გერმანიაში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 20%-ით შემცირდა

© Sputnik / STRINGERბერლინი
ბერლინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ივლისში საქართველოდან გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი 182 იყო.

თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. საქართველოდან გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი 20%-ით შემცირდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალურ სამსახურზე დაყრდნობით.

საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტების უვიზოდ განხორციელების უფლება 2017 წლის მარტიდან აქვთ. ევროკავშირის ქვეყნებში სამუშაო და სასწავლო მიზნით გამგზავრებისათვის ისევ საჭიროა ვიზის აღება. უვიზო რეჟიმის უსიამოვნო შედეგი გახდა ის, რომ ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი გაიზარდა. ამასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატეს გერმანიამ, საფრანგეთმა, შვედეთმა, ისლანდიამ და საქართველოს ხელისუფლებას ქმედითი ზომების მიღებისკენ მოუწოდეს.

შს მინისტრის მოადგილე: ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი ძალაშია, მაგრამ საჭიროა სიფრთხილე>>>

გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში თავშესაფრის მიღების თხოვნით 2 111 განაცხადი შევიდა, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 2 640-ს შეადგენდა.

ამასთან, ფიქსირდებოდა საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის კლების დინამიკა თვეების მიხედვით. თუ 2019 წლის იანვარში თავშესაფრის მიღების მსურველთა რაოდენობა 534-ს შეადგენდა, ივლისში მათი რიცხვი 182-მდე შემცირდა.

თბილისის აეროპორტში - Sputnik საქართველო
NO! ანუ უსაფრთხო ქვეყნიდან ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა პერსპექტივა...

2018 წელს საქართველოდან გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი 4 265 იყო, რაც 23%-ით მეტია 2017 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

საქართველოს ხელისუფლებამ არალეგალური მიგრაციის აღკვეთის მიზნით გარკვეული ზომები უკვე მიიღო. უვიზო რეჟიმის მოთხოვნების დამრღვევების მიმართ კანონმდებლობა გაამკაცრა. ამიერიდან ადამიანის რეადმისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი თვითონ მას ეკისრება. ასევე გამკაცრდა გვარის გამოცვლის პროცედურები, რაც ხშირად სწორედ ამ პროცესთან იყო დაკავშირებული.

გარდა ამისა, სხვა ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების უკანონო ყოფნის ხელშეწყობა ფინანსური ან მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება გახდა.

ევროკავშირის 14-მა ქვეყანამ საქართველო უსაფრთხო ქვეყანათა სიაში შეიტანა. ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს სლოვენიამ, კვიპროსმა, ბულგარეთმა, საფრანგეთმა, ლიხტენშტეინმა, ავსტრიამ, ბელგიამ, ნიდერლანდებმა, ისლანდიამ, ლუქსემბურგმა, ირლანდიამ, ესტონეთმა, ჩეხეთმა და დანიამ. ამ ქვეყნების რიცხვში ასევე შედის ისრაელი. აღნიშნულ ქვეყნებში თავშესაფრის მიღების შანსი საქართველოს მოქალაქეებისთვის უმცირესია.

საქართველოს მოქალაქეებმა 2018 წელს ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების შესახებ თითქმის 18 ათასი განცხადება შეიტანეს (რაც საერთო რაოდენობის 3%-ს შეადგენს) და თავშესაფრის მაძიებელთა ათეულში მოხვდნენ, ნათქვამია ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის "ევროსტატის" განცხადებაში.

ყველა ახალი ამბავი
0