თბილისი, 7 მარტი — Sputnik. ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების შეხვედრა ცხინვალში სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვთან არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის თაობაზე უშედეგოდ დასრულდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ახალგორის გამგებელზე, ნუგზარ თინიკაშვილზე დაყრდნობით.
ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე ბიბილოვმა განაცხადა, რომ ტატუნაშვილის ცხედარს მის ახლობლებს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ოფიციალური შედეგების მიღების შემდეგ გადასცემს. მისი თქმით, მსგავსი ექსპერტიზები მინიმუმ ერთი თვე გრძელდება.
ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში 22 თებერვალს გარდაიცვალა. ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლება ამტკიცებს, თითქოს დაკავებული ტატუნაშვილი გაქცევას ცდილობდა, ცხინვალის დე-ფაქტო ძალოვანმა სტრუქტურებმა კი ძალა გამოიყენეს, რის გამოც ის დაეცა, კიბეზე დაგორდა და ცუდად გახდა. დე-ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულის უკმარისობა გახდა.
„სამწუხაროდ, როგორც ჩანს, უშედეგოდ ჩაიარა მცდელობამ, რომ მომხდარიყო დღეს ცხედრის გადმოცემა. ჩვენ გავეცანით ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ბიბილოვის განცხადებას, რომ თურმე ერთი თვეა საჭირო ექსპერტიზის ჩასატარებლად. ეს არის არაადამიანური დამოკიდებულება, შურისძიება. კაცი მოკლეს და მკვდრის წამებასაც განაგრძნობენ და არა მხოლოდ მიცვალებულის, არამედ მთელი ქვეყნის დაცინვაა, ცინიზმია და მეტი არაფერი“, – განაცხადა ნუგზარ თინიკაშვილმა.
ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს წარმომადგენლები. ეს მოლაპარაკებები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ იმართება.
ამასთან, სამშაბათს ცხინვალის მოსახლეობამ 2008 წლის ოქტომბერში ქალაქის სამი დაკარგული მკვიდრის — სოლტან პლიევის, ალან ხაჩიროვის და ალან ხუგაევის ახლობლების მხარდასაჭერად მიტინგი გამართა. დე-ფაქტო ხელისუფლება ამტკიცებს, რომ სამი ახალგაზრდა მამაკაცი ქართველმა ძალოვნებმა გაიტაცეს, თუმცა ქართული მხარე ამას უარყოფს.
„ამ სამი დაკარგულის შესახებ ინფორმაცია ახლა მოვისმინეთ, აქამდე მსგავსი რამ საზოგადოებისთვის არ გაჟღერებულა და ცნობილი არ ყოფილა, საიდან მოიტანეს. მაგრამ, ვფიქრობ, სხვადასხვა მიზეზებს პოულობენ იმისათვის, რომ რამენაირად გააჭიანურონ ცხედრის გადმოცემა და შემდეგში ვერ მოხდეს რეალური მიზეზის დადგენა. ამ ეტაპისთვის ოჯახს მხოლოდ ერთი რამ აინტერესებს, ცხედრის მიღება და დაკრძალვა ქრისტიანული წესით, საერთოდ აღარ აინტერესებთ, რით და როგორ გარდაიცვალა, ადამიანი ცოცხალი აღარ არის და ის ვერასოდეს გაცოცხლდება“, – აღნიშნა გამგებელმა.
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურმა ილია მეორემ ცხინვალის რეგიონში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაში შუამდგომლობის თხოვნით მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილს წერილით 2 მარტს მიმართა. პატრიარქი კირილი საკითხში ჩაერთო და ქართულ მხარეს ამცნო, რომ ცხედარს უმოკლეს დროში გადმოსცემენ.
ამასთან, ტელეარხი Rustavi2 იუწყება, რომ ხელისუფლების მიერ საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრები შევიდნენ. ამჟამად ისინი მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
„სავარაუდოდ, ცოცხლებს რამდენადაც დამიკავშირდნენ დღეს საღამოს ან ხვალ წამოიყვანენ. შესულები არიან იქ ბიჭები. არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი სავარაუდოდ ხვალ უნდა გადმოასვენონ უკვე. მე ვუკავშირდები, ჩვენი ბიჭები არიან აცხადებს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი „პატრიოტთა ალიანსიდან” გალინა აღსაბაძე.
არჩილ ტატუნაშვილი 2007-2011 წლებში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ირიცხებოდა. მას უმცროსი სერჟანტის წოდება ჰქონდა. ქართული მასმედიის ინფორმაციით, ტატუნაშვილი სხვადასხვა დროს მონაწილეობდა სამშვიდობო მისიებში ერაყსა და ავღანეთში, ასევე იყო 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე.
ტატუნაშვილთან ერთად საქართველოს ხელისუფლების არაკონტროლირებად ტერიტორიაზე საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე დააკავეს — ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, რომლებსაც, მიუხედავად გათავისუფლებისა, ტერიტორიის დატოვების უფლებას არ აძლევენ.
აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიებია. მოსკოვმა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა. საპასუხოდ თბილისმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.