თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. არსებული საარჩევნო სისტემა იდეალურია სტაბილური ქვეყნისთვის, განაცხადა თბილისის მერმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა".
„მოემზადეთ არჩევნებისთვის" – წულუკიანმა მომიტინგეებს მიმართა>>
საქართველოში არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2024 წლიდან იგეგმება. ეს უკვე ჩაწერილია კონსტიტუციის ახალ რედაქციაში, თუმცა ოპოზიცია არჩევნების ამ სისტემით ჩატარებას უკვე წელს მოითხოვს.
„მიმაჩნია, რომ ქვეყნის სტაბილურობისთვის არსებული სისტემა, ან შეთავაზებული სისტემა 100/50-ზე არის იდეალური. ვფიქრობ, 2024-შიც უნდა განხორციელდეს ცვლილებები. დღეს ჩვენი პოლიტიკური სპექტრი არ არის მზად, რომ ქვეყანაში პროპორციული არჩევნები ჩატარდეს", – განაცხადა კალაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, როგორი იქნება საზოგადოების რეაქცია იმ შემთხვევაში, თუ დანაპირები პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით არ შესრულდება, კალაძემ უპასუხა, რომ ქვეყანაში უფრო მნიშვნელოვანი გამოწვევებია და საზოგადოებას უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები აღელვებს.
„იმ ადამიანებს, ვისი განაწყენებაც გამოიწვია ამ გადაწყვეტილებამ, რა თქმა უნდა, ექნებათ შესაძლებლობა, არჩევნებზე მივიდნენ და პარტია "ქართული ოცნების" მიმართ თავიანთი განაწყენება დააფიქსირონ", – განაცხადა კალაძემ.
მან აღნიშნა, რომ თავდაპირველად მხარს უჭერდა საარჩევნო სისტემის შეცვლას და პროპორციულ სისტემაზე გადასვლას.
„მე ვიყავი ერთ-ერთი მხარდამჭერი, ვინც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ემხრობოდა, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან, ჩემი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, არ ვემხრობი პროპორციულ სისტემას", – აღნიშნა კალაძემ.
მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს პარლამენტში 73 დეპუტატს აირჩევენ ერთმანდატიან ოლქებში, ხოლო 77-ს – პარტიული სიებით.
2019 წლის ზაფხულში „ქართული ოცნება" გამოვიდა წინადადებით, რომ საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით უკვე 2020 წელს ჩატარებულიყო, მაგრამ ნოემბერში მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილის პროტესტის გამო შესწორებები კონსტიტუციაში ჩავარდა. ამან ოპოზიციის სერიოზული პროტესტი გამოიწვია. საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლის შედეგად „ქართული ოცნება" და ოპოზიცია მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდნენ.
დეკემბერში მმართველმა პარტიამ გარკვეული დათმობის სახით გამოთქვა მზადყოფნა, რომ განიხილოს 150-დან 73 მაჟორიტარი დეპუტატის მრავალმანდატიან ოლქებში არჩევის მიზანშეწონილობა, ასევე მაჟორიტარების რაოდენობის 73-დან 50-მდე შემცირება.
ახალი კომპრომისი: არჩევნებთან დაკავშირებით „ქართული ოცნება" დათმობაზე მიდის>>
ოპოზიცია კი არჩევნების ე.წ. გერმანული მოდელით ჩატარების წინადადებით გამოდის.
ამ ეტაპზე მხარეები არ შეთანხმებულან და კონსულტაციები ამ თემაზე გრძელდება.