თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. Freedom House-ი კარგად უნდა დაფიქრდეს, როდესაც ასეთ არაობიექტურ ინფორმაციას და შეფასებებს ავრცელებს საქართველოში დემოკრატიის განვითარების ხარისხთან დაკავშირებით, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით.
საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-მა გარდამავალ ეტაპზე მყოფ სახელმწიფოებთან დაკავშირებით მორიგი ანგარიში, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი, 11 აპრილს გამოაქვეყნა.
ანგარიშის მიხედვით, საქართველოში 2018 წელს მაჩვენებლები მედიისა და სასამართლო სისტემის თავისუფლების კუთხით გაუარესდა. შედეგად, საქართველოს დემოკრატიის მაჩვენებელი 4.61-დან 4.68-მდე შემცირდა.
საქართველოს პრემიერ–მინიტრმა Freedom House არაობიეტურობასა და დაუბალანსებელი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.
„Freedom House-ის შეფასება არის უკიდურესად არაობიექტური, ეყრდნობა აბსოლუტურად დაუბალანსებელ ინფორმაციას და ვფიქრობ, Freedom House-ი კარგად უნდა დაფიქრდეს, როდესაც ასეთ არაობიექტურ ინფორმაციას და შეფასებებს ავრცელებს“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ქვეყნისთვის მთავარი მიზანი დემოკრატიის დაცვაა. მისი თქმით, თუ 2010–2011 წლებში სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოდან წელიწადში 350-დან 400-მდე საჩივარი შედიოდა, 2017 წლის მონაცემებით, ეს რიცხვი 70-მდე შემცირდა.
„2012 წლის შემდეგ, როდესაც „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ხელისუფლებაში მოვიდა, მთავარი ტენდენცია, რომელიც ქვეყანაში დამკვიდრდა, არის დემოკრატიის სრულიად სხვა ხარისხში აყვანა, მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური არასამთავრობო სექტორი, მედია-თავისუფლების სრულიად სხვა დონე, ადამიანის უფლებების მიმართულებაში თვისობრივად განსხვავებული სიტუაცია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, იგი უერთდება პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებებს Freedom House —ის ანგარიშთან დაკავშირებით.
დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ანგარიშს საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა და Freedom House საქართველოს ხელისუფლების მიმართ მიკერძოებულობასა და ტენდენციურობაში დაადანაშაულა. ასევე, Freedom House-ის ანგარიში გააკრიტიკეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა.
Freedom House დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელიც დემოკრატიისა და თავისუფლების გაფართოებაზე მთელ მსოფლიოში ზრუნავს. ორგანიზაცია აანალიზებს თავისუფლების პრობლემებს, გამოდის უფრო ფართო პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების მხარდაჭერით და ხელს უწყობს დემოკრატიულ გარდაქმნებს.
საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House 1941 წელს დაარსდა.