თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ეგზიტპოლის გამოცხადების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა, მმართველი პარტიის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო" დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა.
მან მადლობა გადაუხადა ამომრჩეველს „კარგი შეფასების გაკეთებისთვის“ და აღნიშნა, რომ საზოგადოებას სწორი რეაქცია ჰქონდა პირველ ტურშიც და მეორე ტურშიც.
„საზოგადოებამ გააცნობიერა საკუთარი ძალა და რეაქცია გააკეთა ადეკვატური. ქართულმა საზოგადოებამ აჩვენა კარგი სიმწიფე“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მან პირობა დადო, რომ ყველაფერ გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანა წარმატების გზით წავიდეს.
ქართული ტელეკომპანიების Rustavi2 და Imedi დაკვეთით მომზადდა ეგზიტპოლები და ორივეს შედეგებით სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს.
ტელეკომპანია Rustavi2-ის დაკვეთით მომზადებული ეგზიტპოლის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 55% მოაგროვა, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ - 45%. შედეგები მომზადდა 17 საათის მონაცემებზე დაყრდნობით.
საერთაშორისო ასოციაცია Gallup International-ის მიერ ტელეკომპანია Imedi–ს დაკვეთით მომზადებული ეგზიტპოლის თანახმად, 18:00 საათისთვის, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 58% მოაგროვა, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ - 42%.