„ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრებმა ახალი პოლიტიკური პარტია შექმნეს

გამოწერა
დამფუძნებლების თქმით, ახალი პარტიის მიზანია ახალი ალტერნატიული ძალის შექმნა, რომელიც ადამიანების ინტერესებზე და ხალხის სამსახურზე იქნება ორიენტირებული

თბილისი, 7 ივნისი - Sputnik. საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წარმომადგენლებმა ახალი პოლიტიკური პარტია „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი“ დააარსეს.

პარტიის დამფუძნებლები გახდნენ მარიამ ჯაში, ბექა ნაცვლიშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე და ჯაბა ჯიშკარიანი.

ფრაქცია „დამოუკიდებელი დემოკრატები“ 2019 წლის ნოემბრის ბოლოს ჩამოყალიბდა. მასში შევიდა ექვსი დეპუტატი, რომლებმაც „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობა სხვადასხვა დროს დატოვეს.

საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზი - Sputnik საქართველო
მრავალფეროვნება პარლამენტში: დამოუკიდებელი დეპუტატები ახალ ფრაქციას ქმნიან

დეპუტატების ნაწილი „ქართული ოცნებიდან“ 2019 წლის დასაწყისში სასამართლო სკანდალის შემდეგ წავიდა, ჯაში - გასული წლის 14 ნოემბერს, საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის შემდეგ.

პარტიაში „ჩვენი საქართველო“ გენერალური მდივნის პოსტი დაიკავა მარიამ ჯაშმა, ხოლო თავმჯდომარედ ბექა ნაცვლიშვილი აირჩიეს.

როგორც მარიამ ჯაშმა პრეზენტაციის შემდეგ აღნიშნა, პარტია თავის წინასაარჩევნო პროგრამას ამომრჩევლებს 1 აგვისტოს წარუდგენს.

„დღეს მხოლოდ პირველი ნაბიჯი გადადგა ახალმა პოლიტიკურმა პარტიამ. ჯერ წინ გვაქვს უამრავი პროცედურები, თუმცა გაფართოებული გუნდით საზოგადოების წინაშე ჩვენ წარდგებით 10 ივლისის პერიოდიდან. პირველ აგვისტომდე ვგეგმავთ საარჩევნო პროგრამის დასრულებას, რომელიც იქნება უაღრესად შინაარსზე ორიენტირებული, კონკრეტულ ნაბიჯებზე და ჩვენ ვემზადებით 2020 წლის არჩევნებისთვის“, - განაცხადა ჯაში.

მისი თქმით, თანამშრომლობა როგორც მმართველ პარტიასთან, ისე გაერთიანებულ ოპოზიციასთან კატეგორიულად გამორიცხულია. ჯაშმა განმარტა, რომ მათი მიზანია - ახალი ალტერნატიული ძალის შექმნა, რომელიც ადამიანების ინტერესებზე იქნება ორიენტირებული და მათ მოემსახურება.

საარჩევნო ყუთი - Sputnik საქართველო
არჩევნები პანდემიის დროს: შეძლებს თუ არა კენჭისყრაში მონაწილეობას სიცხიანი ამომრჩეველი

„ვეცდებით, პარტიაში გავაერთიანოთ როგორც პროფესიონალიზმით, ასევე საზოგადოებრივი ნდობით გამორჩეული პოლიტიკოსები, საზოგადოების სამეცნიერო წარმომადგენლები. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო ახალ ალტერნატივას შევთავაზებთ საზოგადოებას“, – აცხადებს მარიამ ჯაში.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება შერეული სისტემით - დეპუტატობის კანდიდატების ნაწილს ირჩევენ პარტიული სიებით, ნაწილს - ერთმანდატიან ოლქებში. ამჟამად სულ 73 ოლქია, თუმცა ახლა პარლამენტი განიხილავს 30-მდე მათი შემცირების შესაძლებლობას.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0