კვირიკაშვილი რუსეთს „მოჯადოებული წრიდან გამოსვლას“ სთავაზობს

© FB / Giorgi Kvirikashviliგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი რუსეთის ფედერაციას მიმართავს და მზადყოფნას გამოთქვამს ურთიერთობების მოგვარებისთვის.

თბილისი, 9 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუსეთის ხელისუფლებას რუსეთ-საქართველოს შორის არსებული რთული ვითარების დასაძლევად ერთობლივი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს, ნათქვამია მთავრობის მეთაურის Facebook-გვერდზე.

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები თბილისმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.

ცხინვალი - Sputnik საქართველო
რა ხდება ცხინვალში - ახალი დეტალები ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის საქმეში

მიმდინარე წელს 2008 წლის აგვისტოს ომიდან ათი წელი სრულდება.

„ამჟამად ჩვენ წინაშე არის არჩევანი — აღნიშნულ თარიღს შევხვდეთ ურთიერთბრალდებებითა და მწვავე განცხადებებით, რომელთა ნაკლებობა ამ წლების განმავლობაში ნამდვილად არ იყო, ან გადავდგათ გონივრული, თუნდაც მცირე ნაბიჯები ამ მოჯადოებული წრიდან ჩვენი ურთიერთობების გამოსაყვანად“, – ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმართვაში რუსეთის ფედერაციის უმაღლესი ხელისუფლების მიმართ.

კვირიკაშვილი აღნიშნავს, რომ, რუსეთთან ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენის მიუხედავად, ურთიერთობების მოწესრიგების პერსპექტივას ტრაგიკული მოვლენების ჯაჭვი აფერხებს.

„ამის ბოლო ტრაგიკული მაგალითია ორი კვირის წინ ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში ჩვენი მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილი, რომლის ცხედრის გადმოცემაც კი, მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების, კათოლიკოს-პატრიარქისა და საერთაშორისო თანამეგობრობის არაერთი მცდელობისა, აქამდე ვერ მოხერხდა ოჯახისათვის“, – აცხადებს პრემიერი.

არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში 22 თებერვალს გარდაიცვალა. დე-ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულის უკმარისობა გახდა. ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლება ცხედრის გადმოცემაზე უარს აცხადებს და აღნიშნავს, რომ რუსი ექსპერტების დასკვნას ელოდება.

ტატუნაშვილთან ერთად საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე დააკავეს — ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, რომლებსაც, მიუხედავად გათავისუფლებისა, ტერიტორიის დატოვების უფლებას არ აძლევენ.

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურმა ილია მეორემ ცხინვალის რეგიონში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაში შუამდგომლობის თხოვნით მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილს წერილით 2 მარტს მიმართა. პატრიარქი კირილი საკითხში ჩაერთო და ქართულ მხარეს ამცნო, რომ ცხედარს უმოკლეს დროში გადმოსცემენ.

რუსეთის პატრიარქი კირილი - Sputnik საქართველო
რუსეთის პატრიარქი: ტატუნაშვილის ცხედარს საქართველოში დააბრუნებენ

როგორც კვირიკაშვილი აცხადებს, ურთიერთობების მოგვარების მიზნით იგი მზადყოფნას გამოთქვამს პირადად ჩაერთოს როგორც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების პროცესში, ასევე აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან პირდაპირ დიალოგში. იგი მიესალმებოდა ამ თვალსაზრისით რუსეთის მხარის რეალურად კონსტრუქციულ  მიდგომას.

„ჩვენ ადრეც განვაცხადეთ და კვლავ ვადასტურებთ, რომ დაინტერესებული ვართ მივაღწიოთ რეალურ პროგრესს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების პროცესში, რისთვისაც დავადასტურე ჩემი პირადი ჩართვის მზადყოფნა. მზად ვართ ასევე პირდაპირი დიალოგისათვის აფხაზებთან და ოსებთან და მისასალმებელი იქნებოდა ამ თვალსაზრისით რუსეთის მხარის რეალურად კონსტრუქციული მიდგომა. პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში შესაძლებლად მიგვაჩნია სხვა გონივრული ნაბიჯების გადადგმაც“, – აღნიშნულია პრემიერის მიმართვაში.

დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში დღეისათვის რუსეთ-საქართველოს დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და პრაღაში აბაშიძისა და კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომლებიც ქვეყნის სათავეში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოვიდნენ, განაცხადეს, რომ მათი მთავარი პრიორიტეტი საგარეო პოლიტიკის საკითხებში რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებაა, მაგრამ არა ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის საზიანოდ.

„მივმართავ რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლებას, რათა დღევანდელი დღისა და მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობის გაცნობიერებით გადავდგათ ერთობლივი ნაბიჯები აღნიშნული რთული ვითარების დასაძლევად", — ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის მიმართვაში.

ყველა ახალი ამბავი
0