თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პროტესტის თბილისიდან რეგიონებში გადატანის გადაწყვეტილება მიიღეს. პარასკევს ისინი მსვლელობას მოაწყობენ ქუთაისში. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განუცხადა.
საპროტესტო აქციები თბილისში 14 ნოემბრიდან არ წყდება, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ვერ მიიღო ხელისუფლების მიერ დაპირებული შესწორებები კონსტიტუციაში, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას უკვე 2020 წლისთვის ითვალისწინებდა.
ოპოზიცია და ხელისუფლება ვერ შეთანხმდნენ - რა მოხდება მომავალში>>
„რეგიონებში იწყება აქციები. დაიწყება ქუთაისიდან პარასკევს და, სავარაუდოდ, 2 საათზე გვექნება დიდი მსვლელობა–აქცია ქუთაისში", – განაცხადა ვაშაძემ.
ქუთაისში ერთ კვირაში უკვე მეორედ გაიმართა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მომხრეების აქცია. მათ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისს კვერცხები და ცოცხები დაუშინეს.
ამავდროულად ოპოზიცია აქციის მოწყობას თბილისშიც გეგმავს.
„ველოდებით მოსამართლეებთან დაკავშირებით კომიტეტს და იქნება პიკეტირება", – განაცხადა ვაშაძემ.
ამასთან, უახლოეს მომავალში ოპოზიცია და უმრავლესობა, სავარაუდოდ, კვლავ მიუსხდებიან მოლაპარაკებების მაგიდას.
საქმე ისაა, რომ კომპრომისის სახით ოპოზიციამ შესთავაზა მმართველ გუნდს ე.წ. გერმანული მოდელი, რომლის მიხედვითაც მაჟორიტარული არჩევნები შენარჩუნებული იქნება, მაგრამ ისინი არა ერთმანდატიან, არამედ მრავალმანდატიან ოლქებში ჩატარდება. ამასთან პარტია პარლამენტში მიიღებს იმდენ ადგილს, რამდენიც მას პროპორციული არჩევნების შედეგებით ერგება.
ირმა ინაშვილი: ჩვენ ვართ მთავარი ოპოზიციური ძალა საქართველოში>>
მოქმედი კონსტიტუციით, 77 მანდატი ნაწილდება პარტიებს შორის, ხოლო 73 – კონკრეტულ კანდიდატებს შორის, რომლებმაც თავის ერთმანდატიან ოლქში ხმების ნახევარზე მეტი მოაგროვეს.
ოპოზიცია თავისი პროექტის ეუთოში გაგზავნას აპირებს, რათა ორგანიზაციამ ამ დოკუმენტზე მოამზადოს დასკვნა – შეესაბამება თუ არა ის საქართველოს კონსტიტუციას. ოპოზიციაში დარწმუნებული არიან, რომ პასუხი დადებითი იქნება და ფართომასშტაბიანი აქციების დაწყებას გეგმავს.