ანა დოლიძე: დავით-გარეჯი ვაქციოთ დაცულ ტერიტორიად

© Sputnik / STRINGERდავით-გარეჯი
დავით-გარეჯი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამონასტრო კომპლექსისთვის დაცული ტერიტორიის სტატუსის მინიჭება მომგებიანია როგორც საქართველოსთვის, ისე აზერბაიჯანისთვის, მიიჩნევს იურისტი

თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ანა დოლიძე სთავაზობს დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსი დაცულ ტერიტორიად აქციონ. კომპლექსი ქართულ-აზერბაიჯანული საზღვრის ერთ-ერთ შეუთანხმებელ მონაკვეთზე, გარეჯის ქედზე მდებარეობს.

საქართველოსა და აზერბაიჯანს 446 კილომეტრის სიგრძის საერთო სახელმწიფო საზღვარი აქვთ, რომლის მესამედი ჯერჯერობით არ არის დელიმიტირებული, მათ შორის დავით გარეჯი. ეს არის ქართული გამოქვაბული მონასტრების უნიკალური კომპლექსი, რომელიც 25 კილომეტრის სიგრძის ტერიტორიას იკავებს.

„ეს შეთავაზება დიდი ხანია დევს მაგიდაზე და შემუშავებულია საერთაშორისო მხარდაჭერით, მათ შორის მსოფლიო ბანკის და შემუშავებულია სასიქადულო მეცნიერების მიერ. ამ ეტაპზე გვინდა პოლიტიკურ დონეზე გავიტანოთ და დავდოთ მაგიდაზე, როგორც არსებული ვითარების მშვიდობიანი კი არა, სასარგებლოდ გადაწყვეტის შეთავაზება“, - განაცხადა ანა დოლიძემ ტელეარხ PalitraNews-ის ეთერში.

ამასთან მან აღნიშნა, რომ ეს შეთავაზება ახალი ველოსიპედის გამოგონება არ არის, ვინაიდან მსგავსი სტატუსი აქვს კანადასა და აშშ-ს საზღვართან მდებარე უოტერტონ-გლეიშერის მშვიდობის ეროვნულ პარკს. დოლიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საკითხი მოგვარდება შეთავაზებული ვარიანტის მიხედვით, ორივე მხარე ტერიტორიას ეკონომიკური და კულტურული კუთხით გამოიყენებს.

დავით-გარეჯი - Sputnik საქართველო
გახარიამ აზერბაიჯანში ვიზიტი შეაჯამა: დავით-გარეჯთან დაკავშირებით პირველი ნაბიჯი გადაიდგა

„ასეთი მაგალითები მსგავს დაძაბულ სამართლებრივად განუსაზღვრელ ტერიტორიებზე არსებობს. ვითარებას და ადგილს, რომელთან დაკავშირებით დაძაბულობაა, ვაქცევთ და ვიყენებთ საერთაშორისო კულტურული მემკვიდრეობის ადგილად და ეს ხდება ერთ-ერთი სერიოზული, გარემოსდაცვითი, ტურისტული და ეკონომიკური მიზიდულობის ცენტრი რეგიონში, ორივე მხარისთვის მომგებიანი“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

გასულ კვირაში პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე მიღწეულია შეთანხმება სასულიერო პირთათვის ქართული ტაძრებისკენ გზის გახსნის შესახებ. მიუხედავად ამისა, პარასკევს სამღვდელოება მხოლოდ აღდგომის ტაძარში იმყოფებოდა.

აღდგომის ტაძრის წინამძღვარმა განუცხადა ჟურნალისტებს, რომ მესაზღვრეები ჯერჯერობით ჩიჩხიტურისა და უდაბნოს მონასტრებში სასულიერო პირებს არ უშვებენ.

„სიტუაცია ძალიან გაფუჭებულია“ - საპატრიარქო დავით-გარეჯში არსებულ ვითარებას აფასებს >>

მრავალი წელი ეს ტერიტორია სტატუს-კვოს ინარჩუნებდა. სასულიერო წრე, მომლოცველები და ტურისტები დაუბრკოლებლად მიდიოდნენ უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრებთან, მაგრამ აპრილის ბოლოს ვითარება გამწვავდა. აზერბაიჯანის მხარემ პერიოდულად დაიწყო ქართული კულტურის ძეგლებთან მისასვლელი გზების გადაკეტვა, ქართველმა აქტივისტებმა კი – მიმდებარედ საპროტესტო აქციების გამართვა.

დავით-გარეჯი - Sputnik საქართველო
აზერბაიჯანმა დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან სასაზღვრო საგუშაგო დადგა

გასულ კვირაში აზერბაიჯანმა სადავო მონაკვეთზე, რომლის დემარკაციაც ამჟამად მიმდინარეობს, სასაზღვრო საგუშაგო დადგა. აზერბაიჯანელი ისტორიკოსები დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიას „ქეშიქჩიდაღს“ უწოდებენ. ისინი ცდილობენ დაამტკიცონ, თითქოს კომპლექსი ისტორიული კავკასიის ალბანეთის კუთვნილებაა.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში კლდეში ნაკვეთი 20–მდე მონასტერია გაერთიანებული. მთავარი მონასტერი წმინდა დავითის ლავრაა. კომპლექსის ტერიტორიაზე ზოგიერთ ეკლესიასა და სატრაპეზოში შემონახულია VIII-XIV საუკუნეებით დათარიღებული ფრესკები, რომლებზეც გამოსახული არიან ქართველი ისტორიული პირები, მათ შორის, თამარ მეფე.

ყველა ახალი ამბავი
0