03:59 01 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5366
  • 100 RUB4.5026
  • USD3.1761
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
79 0 0

საქართველოში დაიწყო საპარლამენტო არჩევნების სისტემისა და საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებების განხილვა.

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების საკითხებზე სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრაზე საკონსტიტუციო ცვლილებები და პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხები განიხილეს. საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების განხილვა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების (OSCE/ODIHR) ბიუროს რეკომენდაციების საფუძველზეა დაგეგმილი.

გასულ ორშაბათს მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარების პრეზენტაცია მოაწყო. თანაც ხელისუფლებამ ამ არჩევნების ჩატარება ე.წ. ნულოვანი ბარიერით გადაწყვიტა.

„პირველ საკითხზე ერთმანეთთან ბმაშია საარჩევნო ბლოკების არსებობა-არარსებობა და საარჩევნო ზღურბლი – იყოს ბუნებრივი თუ დაწესდეს ბარიერი. აქ რაიმე საბოლოო და შეთანხმებული გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული", – განუცხადა ჟურნალისტებს კონსტიტუციონალისტმა, „შენების მოძრაობის" წევრმა, პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ვახტანგ ხმალაძემ.

მისი თქმით, ამ საკითხების განხილვა უნდა გაგრძელდეს, რადგან მთავარ საკითხზე შეთანხმება მიღწეულია.

„მთავარ თემაზე არის სრული შეთანხმება, ეს არის ის, რომ არჩევნები იყოს პროპორციული. მაგრამ სჯობს ამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლაც შეთანხმებებით მოხდეს და არა დაპირისპირებით", – აღნიშნა ხმალაძემ.

როგორ დაფინანსდებიან პოლიტიკური პარტიები

პარტიების დაფინანსების საკითხში მხარეებმა რამდენიმე ვარიანტი განიხილეს. ხმალაძის განცხადებით, მან დაინახა მთავრობისა და ოპოზიციის შეჯერების დიდი ალბათობა.

„მე ვთქვი, რომ იყოს დაბალი ზღურბლი დაფინანსებისთვის და იყოს დაფინანსების რეგრესული სისტემა, რაც ნიშნავს საფეხურებრივად დაფინანსებას. მაგალითად, შედარებით დაბალი პროცენტის ფარგლებში ყოველი ხმის დაფინანსების კოეფიციენტი იყოს უფრო მაღალი, ვიდრე შემდეგ საფეხურზე, უფრო მაღალ საფეხურზე – კიდევ უფრო დაბალი", – განაცხადა ხმალაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარტიების დაფინანსების სისტემა სამართლიანი უნდა იყოს.

„დაფინანსების სისტემა უნდა იყოს სამართლიანი, დაფინანსება უნდა ჰქონდეს ყველა რეალურ პოლიტიკურ პარტიას. ეს ორი ძირითადი პრინციპია, რითიც ჩვენ ვიწყებთ დისკუსიას", – განუცხადა თალაკვაძემ ჟურნალისტებს.

როგორ ჩატარდება არჩევნები პროპორციული სისტემით

მმართველი პარტიის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო შესწორებების თანახმად, პროპორციული სისტემა საქართველოში 2020 წლიდან ამოქმედდება. პარტიების მიერ მოპოვებული მანდატები შემდეგნაირად გამოითვლება: ერთი პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა გამრავლდება 150-ზე და გაიყოფა ყველა პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობაზე. დარჩენილ მანდატებს გადაანაწილებენ უკეთესი შედეგების მქონე პარტიებზე რიგის მიხედვით.

გასულ კვირაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს წერილობით მიმართა ცხრა ოპოზიციურმა მცირერიცხოვანმა პარტიამ. მათ დიალოგში მონაწილეობის შესაძლებლობა ითხოვეს. კანონით, შესწორებების განხილვაში მონაწილეობს სამუშაო ჯგუფი, რომელშიც წარმოდგენილი არიან მხოლოდ ის პარტიები, რომლებიც სახელმწიფოსგან ფინანსდებიან.

ეუთოს ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა წინასაარჩევნო პერიოდში თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის. შესაბამისად, ერთ-ერთი საკვანძო საკითხი პოლიტიკური პარტიების დაფინანსების თემაა.

ამჟამად სახელმწიფო აფინანსებს იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებში უკეთესი შედეგები აჩვენეს.

საარჩევნო სისტემა შეიცვლება: ხელისუფლება კონსულტაციებს იწყებს>>

იმის გათვალისწინებით, რომ ნულოვანი საარჩევნო ბარიერის წყალობით პარლამენტში პარტიების დიდი რაოდენობა შეიძლება მოხვდეს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 2020 წლის არჩევნების შედეგებით კოალიციური მთავრობის შექმნას არ გამორიცხავს.

მთავარი თემები