განხეთქილება ოპოზიციის რიგებში: „გირჩმა" „ნაცმოძრაობასთან" დიალოგზე უარი განაცხადა

© Sputnik / Alexander Imedashviliზურაბ ჯაფარიძე
ზურაბ ჯაფარიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„გირჩის" ლიდერი იმან აღაშფოთა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივა თავის პარტიას მიაწერა.

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. გაერთიანებული ოპოზიციის რიგებში განხეთქილება შეიმჩნევა – ოპოზიციური პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი" უარს ამბობს მიიღოს მონაწილეობა კონსულტაციებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერ გრიგოლ ვაშაძესთან ერთად.

საქართველოს დაახლოებით 30 ოპოზიციური პარტია 2019 წლის ნოემბერში გაერთიანდა, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ახალ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კონსტიტუციაში შესწორებები ჩააგდო. დეკემბრის ბოლომდე ისინი ერთობლივად მართავდნენ საპროტესტო აქციებს, ასევე კონსულტაციებს მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოსთან" საპარლამენტო არჩევნების თემაზე.

ოპოზიცია კვლავ ქუჩაში გამოდის: თბილისში პიკეტირება 4 თებერვლიდან განახლდება>>

საპროტესტო აქციების განახლებამდე ცოტა ხნით ადრე „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში განაცხადა, რომ არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივა მის პარტიას ეკუთვნის, რამაც „გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აღაშფოთა.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კალაძე: პოლიტიკური სპექტრი არ არის მზად, რომ ქვეყანაში პროპორციული არჩევნები ჩატარდეს

„ჩვენ არაფერზე დაველაპარაკებით გრიგოლ ვაშაძეს, მათ შორის ოპოზიციის ერთიანი საკონსულტაციო ფორმატის იმ შეხვედრებში, სადაც ეს ადამიანი იქნება „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი", – დაწერა ჯაფარიძემ თავის "ფეისბუქ"-გვერდზე.

მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს პარლამენტში 73 მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ ერთმანდატიან ოლქებში, ხოლო 77-ს – პარტიული სიებით.

2019 წლის ზაფხულში „ქართული ოცნება" გამოვიდა ინიციატივით, რომ საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით უკვე 2020 წელს ჩატარებულიყო. მაგრამ ნოემბერში მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილის პროტესტის გამო კონსტიტუციაში შესწორებები ჩავარდა. ამან ოპოზიციის სერიოზული პროტესტი გამოიწვია. საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლის შედეგად „ქართული ოცნება" და ოპოზიცია მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდნენ.

როგორ აფასებს ოპოზიცია „ქართული ოცნების" წინადადებას>>

დეკემბერში მმართველმა პარტიამ გარკვეული დათმობის სახით გამოთქვა მზადყოფნა, რომ განიხილოს 150-დან 73 მაჟორიტარი დეპუტატის მრავალმანდატიან ოლქებში არჩევის მიზანშეწონილობა, ასევე მაჟორიტარების რაოდენობის 73-დან 50-მდე შემცირება.

ოპოზიცია კი არჩევნების ე.წ. გერმანული მოდელით ჩატარების წინადადებით გამოდის.

ამ ეტაპზე მხარეები არ შეთანხმებულან და კონსულტაციები ამ თემაზე გრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0