თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. სააკაშვილმა თავის Facebook-გვერდზე გამოთქვა მოსაზრება, რომ საქართველოს ოპოზიციური სპექტრი, რომელიც გაერთიანდა საპარლამენტო არჩევნების წინ, არჩევნებზე უნდა წავიდეს ერთიანი ბლოკით საერთო პარტიული სიით.
ამ წინადადებამ ოპოზიციურ პარტიებში უკიდურესად ნეგატიური რეაქცია გამოიწვია.
„ეს არარეალისტური განცხადებაა იმიტომ, რომ პოლიტიკურად შეუძლებელი იქნება ამის გაკეთება. ოპოზიცია ერთიანი უნდა იყოს გაყალბების, მოსყიდვისა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების წინააღმდეგ, მაგრამ ამავდროულად ოპოზიციის ძალა სწორედ მრავალფეროვნებაშია. ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის განწყობები და პოლიტიკური გემოვნება მრავალფეროვანია, ასე რომ, ოპოზიციამ ამომრჩეველს უნდა შესთავაზოს მრავალფეროვნება“, - განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანზორ ბიწაძემ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ რადიკალური პოლარიზაცია საქართველოს არ სჭირდება.
სააკაშვილის წინადადებით უკმაყოფილოა ასევე მისი ყოფილი თანამებრძოლი, ახლა კი „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია.
„პოლიტიკური ვითარების ორპოლუსიანად დახატვა აწყობს ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს („ქართულ ოცნებას“ - რედ.), ეს არის მათი ამოცანა და ის არ გამოხატავს რეალობას იმიტომ, რომ ოპოზიცია არის მრავალფეროვანი და ამომრჩევლის წარმოდგენებიც და პოზიციაც არის მრავალფეროვანი. ამიტომ არ უნდა შევუწყოთ ივანიშვილს ამ ამოცანაში ჩვენ ხელი“, - განაცხადა ბოკერიამ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ ოპოზიციას თუ იქნება ერთიანი, მხოლოდ და მხოლოდ ერთმანდატიან ოლქებში კანდიდატების საკითხში.
არ სჯერათ ოპოზიციის ერთიანი სიების არც მმართველ პარტიაში.
„არ ვიცი, შიგნით შეთანხმებას რამდენად მოახერხებენ, იმიტომ, რომ ბოლო დღეებიდან როგორც ირკვევა და მათ განცხადებებში ჩანს, აშკარად დაპირისპირებაა. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ, რას მოილაპარაკებენ“, - განაცხადა მმართველი პარტიის გენმდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
მმართველი პარტიის სხვა წევრმა, გიორგი კახიანმა აღნიშნა, რომ მისთვის სულერთია, როგორ შეთანხმდება ოპოზიცია, რადგან თავისი პარტიის გამარჯვებაში დარწმუნებულია,
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. მანამდე პარლამენტს მოუწევს კონსტიტუციის შეცვლა და საარჩევნო კოდექსის ხარვეზების გასწორება. ოფიციალურად წინასაარჩევნო კამპანია საპარლამენტო არჩევნებამდე 60 დღით ადრე აიღებს სტარტს, რის შემდეგაც პარტიებისა და ბლოკების ოფიციალური რეგისტრაციაც დაიწყება.