ბურჯანაძე: საქართველოს ნატოში გაწევრიანება ქვეყნის განადგურების ტოლფასია

© Sputnik / Alex Shlamovნინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნინო ბურჯანაძემ ახსნა, რატომაა ნატოში საქართველოს გაწევრიანება სახიფათო გადაუჭრელი ტერიტორიული პრობლემების პირობებში

თბილისი, 11 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის ექსსპიკერი, ოპოზიციური პარტია „ერთიანი საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში, საქართველომ შესაძლოა საბოლოოდ დაკარგოს არაკონტროლირებადი ტერიტორიები.

ბურჯანაძე: რუსეთთან მეგობრობა საქართველოს სტაბილურობას მოუტანს >>

ასეთი კომენტარი გაუკეთა ბურჯანაძემ ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის ანდრეს ფოგ რასმუსენის „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუს. რასმუსენის სიტყვებით, საქართველომ თავისთვის უნდა გადაწყვიტოს, მზადაა თუ არა ალიანსში გასაწევრიანებლად იმ პირობით, რომ ნატოს წესდების მეხუთე მუხლი არ ვრცელდება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე. ამ მუხლის თანახმად, ნატოს ერთ–ერთ წევრ ქვეყანაზე თავდასხმა იხილება, როგორც ალიანსზე თავდასხმა და ყველა წევრი ვალდებულია, მას სამხედრო დახმარება აღმოუჩინოს.

 „ყოველთვის ვამბობდი, თუ დადგება ნატოში ჩვენი გაწევრიანების საკითხი, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე შეიძლება დავივიწყოთ. ახლა ეს ითქვა“, – აღნიშნა ბურჯანაძემ „ტვ პირველის“ ეთერით.

მისი სიტყვებით, ნატოში გაწევრიანება საქართველოს სავალალო შედეგამდე მიიყვანს.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო
„არცერთი ქვეყნის სამხედრო ბაზა არ გვჭირდება“ – „პატრიოტთა ალიანსი“ მიტინგისთვის ემზადება

„მოდით, წარმოვიდგინოთ საქართველოს რუკა. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზები დგას. ნატოში გაწევრიანება კი ნიშნავს საკუთარ ტერიტორიაზე ნატოს სამხედრო ბაზების განთავსებას, რაც ნიშნავს, რომ ჩვენს ტერიტორიაზე ორ ურთიერთგამომრიცხავ ძალას განვათავსებთ. ნებისმიერი კონფლიქტი, მათ შორის, მცირეც კი, საქართველოს გაანადგურებს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რასაც ყველა ქვეყანა გაურბის – საქართველოს ვაქცევთ ორი სპილოს დაპირისპირების ადგილად. სპილოებში ვგულისხმობ მსხვილ ბირთვულ სახელმწიფოებს – რუსეთსა და ნატოს ან რუსეთსა და აშშ–ს“, – აღნიშნა ბურჯანაძემ.

მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის მიზანი საქართველოსთან ბრძოლა არ არის და ამიტომ საქართველოს აქვს შანსი მიზანს მოლაპარაკების გზით მიაღწიოს.

„თუ სამხედრო მოქმედებას არ დავიწყებთ და რამე სისულელეს არ ჩავიდენთ, რუსეთს არაფერში სჭირდება სამხედრო მოქმედებების დაწყება. რუსეთმა 2008 წლის შემდეგ უფრო მეტი მიიღო, ვიდრე წარმოიდგენდა. თუ ჩვენ ნორმალურ პოლიტიკას გავატარებთ და მოლაპარაკების გზით წავალთ, როგორც ამას ყველა ქვეყანა აკეთებს, მიზნის მიღწევას შევძლებთ“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

გახარია: ჟენევის მოლაპარაკებებს ჯერ თავისი თავი არ ამოუწურავს >>

პრობლემების გადაჭრის ერთადერთი გზა, მისი თქმით, არის რუსეთთან პირდაპირი დიალოგი, თუმცა ბოლო დროს საქართველოს ხელისუფლება ერთი უკიდურესობიდან მეორეში ვარდება – ან აგრესიის პროვოცირებას ეწევა, ან სტრატეგიულ მოთმინებას ამჟღავნებს.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარიას მთავრობის პროგრამა: პრიორიტეტია კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტა

„კარგი იქნებოდა, თუ ამ ვალდებულებას თავის თავზე აიღებდა პრეზიდენტი, ამას მხოლოდ მივესალმებოდი. ასევე კარგი იქნებოდა, თუ პრემიერ–მინისტრი გახარია გამბედაობას მოიკრებდა და ქმედით ნაბიჯებს გადადგამდა კონფლიქტების დასარეგულირებლად“, – აღნიშნა ბურჯანაძემ.

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წლის ომის შემდეგ გაწყვეტილია. ორ ქვეყანას შორის დიალოგი ჟენევის დისკუსიების ფარგლებში მიმდინარეობს.

როგორც ცნობილია, რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ნატოსთან საქართველოს თანამშრომლობას და ალიანსის საზღვრების გაფართოებას აღმოსავლეთისკენ.

ყველა ახალი ამბავი
0