თბილისი, 30 ივნისი - Sputnik. საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები მზად არიან, პროპორციული არჩევნების შესახებ საკონსტიტუციო ინიციატივის წარდგენას დაესწრონ, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ 1 ივლისს კონსტიტუციაში ცვლილებების სავარაუდო ვარიანტის პრეზენტაციას გამართავს, რომელიც საკონსტიტუციო ინიციატივას წარმოადგენს და საარჩევნო სისტემის ცვლილებებს ითვალისწინებს. პრეზენტაციაზე მმართველი გუნდი იწვევს როგორც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ასევე ცესკოს წარმომადგენლებს, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და არასამათავრობო ორგანიზაციებს.
ოპოზიციისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლა მისაღებია.
„რა თქმა უნდა, ნულოვანი თუ ბუნებრივი ბარიერით პროპორციულ სისტემას თავისი ნაკლოვანებები აქვს და ამაზე აუცილებლად მსჯელობა უნდა გაგრძელდეს, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ეს ნამდვილად გაცილებით ჯობს და შეუდარებლად უკეთესია ვიდრე არსებული მაჟორიტარული სისტემა, რომლის პირობებშიც, როგორც ჩვენ ვნახეთ ამ წლების განმავლობაში, ხელისუფლებამ მოიგო ყველა არჩევნები“, - განაცხადა ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის" ერთ-ერთი ლიდერმა გიგი წერეთელმა.
საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პარტია “ქართული ოცნების“ მიერ პირველ ივლისს დაგეგმილ შეხვედრაზე მონაწილეობის არ აპირებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, პარტია მონაწილეობას მიიღებს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში, თუმცა არ მიღებს მონაწილეობას იმ პოლიტიკური ჯგუფის მიერ მოწვეულ დიალოგში, რომელიც „ხელს აფარებს ჯალათ გიორგი გახარიას“.
რამდენიმე დღის წინ, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ გამოდის ფართომასშტაბიანი პოლიტიკური რეფორმის ინიციატივით, რომელიც გულისხმობს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.
ახალგაზრდობამ და ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა, რომლებიც თბილისის ცენტრში გამართული საპროტესტო აქციებს უდგანან სათავეში, ხელისუფლების აღნიშნული ინიციატივა საკუთარ გამარჯვებად შეაფასეს.
ნულოვანი ბარიერით პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები უკვე ინიცირებულია. დოკუმენტს უმრავლესობის 80 დეპუტატი აწერს ხელს.
2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარება რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეების ერთ–ერთი მოთხოვნა იყო.
საპროტესტო აქცია, რომელიც 20 ივნისს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლის საპასუხოდ დაიწყო, ღამით არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. მომიტინგეები პარლამენტში შეჭრას ცილობდნენ. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240-ს მიაღწია, აქედან 80 პოლიციელია. სამართალდამცველებმა 305 ადამიანი დააკავეს.