუფების „კავკასიური ემირატი“ წევრობაში დაადანაშაულეს (აკრძალულია რუსეთის ფედერაციაში - რედ.)“.

გერმანელი გამომძიებლების ვერსიით, დავალების შესასრულებლად გასული წლის 17 აგვისტოს რუსეთის მოქალაქე მოსკოვიდან პარიზში გაემგზავრა, 20 აგვისტოს კი - პარიზიდან ვარშავაში. 22 აგვისტოს დილით მან ვარშავა დატოვა და ჯერჯერობით დაუდგენელი გზით ბერლინში ჩავიდა, ამტკიცებს გამოძიება.

მისი მონაცემებით, შენგენის ზონაში შესვლისთვის მან გამოიყენა ვადიმ სოკოლოვის სახელზე გაცემული დოკუმენტები. პასპორტი 2019 წლის 18 ივლისს ქალაქ ბრიანსკის მიგრაციული სამსახურის მიერ არის გაცემული, 30 ივლისს მოსკოვში მდებარე საფრანგეთის საკონსულოს მიერ ამ პასპორტზე გაიცა ვიზა. გამოძიების მონაცემებით, ვადიმ სოკოლოვმა, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა, ტირგარტენის პარკში ხანგოშვილს Glock 26-ის მარკის მაყუჩიანი პისტოლეტიდან ესროლა. ხანგოშვილი ადგილზე დაიღუპა. ბრალდებული მომხდართან ახლოს დააკავეს. 2019 წლის 24 აგვისტოდან ის წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

გასულ წელს გერმანიამ ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით ბერლინში რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ზელიმხან ხანგოშვილი იყო ტერაქტების ორგანიზატორი რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში საბრძოლო მოქმედებებში ბოევიკების მხარეზე იღებდა მონაწილეობას. ადრე რუსულმა მხარემ ხანგოშვილის გადაცემის საკითხი არაერთხელ დააყენა „სპეცდანიშნულების სამსახურების დონეზე“, თუმცა „ოფიციალური მოთხოვნა პროკურატურის მეშვეობით ნამდვილად არ ყოფილა, რადგან ეს ჩვენმა კომპეტენტურმა ორგანოებმა უაზრობად მიიჩნიეს“, ვინაიდან ფაქტობრივად „უარყოფითი პასუხი“ მიიღეს. როგორც რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, ხანგოშვილი მონაწილეობდა მოსკოვის მეტროში აფეთქებების ორგანიზებაშიც, და ეს არ არის მისი სისასტიკეების მთელი ჩამონათვალი.

პუტინი აღნიშნავდა, რომ ეს ადამიანი იძებნება და რუსეთმა გერმანიას არაერთხელ მიმართა მისი გადაცემის თხოვნით, მაგრამ უშედეგოდ. მისი თქმით, რუსეთი „გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ საქმეში გაირკვეს“ და გერმანელ კოლეგებს გამოძიებაში დაეხმარება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ზამთარში განაცხადა, რომ სიმართლეს არ შეესაბამება გერმანიის ხელისუფლების განცხადებები იმის შესახებ, რომ ხანგოშვილის მკვლელობის გამოძიების კუთხით რუსეთის უწყებები გერმანიას არასათანადოდ ეხმარებიან, „ამ საქმეზე 2019 წლის აგვისტოს ბოლოდან ხორციელდებოდა კონტაქტები საპარტნიორო არხებით, რომლებიც რუსეთისა და გერმანიის სპეცსამსახურებს შორის არის დამყარებული“.

მთავარი თემები