თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. დეპუტატები, რომლებმაც საქართველოს მმართველი პარტიის დატოვება საარჩევნო რეფორმის ჩაგდების გამო გადაწყვიტეს, საპარლამენტო ფრაქციის შექმნას არ გამორიცხავენ.
დეპუტატების ჯგუფმა „ქართული ოცნება" ოფიციალურად დატოვა >>
14 ნოემბრის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შესახებ განცხადება 12-მა დეპუტატმა გააკეთა. პარლამენტის ბიურომ ვიცე-სპიკერების თამარ ჩუგოშვილისა და ზვიად ძიძიგურის, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავას, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი ცქიტიშვილისა და დეპუტატ გიორგი ბეგაძის შესაბამისი განცხადებები ცნობად უკვე მიიღო. ოთხმა მათგანმა პარლამენტში მაღალი თანამდებობები დატოვა.
„ჩვენ არ ვფიქრობთ არანაირი პარტიის შექმნაზე... ამისათვის არც რესურსი გაგვაჩნია და ვერც კიდევ ერთი პარტიის შექმნის საჭიროებას ვხედავთ. პირიქით, მგონია, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი პარტიაა. ფრაქციის შექმნასთან დაკავშირებით, ერთადერთი, ვისთანაც მოლაპარაკებები გვაქვს, არიან ის ადამიანები, რომლებმაც კენჭისყრის შედეგებიდან გამომდინარე უმრავლესობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს... ვფიქრობ, პარლამენტის წევრები საკმარისი რაოდენობით მოვგროვდებით, რომლებსაც სურვილი ექნებათ ფრაქციის შექმნის“, – განაცხადა ჩუგოშვილმა TV Pirveli-ს ეთერში.
თუმცაღა, მან არ დაასახელა იმ დეპუტატების გვარები, რომლებიც მასთან ერთად ფრაქციაში შეიძლება გაერთიანდნენ. მისი თქმით, ჯერჯერობით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
დეპუტატებმა საპარლამენტო უმრავლესობის დატოვება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე შერეული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულზე გადასვლის შესახებ „ქართული ოცნების" დაპირება ჩავარდა. ოპოზიციამ ხელისუფლება ტყუილში დაადანაშაულა და საპროტესტო აქციების გამართვა დაიწყო. „ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატებმა თავიანთი გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ მომხდარის გამო პასუხისმგებლობის აღება არ სურთ. ყველა მათგანი საარჩევნო რეფორმას უჭერდა მხარს.
ბურჯანაძე აცხადებს, რომ მიმდინარე საპროტესტო აქციებში „მოსკოვის ხელი" არ ურევია >>
საკონსტიტუციო ცვლილებები იმის გამო ჩავარდა, რომ მმართველი პარტიის ბევრი მაჟორიტარი დეპუტატი ამის წინააღმდეგი წავიდა. მათ განაცხადეს, რომ რეგიონების მცხოვრებთ პარლამენტში მათი ინტერესების წარმომადგენლები სჭირდებათ, ხოლო ერთი წლის განმავლობაში ადგილობრივი ხელისუფლების გაძლიერება ვერაფრით მოხერხდება, ამიტომ მაჟორიტარი დეპუტატების არარსებობის პირობებში ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციის რისკი არსებობს.
თორმეტი დეპუტატის ოფიციალურად წასვლის შემდეგ „ქართულ ოცნებას“ 150-დან 92 მანდატი რჩება.