„ცუდ პოლიციელებს" სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მიხედავს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიციის თანამშრომელი
საპატრულო პოლიციის თანამშრომელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნა, რომელიც პოლიციისა და ჩინოვნიკების მხრიდან წამებასთან, არაადამიანურ მოპყრობასთან, დამამცირებელ დამოკიდებულებასთან დაკავშირებულ საქმეებს გამოიძიებს.

თბილისი, 27 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის კომიტეტები შეუდგნენ ახალი კანონის „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ" პროექტის განხილვას, რომლის თანახმად, პერსონალური მონაცემების დაცვისა და ჩინოვნიკების მხრიდან ძალადობასთან დაკავშირებული დანაშაულების გამოძიების საკითხებით ახალი ორგანო დაკავდება.

კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

„ამ კანონპროექტის მთავარი მიზანია კონფლიქტთა ინტერესების აღმოფხვრა, რომელიც არსებობს, როდესაც უწყება თავისი თანამშრომლის დანაშაულს იძიებს. გარდა ამისა, ახალი უწყება ხელს შეუწყობს წინ აღუდგეს ისეთ სისტემურ დანაშაულებს, როგორიცაა წამება და არაადამიანური მოპყრობა", — განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ.

სპეცოპერაცია - Sputnik საქართველო
2017 წლის ყველაზე გახმაურებული დანაშაულები საქართველოში

კანონპროექტი დეპუტატებს მან ევროპასთან ინტეგრაციისა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გააცნო.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მთლიანად თავის თავზე აიღებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ფუნქციებს, მათ შორის კონტროლს ფარული თვალთვალის განხორციელებაზე. ამასთან, მას თავისი საგამოძიებო ორგანო ექნება.

სამსახურის საგამოძიებო ორგანო გამოიძიებს სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლების ან ჩინოვნიკების, ასევე მათთან გათანაბრებული პირების მხრიდან წამებასთან, არაადამიანურ მოპყრობასთან, წამების მუქარასთან, დამამცირებელ მოპყრობასთან დაკავშირებულ საქმეებს. ამას გარდა, ახალი საგამოძიებო ორგანოს კომპეტენციაში შევა ძალით ან იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი მოვალეობის გადამეტების ან ბოროტად გამოყენების შემთხვევები.

ბარამიძემ განაცხადა, რომ, იუსტიციის სამინისტროს გათვლებით, საუბარია წელიწადში 500-600 საქმის გამოძიებაზე. ამით ათკაციანი საგამოძიებო ჯგუფი დაკავდება.

გამოძიების ფარგლებში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მიიღებს უფლებას, გაატაროს ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები, მიიღოს და გააანალიზოს ინფორმაცია, შექმნას საინფორმაციო სისტემები, გამოიყენოს სხვა სამსახურების მოწყობილობები და ტექნიკა.

სამსახურს არ ექნება სისხლისსამართლებრივი დევნისა და ბრალდების წაყენების უფლება. ამ ფუნქციებს საქართველოს მთავარი პროკურატურა შეასრულებს.

„პროკურატურის საპროცესო ზედამხედველობა არ ნიშნავს, რომ პროკურატურას უფლება ექნება ფუნდამენტურად შეცვალოს საქმის არსი, რომელსაც მას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური წარუდგენს", — აღნიშნა ბარამიძემ.

მთავრობის სხდომა - Sputnik საქართველო
მინისტრთა კაბინეტი პოლიციელთა დანაშაულების საგამოძიებო სამსახურის შექმნას ემხრობა

გარდა ამისა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში გაჩნდება ჩანაწერი, რომლის თანახმად, თუ პროკურორმა ადამიანი ან მისი სამართალმემკვიდრე არ აღიარა დაზარალებულად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გამოძიებულ საქმეში, ხოლო შემდეგ ზემდგომმა პროკურორმა გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, სამსახურს სასამართლოში გასაჩივრება შეუძლია.

დაზარალებულ მხარეს ასევე უფლება ექნება გაასაჩივროს გადაწყვეტილება საქმის დახურვის შესახებ ან სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ საქმეებზე, რომლებსაც სამსახური იძიებს.

ამჟამად ორივე შემთხვევაში სასამართლოში მიმართვა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საუბარია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე.

ბარამიძის თქმით, ასეთი კანონპროექტის მიღება გათვალისწინებულია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით.

კანონპროექტი 2019 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს.

იუსტიციის სამინისტრომ პირობა დადო, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბიუჯეტი იმაზე მეტი იქნება, ვიდრე დღეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექციას აქვს. 2018 წელს მისი ბიუჯეტი 2 მლნ ლარია.

იუსტიციის სამინისტროს საკანონმდებლო ინიციატივას საპარლამენტო უმცირესობა არ ეთანხმება.

კანონპროექტი რომ კანონად იქცეს, ის პარლამენტმა უნდა მიიღოს სამი მოსმენით და შემდეგ ხელი მოაწეროს საქართველოს პრეზიდენტმა.

ყველა ახალი ამბავი
0