თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა არაკონტროლირებადი ტერიტორიების მიმართ შერიგების პოლიტიკას გაატარებს, ასევე აქტიურ მონაწილეობას გააგრძელებს ჟენევის საერთაშორისო ფორმატში რუსეთთან მოლაპარაკებებში, ნათქვამია მინისტრთა ახალი კაბინეტის პროგრამაში, რომელიც კვირას უნდა დაამტკიცოს პარლამენტმა.
საგარეო უწყება: ჟენევის მოლაპარაკებები უნდა გამოცოცხლდეს>>
საქართველოს ხელისუფლებამ კონტროლი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე 1990-იან წლებში დაკარგა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვმა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარა, ხოლო საქართველომ ამის საპასუხოდ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.
„კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პოლიტიკის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელებას. აღნიშნული გულისხმობს მშვიდობის მშენებლობას, ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის წარმოებას, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერას გამყოფი ხაზის როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს, მათ დახმარებას და სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას, ასევე მავთულხლართებით ხელოვნურად დაშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენას", – ნათქვამია მთავრობის 2019-2020 წლების პროგრამაში.
მომავალი მთავრობა გიორგი გახარიას მეთაურობით გეგმავს, რომ დიდი ყურადღება დაუთმოს აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან პირდაპირ დიალოგს და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის განვითარებას.
ამას გარდა, გახარიას მთავრობა აპირებს ჟენევის მოლაპარაკებების გააქტიურებას, რომელიც რუსეთთან პოლიტიკური დიალოგის ერთადერთი ფორმატია. შეხვედრები იმართება 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. მოლაპარაკებებში, საქართველოსა და რუსეთის გარდა, მონაწილეობენ აშშ-ის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენლები, ხოლო თანათავმჯდომარეების სახით – ევროკავშირის, გაეროს და ეუთოს წარმომადგენლები.
აბაშიძე: კარასინთან გამართულმა მოლაპარაკებებმა პრაღაში რეალური შედეგი გამოიღო>>
„ამ თვალსაზრისით საქართველო გააგრძელებს კონსტრუქციულ და აქტიურ მონაწილეობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, რომელიც წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ფორმატს ევროკავშირის, გაეროს, ეუთოს თანათავმჯდომარეობით და აშშ-ის მონაწილეობით საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტიდან მომდინარე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების გადასაჭრელად", – ნათქვამია პროგრამაში.
პროგრამაში ასევე აღნიშნულია, რომ ჟენევის მოლაპარაკებების განხილვა გეოპოლიტიკური სიტუაციისგან იზოლირებულად არ შეიძლება.
„პროცესის გასაძლიერებლად მოზიდული იქნება დამატებითი საერთაშორისო მხარდაჭერა, მათ შორის, ძალისხმევა მიმართული იქნება რუსეთის ფედერაციასთან მაღალი დონის შეხვედრებზე საქართველოს საკითხის განხილვისა და ჟენევის პროცესის ინტენსიფიკაციის უზრუნველსაყოფად", – ნათქვამია პროგრამაში.
ამჟამად დიალოგი ქვეყნებს შორის შენარჩუნებულია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ასევე დიპლომატების ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის პრაღაში შეხვედრების სახით.