პრემიერი Iberia TV-სთან დაკავშირებით: გადასახადები ყველამ უნდა გადაიხადოს

© FB / Mamuka Bakhtadzeმამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა ქვეყანაში ბიზნესის მნიშვნელობა და მედიის პლურალიზმი.

თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებისთვის თითოეული სამუშაო ადგილი მნიშვნელოვანია, თუმცა გადასახადები ყველამ უნდა გადაიხადოს, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია Iberia TV-ს ირგვლივ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.

თამბაქო, არჩევნები და Iberia TV - მილიონიანი დავალიანება საბედისწერო შეიძლება გახდეს>>>

საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე კერძო ტელეკომპანია Iberia TV დახურვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ხელისუფლებამ გადასახადების გადაუხდელობის გამო მისი დამაარსებლის და მთავარი სპონსორის — თამბაქოს კომპანია Omega Group-ის ანგარიშები დააყადაღა. შემოსავლების სამსახური ამტკიცებს, რომ კომპანია Omega Group-ის სახელმწიფოს წინაშე დავალიანება 51,7 მილიონ ლარზე მეტი შეადგენს. Iberia TV-ს ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ ბოლო მოვლენები უკავშირდება ვიღაცის სურვილს, დაეუფლოს ტელეკომპანიას.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
საგადასახადო შემოსავლებმა ბიუჯეტში მოლოდინს გადააჭარბა

„ჩვენ ვართ მაქსიმალურად კეთილგანწყობილი და მეგობრული ნებისმიერი სამეწარმეო სუბიექტის მიმართ, განსაკუთრებით, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ადგილობრივ წარმოებაზე. ჩვენთვის თითოეულ სამუშაო ადგილს აქვს ყველაზე მაღალპრიორიტეტული მნიშვნელობა... არსებობს ბიზნეს-საქმიანობა და არსებობს თამბაქოს წარმოება, ამ თამბაქოს წარმოებას აქვს სააქციზო გადასახადი და ის უნდა გადაიხადოს ყველამ. არსებობს დამოუკიდებელი ტელევიზია და მედიაპლურალიზმი არის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი „ქართული ოცნების“ და ჩვენ ამას ძალიან ვუფრთხილდებით“, – განაცხადა ბახტაძემ.

ამასთან, მთავრობის მეთაურის განმარტებით, ის, რომ მეწარმეს თამბაქოს ბიზნესისა და კომერციული მოღვაწეობის გარდა ტელევიზიაც აქვს, ეს არ ნიშნავს, რომ გადასახადი ვინმემ არ უნდა გადაიხადოს.

„გადასახადები ყველამ უნდა გადაიხადოს და ფინანსთა სამინისტრო, ისევე, როგორც შემოსავლების სამსახური უნდა იყოს მაქსიმალურად განწყობილი იმაზე, რომ თუ ეს დავალიანება დაგროვდა, შეიქმნას ისეთი გრაფიკი, რომელიც მისცემს შესაძლებლობას კომპანიას აწარმოოს თავისი საქმიანობა, გადაიხადოს გადასახადი და დაფაროს წარსული დავალიანებაც. მიდგომა სწორედ ასეთი იყო“, – აღნიშნა ბახტაძემ.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ ის იძულებული იყო დაეყადაღებინა Omega Group-ის ქონება და გამოეყენებინა ინკასო (გადამხდელის საგადასახადო დავალიანების თანხის ამოღება უშუალოდ საბანკო ანგარიშებიდან).

ტელეოპერატორი - Sputnik საქართველო
„არ დავთმობთ "იბერიას": ტელეკომპანიის თანამშრომლები ქუჩაში გამოვიდნენ

დღეისთვის Omega Group Tobacco საქართველოში ერთადერთი კომპანიაა, რომლის სახელმწიფოს წინაშე ვალი 50 მილიონ ლარს აღემატება.

მთავრობაში ამტკიცებენ, რომ 2015-2018 წლებში კომპანიამ ფინანსთა სამინისტროს ორჯერ მიმართა ვალის გადახდის გადანაწილების (გრაფიკისთვის) თაობაზე, რაზეც თანხმობა მიიღო, თუმცა ორივე შემთხვევაში ვალდებულება თავად დაარღვია.

უფრო მეტიც, Omega Group Tobacco-მ 11-ჯერ მიმართა წერილობით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს იძულებითი ღონისძიებების არგამოყენების/გაუქმების თხოვნით, რომელიც გათვალისწინებული იყო შემოსავლების სამსახურის მხრიდან, რათა არ შეფერხებულიყო საწარმოს ფუნქციონირება.

კომპანია Omega Group გადასახადების გამო სკანდალში უკვე არაერთხელ აღმოჩნდა. 2004 წელს პროკურატურამ საგადასახადო რევიზია დაიწყო და დააყადაღა Omega Group-ის ქონება, რის შემდეგ იმავე წლის დეკემბერში დაიხურა 2000 წელს დაარსებული Iberia TV, ხოლო მისი წილები გაიყიდა.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2013 წელს ტელეკომპანია Omega Group-ს დაუბრუნეს, ხოლო 2015 წელს მან მაუწყებლობა განაახლა.

2016 წელს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაადგინა, რომ 2004 წელს კომპანიის ქონების დაყადაღება დამოუკიდებელი ტელეარხის დახურვას ემსახურებოდა. ამ საქმესთან დაკავშირებით ბრალდებები იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს წარუდგინეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0