გახარიამ აზერბაიჯანში ვიზიტი შეაჯამა: დავით-გარეჯთან დაკავშირებით პირველი ნაბიჯი გადაიდგა

© photo: Sputnikდავით-გარეჯი
დავით-გარეჯი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერის განცხადებით, პატრიოტიზმი არ გულისხმობს ფსევდოპატრიოტულ გამოხდომებს, გამოთქმებსა და დაუფიქრებელ ნაბიჯებს.

თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომა აზერბაიჯანში ვიზიტის შეფასებით დაიწყო, რომლის ფარგლებში დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებული საკითხიც განიხილეს.

დავით-გარეჯი - Sputnik საქართველო
ილია მეორე დავით-გარეჯში შექმნილი ვითარების გამო ხელისუფლებისგან ზომების მიღებას ითხოვს

გახარიამ პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ვიზიტი სწორედ აზერბაიჯანში განახორციელა. ბაქოში მან შეხვედრა ქვეყნის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან გამართა.

„ჩვენ გვქონდა აბსოლუტურად ღია საუბარი მიმდინარე პრობლემებზე და, როგორც შედეგი, შემიძლია გითხრათ, რომ ხვალიდან ქართული სამღვდელოებისთვის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება და, შესაბამისად, ნაბიჯ-ნაბიჯ ამ მიმართულებითაც უნდა გვქონდეს სერიოზული პროგრესი", – განაცხადა გახარიამ.

მისი სიტყვებით, საქართველომ და აზერბაიჯანმა ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით უნდა გადაჭრან საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთების საკითხი. ერთ-ერთ მონაკვეთზე მდებარეობს დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსი. ქედის სამხრეთ-დასავლეთ ფერდობზე, რომელსაც აზერბაიჯანი აკონტროლებს, კომპლექსის ნაწილი, კერძოდ, უდაბნოს და ჩიჩხიტურის ქართული მონასტრები მდებარეობს.

მრავალი წლები ამ ტერიტორიაზე სტატუს-კვო იყო შენარჩუნებული – სამღვდელოება, მომლოცველები და ტურისტები თავისუფლად მოილოცებდნენ უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრებში, თუმცა, აპრილის ბოლოს ვითარება დაიძაბა. აზერბაიჯანული მხარე პერიოდულად კრძალავდა ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე წვდომას, ქართველმა აქტივისტებმა კი, თავის მხრივ, არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს.

„ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ეს პრობლემა ორივე ქვეყნის ეროვნული ინტერესების, ეკლესიისა და ისტორიული მემკვიდრეობის გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს", – განაცხადა გახარიამ.

დავით გარეჯი - Sputnik საქართველო
ვითარება დავით-გარეჯის ირგვლივ: ბოლო ცნობები

ამასთან, პრემიერმა საქართველოს მოქალაქეებს მოქმედებისას და განცხადებების გაკეთებისას დიდი პასუხისმგებლობისა და სიფრთხილისკენ მოუწოდა.

„ყველა უნდა ხვდებოდეს, რომ სამშობლოს სიყვარული და პატრიოტიზმი არ გულისხმობს ფსევდოპატრიოტულ გამოხდომებს, გამოთქმებსა და დაუფიქრებელ ნაბიჯებს", – განაცხადა პრემიერმა.

საქართველოსა და აზერბაიჯანს 446 კილომეტრის სიგრძის საერთო სახელმწიფო საზღვარი აქვთ, რომლის მესამედი ჯერჯერობით არ არის დელიმიტირებული.

დავით–გარეჯის ისტორია VI საუკუნიდან იწყება, როდესაც 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთი დავითი გარეჯის გამოქვაბულში დასახლდა და იქ პირველი მონასტერი — დავითის ლავრა დააარსა. კომპლექსი 20-ზე მეტი მონასტრისგან შედგება. კომპლექსის ტერიტორიაზე მრავალ ეკლესიასა და სატრაპეზოში VIII—XIV საუკუნეებით დათარიღებული ფრესკები შემორჩა. ფრესკებზე გამოსახული არიან ისტორიული პირები, მათ შორის, თამარ მეფე.

ყველა ახალი ამბავი
0