გიორგი მარგველაშვილი სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას დაესწრება

© photo: Sputnikგიორგი მარგველაშვილი და სალომე ზურაბიშვილი
გიორგი მარგველაშვილი და სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასწრებას სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებიც გეგმავენ.

თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრება, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

მანიფესტაცია პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს – ოპოზიცია თელავში გაემგზავრება>>>

გიორგი მარგველაშვილის საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა, რომელსაც სახელმწიფო მეთაურის პოსტი 2013 წლიდან უკავია, 16 დეკემბერს იწურება. სწორედ ამ დღეს საქართველოს ახლად არჩეული მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართება.

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში, ერეკლე მეფის სასახლის ტერიტორიაზე გაიმართება. სტუმრების მიღება კი, შესაძლოა, წინანდალში გაიმართოს. მანამდე თბილისში ზურაბიშვილი ილია ჭავჭავაძის საფლავსა და გმირთა მემორიალს გვირგვინებით შეამკობს.

„რა თქმა უნდა, პროტოკოლებს შორის ყველაფერი გარკვეულია და ინაუგურაციაზე მივდივარ. ახლად არჩეული პრეზიდენტი მოვიპატიჟე პრეზიდენტის სასახლეში უფლებამოსილების გადაბარების ფარგლებში. ამ ცივილიზებულ პროცესს, რაც უფლებამოსილების გადაბარებას ეხება, იმედია, წარმატებულად დავასრულებთ 16 დეკემბერს", – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
რას გააკეთებს მარგველაშვილი პრეზიდენტის პოსტიდან წასვლის შემდეგ

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასწრებას სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებიც გეგმავენ. ამ დროისთვის საქართველოს მიღებული აქვს დადასტურება სომხეთის პრეზიდენტისგან, ჩეხეთის სენატის თავმჯდომარისგან, ლიეტუვისა და სერბეთის მეთაურებისგან. ზურაბიშვილის ინაუგურაციას ასევე დაესწრება რუმინეთის ვიცე-პრემიერი, მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი, თურქმენეთის ვაჭრობის მინისტრი და ა.შ.

ინაუგურაციის დღეს თელავში საპროტესტო აქციის ჩატარებას გეგმავს გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია", რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს. როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, აქციები გაიმართება თბილისსა და სხვა ქალაქებშიც, თუმცა ყველაზე მასშტაბური აქცია თელავში იქნება.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართა, რომელშიც მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 59,52% მოიპოვა. მისი კონკურენტი იყო „ნაციონალური მოძრაობის" წევრი გრიგოლ ვაშაძე.

 

ყველა ახალი ამბავი
0