თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საპარლამენტო უმრავლესობა ოფიციალურად დატოვა ხუთმა დეპუტატმა – თამარ ჩუგოშვილმა, ზვიად ძიძიგურმა, თამარ ხულორდავამ, დიმიტრი ცქიტიშვილმა და გიორგი ბეგაძემ.
უმეტესობა მათგანს პარლამენტში მაღალი თანამდებობები ეკავა, რომლებიც, შესაბამისად, ასევე დატოვეს. ჩუგოშვილმა და ძიძიგურმა დატოვეს ვიცე-სპიკერის პოსტები, ხულორდავამ – ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ცქიტიშვილმა კი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა. პარლამენტის ბიურომ შესაბამისი განცხადებები ცნობად უკვე მიიღო.
ეს დეპუტატები იმ 12 დეპუტატის რიგში არიან, რომლებმაც საპარლამენტო უმრავლესობის დატოვება 14 ნოემბერს გადაწყვიტეს, მას შემდეგ, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე შერეული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულზე გადასვლის შესახებ „ქართული ოცნების" დაპირება ჩავარდა. ოპოზიციამ ხელისუფლება ტყუილში დაადანაშაულა და საპროტესტო აქციების გამართვა დაიწყო.
„ჩვენი მეგობრები, თანამებრძოლები, რომლებმაც აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს კენჭისყრის შემდეგ, ჩვენი მხრიდან პატივისცემას იმსახურებენ. მათ ბევრი გააკეთეს, ბოლო წლების განმავლობაში დიდი ძალისხმევა ჩადეს იმ მიმართულებით, რასაც ხელმძღვანელობდნენ. ჩვენ მართლა გვწყდება გული, რომ მათ უმრავლესობა დატოვეს", – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.
მან უმრავლესობის ლიდერებს გამოთავისუფლებულ ადგილებზე კანდიდატების შესახებ პოლიტიკური კონსულტაციების გამართვისკენ მოუწოდა.
რაც შეეხება დანარჩენ დეპუტატებს, რომლებმაც უმრავლესობის დატოვების შესახებ განაცხადეს, ესენი არიან ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირინა ფრუიძე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზაზა ხუციშვილი, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, ფრაქცია „კონსერვატორების“ თავმჯდომარე გიგა ბუკია, ასევე დეპუტატები გიორგი მოსიძე და ნინო გოგუაძე.
მათი სამომავლო გეგმების შესახებ ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
კიდევ ერთმა დეპუტატმა – საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ გადაწყვიტა საერთოდ უარი თქვას სადეპუტატო მანდატზე. ქაცარავა პარლამენტში „ქართული ოცნების" პარტიული სიით მოხვდა, შესაბამისად, მმართველი პარტია ახლო მომავალში მის შემცვლელს წარმოადგენს – ქაცარავას ადგილი შეიძლება ბენო ქაშაკაშვილმა დაიკავოს.
აღნიშნული დეპუტატების მიერ უმრავლესობის დატოვების შემდეგ „ქართულ ოცნებას" 150 დეპუტატიდან 92 დარჩა.