01:34 07 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4477
  • 100 RUB4.2454
  • USD3.0532
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობები (43)
129 0 0

საქართველოსა და საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრების განხილვის მთავარი თემა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში თანამშრომლობა იყო.

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა, ამიტომ ამ ქვეყნის მოქალაქეებს საფრანგეთში თავშესაფრის მიღება ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეუძლიათ, განაცხადა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა კრისტოფ კასტანერმა თავის ქართველ კოლეგა ვახტანგ გომელაურთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

შს მინისტრის მოადგილე: ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი ძალაშია, მაგრამ საჭიროა სიფრთხილე>>

საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარ მოქალაქეებს არაერთხელ მოუწოდა, რომ ბოროტად არ ისარგებლონ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით, რადგან ეს საფრთხის ქვეშ დააყენებს მიღწეულ შეთანხმებას. უვიზო რეჟიმი საქართველოსა და შენგენის ზონის ქვეყნებს შორის 2017 წლის მარტიდან ამოქმედდა.

„მე მინდა ვუთხრა ყველა იმ ქართველს, ვინც აპირებს, რომ საფრანგეთში ჩამოვიდეს თავშესაფრის მიღების მიზნით, რომ ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში ვიქნებით ძალიან მკაცრები და შევთავაზებთ თავშესაფარს მხოლოდ მათ, ვინც ამას ნამდვილად იმსახურებს", – განაცხადა კასტანერმა.

მისი თქმით, 2019 წლის დასაწყისში საქართველოს მოქალაქეები საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით პირველ ადგილზე იყვნენ.

„ეს იყო ანომალია, რადგან საქართველო საფრანგეთის მიერ აღიარებულია უსაფრთხო ქვეყნად და ვიცით, რომ საქართველო არის თანამედროვე და განვითარებადი ქვეყანა, რომელიც ხარისხიან სერვისს სთავაზობს ხელმისაწვდომ ფასად და ხანდახან უფასოდ თავის მოქალაქეებს, დაახლოებით იგივე ვალდებულებებით, როგორც ეს საფრანგეთშია", – განაცხადა კასტანერმა.

მისი თქმით, თავშესაფრის მიღებასთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეთა განაცხადების 97% არ დაკმაყოფილდა.

„საქართველოში ჩემი ვიზიტის შემდეგ, არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, ბოლო თვეების განმავლობაში ფიქსირდება თავშესაფრის მაძიებელთა მნიშვნელოვანი კლება, დაახლოებით 50%-ით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ ეს რაც შეიძლება მაღალ დონეზე", – აღნიშნა კასტანერმა.

კასტანერის განცხადებით, გამოწვევების მიუხედავად, რაც მიგრაციის სფეროში არსებობს, ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული შეთანხმება უვიზო მიმოსვლის შესახებ რისკის ქვეშ არ დადგება. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ უპრეცედენტოდ გაიზარდა საქართველოს მიმართულებით მომუშავე კადრების რაოდენობა საკონსულოში.

კასტანერმა ასევე ისაუბრა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაგრძელების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მიესალმება საფრანგეთში სამი ქართველი ოფიცრის ყოფნას, რომელთა რაოდენობის გაზრდაც ხუთამდე იგეგმება, რათა უკანონო მიგრაცია შემცირდეს. ქართველი ოფიცრები სექტემბრიდან საფრანგეთის ჟანდარმერიის, ეროვნული პოლიციისა და სასაზღვრო პოლიციის განყოფილებებში მუშაობდნენ.

შვეიცარია საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანს>>

„ვთანამშრომლობთ როგორც მიგრაციის, ასევე ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით, რაც დღეს საფრანგეთის მიმართულებით მნიშვნელოვანია... ჩვენ მზად ვართ საფრანგეთთან თანამშრომლობისთვის და, დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალებით მივაღწევთ იმას, რომ ეს ციფრები, რა თქმა უნდა, დაიკლებს", – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

საქართველოს ხელისუფლებამ არალეგალური მიგრაციის აღკვეთის მიზნით გარკვეული ზომები უკვე მიიღო – უვიზო რეჟიმის მოთხოვნების დამრღვევების მიმართ კანონმდებლობა გაამკაცრა. ამიერიდან ადამიანის რეადმისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი თვითონ მას ეკისრება. ასევე გამკაცრდა გვარის გამოცვლის პროცედურები, რაც ხშირად სწორედ ამ პროცესთან იყო დაკავშირებული.

გარდა ამისა, სხვა ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების უკანონო ყოფნის ხელშეწყობა ფინანსური ან მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება გახდა.

თემები:
საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობები (43)

მთავარი თემები