თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეებს, პრაქტიკულად, შანსი არა აქვთ, რომ შვეიცარიაში თავშესაფარი მიიღონ, განაცხადა შვეიცარიის სახელმწიფო მდივანმა მიგრაციის საკითხებში მარიო გატიკერმა პრესკონფერენციაზე თბილისში.
შს მინისტრის მოადგილე: ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი ძალაშია, მაგრამ საჭიროა სიფრთხილე>>
გატიკერი საქართველოს პირველად ეწვია, ის შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს შეხვდა. თანამშრომლობის გაღრმავების საკითხების განხილვის შემდეგ მხარეებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას „მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ".
„მას შემდეგ, რაც საქართველოში უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა, შვეიცარიაში მკვეთრად გაიზარდა დაუსაბუთებელი თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი. 2018 წელს, 2016 წელთან შედარებით, ეს მაჩვენებლი 87 პროცენტით არის გაზრდილი. ლტოლვილის სტატუსი მიენიჭა 9 პროცენტს", – განაცხადა გატიკერმა.
2018 წლიდან საქართველოს მოქალაქეებს შვეიცარიაში თავშესაფრის მაძიებელთა შორის მეხუთე ადგილი უკავიათ.
„უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ შვეიცარიამ საქართველოს ზომების მიღების თხოვნით მიმართა. შვეიცარია, თავის მხრივ, სწრაფ და თანამიმდევრულ პოლიტიკას ატარებს. 2018 წლიდან შვეიცარიაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით საქართველო მეხუთე ადგილზეა მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეებს შვეიცარიაში თავშესაფრის მიღების თითქმის არანაირი შანსი არ აქვთ", – განაცხადა გატიკერმა.
საქართველოდან მიგრაციის ზრდის მიზეზად მან ფინანსური გაჭირვება დაასახელა.
„ერთი მხრივ, საქართველო მეხუთე ადგილზეა შვეიცარიაში თავშესაფრის მოთხოვნათა რაოდენობით, მაგრამ მესამე ადგილზეა ახალჩამოსულთა სტატისტიკით. შესაბამისად, ეს არის სწორედ, რაც გვაშფოთებს. ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, ეკონომიკური საკითხებია", – აღნიშნა გატიკერმა.
მისი განცხადებით, უკანონო მიგრაციის შემცირება ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შენარჩუნების გარანტიაა.
„მიღებულია ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველა ქართველი, რომელიც შვეიცარიაში თავშესაფრის მაძიებლად მიიჩნევა და ჩვენ თხოვნით მოგვმართავს, აუცილებლად მიიღებს უარს და ჩვენ მათ საქართველოს აუცილებლად დავუბრუნებთ. სწორედ ეს დაეხმარება საქართველოს და იმას, რომ უვიზო რეჟიმი საქართველოსთვის არ შეწყდეს", – განაცხადა გატიკერმა.
მისი თქმით, შვეიცარიის მთავრობა მიიჩნევს, რომ საქართველო იმსახურებს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას.
„მოქალაქეებმა უნდა იმგზავრონ შენგენის ზონაში ვიზის გარეშე და ჩვენ ამას მხარს ვუჭერდით თავიდანვე", – აღნიშნა მან.
უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ შვეიცარია, შეიძლება, მე-14 ევროპული ქვეყანა გახდეს, რომელმაც ამგვარი გადაწყვეტილება მიიღო. საქართველო უსაფრთხო ქვეყნად უკვე აღიარეს კვიპროსმა, ბულგარეთმა, საფრანგეთმა, ლიხტენშტეინმა, ავსტრიამ, ბელგიამ, ნიდერლანდებმა, ისლანდიამ, ლუქსემბურგმა, ირლანდიამ, ესტონეთმა, ჩეხეთმა და დანიამ. ასეთი ქვეყნების რიცხვშია ისრაელი და რიგი გერმანიაზეა.
საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტების უვიზოდ განხორციელების უფლება 2017 წლის მარტიდან აქვთ.
საქართველოს მოქალაქეებმა 2018 წელს ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების შესახებ თითქმის 18 ათასი განცხადება შეიტანეს (რაც საერთო რაოდენობის 3%-ს შეადგენს) და თავშესაფრის მაძიებელთა ათეულში მოხვდნენ.
საქართველოს ხელისუფლებამ არალეგალური მიგრაციის აღკვეთის მიზნით გარკვეული ზომები უკვე მიიღო. უვიზო რეჟიმის მოთხოვნების დამრღვევების მიმართ კანონმდებლობა გაამკაცრა. ამიერიდან ადამიანის რეადმისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი თვითონ მას ეკისრება. ასევე გამკაცრდა გვარის გამოცვლის პროცედურები, რაც ხშირად სწორედ ამ პროცესთან იყო დაკავშირებული.
პრემიერმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ ჭორებზე კომენტარი გააკეთა>>
გარდა ამისა, პარლამენტმა სისხლის სამართლის კანონით დასჯადი გახადა საქართველოს მოქალაქის ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებლის მიზნით სხვა ქვეყანაში უკანონოდ ყოფნის ხელშეწყობა.