თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგებს არ ცნობს და თბილისის ცენტრში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით მანიფესტაციას აანონსებს.
კობახიძე: სააკაშვილი ადეკვატურად ვერ აღიქვამს ვითარებას საქართველოში >>
საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ უჭერდა მხარს. არჩევნების მეორე ტურის შედეგებით, ზურაბიშვილმა ხმების 59,52%, მისმა კონკურენტმა ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" გრიგოლ ვაშაძემ კი 40,48% მიიღო.
„ჩვენ ამ არჩევნებს არ ვაღიარებთ და მის შედეგებს არ ვცნობთ. საქართველოს პრეზიდენტი არა ჰყავს, პრეზიდენტი ჰყავს ბიძინა ივანიშვილს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ მომხრეებთან შეხვედრაზე, რომელიც ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში გაიმართა.
მისი თქმით, ამჟამინდელმა არჩევნებმა აჩვენა, რომ საქართველოში პოლიტიკური გარემო მთლიანად შეიცვალა და მმართველ პარტიას პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა არ უნდა ჰყავდეს.
„სწორედ ამიტომ გაერთიანებული ოპოზიცია მოვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. მოვითხოვთ, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს პროპორციული ან პროპორციულ-რეგიონალური პრინციპით; საარჩევნო კომისიები დაკომპლექტდეს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზღვარგარეთელი ექსპერტების მიერ“, – განაცხადა ვაშაძემ.
მან მოუწოდა მომხრეებს კვირას თბილისის ცენტრში საპროტესტო აქციაზე შეიკრიბონ.
„კვირას ჩვენ გვექნება რუსთაველის პროსპექტზე უზარმაზარი მშვიდობიანი მანიფესტაცია... ეს იქნება მშვიდობიანი მანიფესტაცია, რომელიც აჩვენებს ამ ე.წ. ხელისუფლებას, რა არის ნამდვილი ევროპელი, რა არის ნამდვილი ქართველი“, – აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.
ოპოზიციონერების შეკრებაზე ინტერნეტის საშუალებით სიტყვით წარდგა სააკაშვილი. ის საქართველოში ვერ ბრუნდება, რადგან მის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ორ საქმეზე სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.
ბიძინა ივანიშვილი: ჩვენ ჩვენს ქვეყანას წარმატების გზისკენ წავიყვანთ >>
სააკაშვილმა განუცხადა მხარდამჭერებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე გაიმარჯვა ოპოზიციური გაერთიანების კანდიდატმა, მაგრამ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ. მაგრამ ოთხშაბათს, მას მერე, რაც სააკაშვილმა თანამოაზრეებსა და მხარდამჭერებს „მშვიდობიანი დაუმორჩილებლობისკენ“ მიუწოდა, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი ადეკვატურად ვერ აღიქვამს ვითარებას საქართველოში.
ამასთან, მანამდე მმართველ პარტიაში არაერთხელ განაცხადეს, რომ სააკაშვილი თავის თანამოაზრეებთან ერთად არჩევნების შემდეგ მოვლენების განვითარების რევოლუციურ სცენარს გეგმავს.
„ძალა ერთობაშიას“ გაერთიანებაში 11 ოპოზიციური პარტია შედის. მათ შორისაა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ახალი საქართველო“, „რესპუბლიკური პარტია“, „ნაციონალ-დემოკრატიული პარტია“ და სხვ. ამ პარტიების უმრავლესობა „ნაცმოძრაობას“ ჩამოშორებულმა პოლიტიკოსებმა შექმნეს.