08:44 19 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1010
  • 100 RUB4.4902
  • USD2.8631
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
93 0 0

საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის შესაძლო ჩამოსვლასთან დაკავშირებით.

თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. საქართველო, როგორც ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, თბილისში ღონისძიების ჩატარებასთან დაკავშირებულ ყველა ვალდებულებას შეასრულებს, მაგრამ რუსული დელეგაციის შემადგენლობაზე საუბარი ჯერ კიდევ ნაადრევია, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ.

ევროპის საბჭოს მინისტერიალი საქართველოს დედაქალაქში 14-15 მაისს ჩატარდება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ რუსეთის დელეგაცია თბილისში ჩამოვა, მაგრამ რა შემადგენლობით, ჯერჯერობით უცნობია. სიტუაციას თბილისში მინისტრთა კომიტეტის სხდომის ჩატარების გამო შესაძლო გართულებასთან დაკავშირებით მან „ხელოვნური პრობლემა“ უწოდა.

„მოგეხსენებათ, საქართველო არის ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა და, შესაბამისად, ვმოქმედებთ და ვიმოქმედებთ ევროსაბჭოს წესდების შესაბამისად. ამასთან დაკავშირებით მუდმივად ვართ კონსულტაციების რეჟიმში როგორც პარტნიორებთან, ასევე ევროსაბჭოსა და მის სამდივნოსთან. ვინ მიიღებს მონაწილეობას რუსეთიდან, ახლა ნაადრევია ამაზე საუბარი“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

საქართველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ყველაფერი დამოკიდებულია რუსეთის დელეგაციის შემადგენლობაზე და თუ მისი წევრების მიერ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სტუმრობის გამო პრობლემები შეიქმნება, გამოსავალი მაინც მოიძებნება.

„თუ ეს დელეგაცია დაკომპლექტება იმ ადამიანებით, რომლებსაც ეს კანონი არ დაურღვევიათ, არანაირი პრობლემა არ შეიქმნება. თუკი ასეთი პრობლემა დადგება, ამას წინასწარ განვიხილავთ და, ვფიქრობ, გამოსავალს მოვძებნით“, – განაცხადა აბაშიძემ.

მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებას საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მიიღებს.

„ერთი მხრივ, ვაპირებთ, კანონი არ დავარღვიოთ და, მეორე მხრივ, ჩვენი ეროვნული ინტერესი გვერდზე არ გადავდოთ, ასევე საერთაშორისო პარტნიორების ყველა რჩევა გავითვალისწინოთ. ამ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად არ მივიღებთ, ყველა ინტერესს თანაბარი პასუხისმგებლობით მოვეკიდებით“, – განაცხადა მდინარაძემ.

კარასინი: საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენაზე საუბარი არ მიდის >>

მანამდე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ თბილისი მზად არის უმასპინძლოს რუსულ დელეგაციას და „ამ ღონისძიებისთვის საქართველო აპირებს გვერდი აუაროს საკუთარ ეროვნულ კანონმდებლობას“.

„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონის შესაბამისად, აკრძალულია აფხაზეთში ან ცხინვალის რეგიონში ნებისმიერი კომერციული საქმიანობა ან იქ შესვლა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ნებართვის გარეშე. აღნიშნული დარღვევა ისჯება სოლიდური ჯარიმით ან ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთით.

ამასობაში ოპოზიციამ უკვე დააანონსა საპროტესტო აქციები, თუ რუსული დელეგაციის შემადგენლობაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აღმოჩნდება.

„ლავროვთან ან რუსეთის ხელისუფლებასთან დიალოგში პრობლემას ვერ ვხედავთ, მაგრამ ლავროვის საქართველოში ჩამოსვლა მიუღებელია. თუ მინისტერიალი საქართველოში გაიმართება და რუსული დელეგაცია ჩამოვა, ამას ჩვენი მხრიდან მწვავე პროტესტი მოჰყვება", – აღნიშნა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

ამასთან, ბაქრაძე გამოვიდა ინიციატივით – მინისტერიალი სტრასბურგში ჩატარდეს.

„ყველაფერი მისაღებია, გარდა ომისა" – საქართველოს პრემიერი >>

პოლიტოლოგმა არჩილ სიხარულიძემ ოპოზიციის მსგავს განცხადებებს არასერიოზული უწოდა.

„საქართველო თავმჯდომარე ქვეყანაა და ჩვენ ვალდებული ვართ ყველა დელეგაცია მივიღოთ. ეს არის ვალდებულება, რომელიც უნდა შევასრულოთ. დაუშვებელია, რომ შეხვედრა არ შედგეს. წინადადება მინისტერიალის სტრასბურგში გადატანასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა“, – განაცხადა სიხარულიძემ „Sputnik-საქართველოსთან“ ინტერვიუში.

მან ოპოზიციის განცხადებები შიდაპოლიტიკური ბრძოლის გამოვლინებად შეაფასა. „თქვენ იცით, ახლა ჩვენთან ყველაფერი ექვემდებარება მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს...“ – ხაზგასმით აღნიშნა სიხარულიძემ.

საქართველო 2019 წლის დეკემბერში ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა და პირველად უმასპინძლებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომას, რომელიც ორგანიზაციის ხელმძღვანელი ორგანოა და წელიწადში ერთხელ იკრიბება.

მთავარი თემები