თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. Freedom House-ის ანგარიში საქართველოს მოქმედი ხელისუფლების მიმართ მიკერძოებულია, ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.
Freedom House-მა გარდამავალ ეტაპზე მყოფ სახელმწიფოებთან დაკავშირებით მორიგი ანგარიში, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი, გუშინ გამოაქვეყნა.
ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს მაჩვენებლები მედიისა და სასამართლო სისტემის თავისუფლების კუთხით გაუარესდა. შედეგად, საქართველოს დემოკრატიის მაჩვენებელი 4.61-დან 4.68-მდე შემცირდა.
მედია–თავისუფლების ინდექსის გაუარესებას Freedom House 2017 წელს საქართველოს მედია–სივრცეში მომხდარი ოთხი ძირითადი მიზეზით ხსნის: კრიტიკულ ტელევიზია „რუსთავი2“-ზე ზეწოლა, სამი კერძო ტელეკომპანიის შერწყმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა ახალი ხელმძღვანელობის მიერ და აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცება.
ირაკლი კობახიძე Freedom House-ს მედიის თავისუფლებაში მიღებული ქულისთვის აკრიტიკებს.
„2012 წლის მოცემულობა იყო ხელისუფლების სრული მონოპოლია მედია-გარემოზე. 2004-2012 წლებში სამივე მაუწყებელზე – „რუსთავი 2“-ზე, „იმედსა“ და საზოგადოებრივ მაუწყებელზე – მიხეილ სააკაშვილმა და „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ უკანონო გზით მოიპოვეს გავლენა", — აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, ორგანიზაციის ანგარიშში ფაქტობრივი შეცდომებია დაშვებული, მათ შორის, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით.
„აღსანიშნავია, რომ ანგარიშში მრავლად არის გაპარული ფაქტობრივი შეცდომები. მაგალითად, ანგარიშის ავტორები სასამართლო ხელისუფლებას ადანაშაულებენ აფგან მუხთარლის საქმეში, როდესაც ქართულ სასამართლოს ამ საქმესთან საერთოდ არავითარი შეხება არ ჰქონია“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ორგანიზაციის დასკვნებში იკვეთება მათი მიკერძოებული დამოკიდებულება საქართველოს მოქმედი ხელისუფლების მიმართ.
„2012 წლამდე არსებული მოცემულობა იყო გაყალბებული არჩევნები, ნულოვანი ბალანსი ხელისუფლების ორგანოებს შორის, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა – მათ შორის ადამიანების წამების, გაუპატიურების, საკუთრების ხელყოფის სისტემური პრაქტიკა, სასამართლოს სრული დაქვემდებარება იუსტიციის სამინისტროზე, ხელისუფლების ტოტალური თვითნებობა“, – განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, აღნიშნული პრობლემები საქართველოში 2012 წლიდან არსებითად გადაიჭრა და ამ ფონზე, დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით, მხოლოდ 12 მეასედით გაუმჯობესებული საქართველოს რეიტინგი კვლევის მიკერძოებულებაზე მეტყველებს.
ირაკლი კობახიძე ასევე მიიჩნევს, რომ Freedom House-ის ანგარიშში, არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილის მიმართ გამოთქმული კრიტიკა დაუსაბუთებელია.
„საუბარი არაფორმალურ მმართველობაზე იმ პირობებში, როდესაც ანგარიშის ავტორები ამგვარი მმართველობის ნიშნების დაკონკრეტებასაც კი ვერ ახერხებენ, ბუნებრივია, საფუძველს არის მოკლებული. ბიძინა ივანიშვილის მიმართ სუბიექტური დამოკიდებულების ყველაზე ნათელი გამოვლინებაა კრიტიკა „პანორამა თბილისთან“ დაკავშირებით, რომელიც ასევე მოკლებულია დასაბუთებას“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
Freedom House დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელიც დემოკრატიისა და თავისუფლების გაფართოებაზე მთელ მსოფლიოში ზრუნავს. ორგანიზაცია აანალიზებს თავისუფლების პრობლემებს, გამოდის უფრო ფართო პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების მხარდაჭერით და ხელს უწყობს დემოკრატიულ გარდაქმნებს.
საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House 1941 წელს დაარსდა.