თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფი, რომელიც საქაღთველოს თერთმეტი უმაღლესი სასწავლებლის 35 სტუდენტს აერთიანებს, პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავენ, იუწყება ტელეარხი „იმედი“.
ტელეარხი აქვეყნებს აღნიშნულ წერილს რომელშიც ახალგაზრდები 20-21 ივნისის ღამით თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამენ. მათი თქმით, მართალია ხელისუფლებამ მალევე აღიარა დაშვებული „უხეში შეცდომა“, მაგრამ ესკალაციის თავიდან არიდება ვერ მოხერხდა.
სტუდენტები წერენ, რომ ხელისუფლებამ, 2020 წელს პროპორციული წესით საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებით, „ანგარიში გაუწია საზოგადოების დიდი ნაწილის მოთხოვნას, რაც მისასალმებელია“. თუმცა ახალგაზრდებს მიაჩნიათ, რომ იმ შემთხვევაში, თუ 20−21 ივნისი ღამის მოვლენები ობიექტურად არ შეფასდება, „შესაძლოა ეს მნიშვნელოვანი მონაპოვარი საფრთხის ქვეშ დადგეს“. და იქვე ხაზს უსვამენ, რომ მათთვის მიუღებელია სახელმწიფო ინსტიტუტებზე იერიშის მიტანა.
- „თუ ვთანხმდებით სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობის აუცილებლობაზე, დასაგმობი და კატეგორიულად მიუღებელია სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმის მიტანა, თუმცა ამავდროულად, დაუშვებელი და გაუმართლებელია სახელმწიფოს მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენება ახალგაზრდების მიმართ“, — წერენ ახალგაზრდები.
სტუდენტები ბიძნა ივანიშვილს სთხოვენ, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ თვალებდაკარგული ახალგაზრდები ხელისუფლების სიმბოლოდ არ იქცნენ.
„ჩვენთვის პრიორიტეტულია, ქვეყანაში არსებობდეს სტაბილური გარემო, რაც მისი განვითარების წინაპირობაა. ჩვენ, როგორც საქართველოს მოქალაქეები, ვგრძნობთ პასუხისმგებლობას და ქვეყნისათვის ამ მნიშვნელოვან მომენტში გამოვთქვამთ მზაობას დიალოგისა და კონსტრუქციული მუშაობისთვის“, — ნათქვამია ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფის წერილში.
შეგახსენებთ: 20−21 ივნისის ღამით პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი მომიტინგეების დასაშლელად შსს−ის სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. შედეგად დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი. დაშავებულ დემონსტრანტთაგან ორმა ახალგაზრდამ თვალი დაკარგა, რომლებიც ამ დროისათვის უცხოეთში გადიან მკურნალობის კურსს.
საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი თბილისს მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის პრეზიდენტის რანგში ეწვია და ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსულად მიმართა შეკრებილებს.