თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. ქართული ოპოზიციის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ პარლამენტის წინ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას საგარეო პოლიტიკის საკითხებს არ შეეხებიან, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, პარტია „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ რუსულ გამოცემა „იზვესტიასთან" ინტერვიუში.
პიკეტები ყოველ ორშაბათს: ოპოზიციამ გეგმები გაახმოვანა>>
საპროტესტო აქციები თბილისში 14 ნოემბრის შემდეგ არ წყდება. ამ დღეს საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო შესწორებები ქვეყნის შერეული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ უკვე 2020 წლიდან. 17 ნოემბრიდან პარლამენტის შესასვლელებთან დადგეს კარვები და მმართველი პარტიის დეპუტატებს შენობაში არ უშვებდნენ.
„შევძელით მოგვეშორებინა პროტესტების სრულიად არასწორი მიმართულება, რა სახესაც ქართული მიტინგები იღებდა. აქ ვერ ნახავთ ვერც ერთ ანტირუსულ ან სხვა საგარეო პოლიტიკურ ლოზუნგს... ამ პროტესტებში ხომ არ არის არც მოსკოვის ხელი, არც ვაშინგტონის", – აღნიშნა ბურჯანაძემ.
მისი თქმით, საქართველოს ისტორიაში პირველად სხვადასხვა შეხედულების პოლიტიკური პარტიები, მათ შორის ისინიც, ვინც ერთმანეთს „ღიად მტრობდნენ", ქუჩაში ერთად გამოვიდნენ.
„ასეთი ცინიზმი და დამოკიდებულება ხალხის მიმართ საქართველოს არც ერთ ხელისუფლებას არ გამოუვლენია. ამ ცინიზმმა ადამიანები უკიდურესობამდე მიიყვანა. პირადად მე ამან ლამის გამაცოფა. ჩვენ ხომ დაგვპირდნენ, რომ რამდენიმე თვეში გაატარებდნენ რეფორმას, რომელიც არჩევნების ახალი სისტემით ორგანიზების საშუალებას იძლევა... გარწმუნებთ, ყველა ერთად ქუჩაში იმიტომ გავედით, რომ სამართლიანი არჩევნების გარანტია გვსურს. რომ ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, გადაწყვიტონ, ვისი ხილვა სურთ ნამდვილად ხელისუფლებაში", – განაცხადა ბურჯანაძემ.
მომიტინგეების დაშლის შემდეგ 18 ნოემბერს 20-ზე მეტი ოპოზიციური პარტია კონსულტაციისთვის შეიკრიბა, რათა შემდგომი მოქმედებები შეეთანხმებინა. გადაწყდა, რომ განაგრძონ საპროტესტო მოძრაობა, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.
საპროტესტო აქციების ორგანიზატორები მოითხოვენ მთავრობის გადადგომას და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. მოგვიანებით ოპოზიციამ დააზუსტა, რომ თანახმაა არჩევნების ე.წ. „გერმანულ მოდელზე", რომელსაც არ სჭირდება შესწორებები კონსტიტუციაში, თუმცა ხელისუფლება ამის საპირისპიროზე საუბრობს.
ეს მოდელი მაჟორიტარული არჩევნების შედეგების შეჯამებას პროპორციული სისტემის შედეგებით ითვალისწინებს. კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის 73 დეპუტატს მაჟორიტარულ ოლქებში ირჩევენ, 77-ს კი - პარტიული სიებით.