21:53 20 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
განათლება საქართველოში-2018 (278)
27 0 0

საქართველოს პირველმა პირებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს

თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხელი მოაწერა „ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების“ აღდგენის დოკუმენტს და ამით დაიწყო ღონისძიებები, რომლებიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლისთავს ეძღვნება.

თსუ-ში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, მთავრობის და საზოგადოების წევრები, ასევე პატრიარქის მესაყდრე მეუფე შიო.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის იყო გაცილებით უფრო დიდი ღირებულება და ფასეულობა, ვიდრე ეს არის მხოლოდ საგანმანათლებლო კერა — ეს იყო ყოველთვის კულტურის კერა და ჩვენი სახელმწიფოებრიობის ბურჯი იმ ურთულესი წლების განმავლობაში, როდესაც კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა ჩვენი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისი თქმოთ, 100 წლის შემდეგ ეს იდეა განახლდება და კვლავ იქმნება საზოგადოება, რომელიც დაუდებს დასაბამს დიდი იდეის განვითარებას.

„ჩვენ საფუძველს ვუყრით საქმეს, რომელიც ჩვენი უნივერსიტეტის შემდგომი განვითარების 100 წლის განმავლობაში, დარწმუნებული ვარ, კიდევ არაერთ სასიქადულო მამულიშვილს გაუზრდის ჩვენს ქვეყანას”, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ თსუ-ს იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებები საქართველოს გარდა, უცხოეთშიც გაიმართება.

„ჩემთვის უდიდესი პატივია, ვუხელმძღვანელო სახელმწიფო საიუბილეო კომისიას, რომელიც მოამზადებს ამ ღონისძიებების ჩატარებისთვის საჭირო პირობებს. ეს ღონისძიებები ჩატარდება არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მის ფარგლებს გარეთ“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღდგება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი — თსუ-ს მეორე კორპუსი. გარდა ამისა, გარემონტდება  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რაფიელ აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტსა და უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში (ISET).

„ვფიქრობ, ეს იქნება კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი ჩვენი უნივერსიტეტის მომავლის შესაქმნელად. დარწმუნებული ვარ, ჩვენს უნივერსიტეტში შენარჩუნდება ყველა ის მნიშვნელოვანი დარგი; ფუნდამენტური მეცნიერებების განვითარების საფუძველი კიდევ უფრო გამყარდება, მაგრამ ასევე განვითარდება ძალიან ბევრი ახალი მიმართულება. უნივერსიტეტი ყოველთვის იყო პროგრესის წყარო და თუ საიდანმე ქროდა სიახლის ქარი, ეს ყოველთვის იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, — აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

„ქართული უნივერსიტეტის საზოგადოებას“ სათავეში ზაალ კოკაია ჩაუდგა, ხოლო კვირიკაშვილი მმართველობის წევრია.

საზოგადოება, რომლის მიზანს უნივერსიტეტის განვითარებაზე ზრუნვა წარმოადგენს, სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებსა და მის მხარდამჭერებს აერთიანებს.

საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების დაძლევასა და ქართული სახელმწიფოებრიობის გაძლიერებაში უნივერსიტეტის განსაკუთრებული როლი აღნიშნა. 

"ჩვენი წინაპრების უნარმა, იყო ადეკვატური და პროგრესული, მისცა სტიმული და შესაძლებლობა ჩვენს ქვეყანას ეპასუხა მნიშვნელოვანი და დიდი გამოწვევებისათვის… როცა ვსაუბრობთ იმ ღვაწლზე, რომლითაც შეიქმნა ახალი სახელმწიფო, უდიდესი ინტელექტუალური, ემოციური და პატრიოტული წვლილი, სწორედ უნივერსიტეტზე მოდის", —აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

პარასკევს თსუ-ში გაიმართა გამოფენა, რომელიც „ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების“ დაარსებას მიეძღვნა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო კრებისა და მმართველი ორგანოების ოქმები, წევრთა სიები, შემოწირულობების საანგარიშო წიგნები, წესდება, საზოგადოების წევრთა ფოტოპორტრეტები და ახალდაარსებული უნივერსიტეტის ბეჭედი.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქვეყნის უძველესი უმაღლესი სასწავლებელია. დაარსებულია 1918 წლის 26 იანვარს, ხოლო 1989 წლიდან ატარებს პირველი რექტორის — ივანე ჯავახიშვილის სახელს.

ამჟამად თსუ-ში შვიდი ფაკულტეტია — იურიდიული, ეკონომოკური, ჰუმანიტარული, სამედიცინო, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა.


თემები:
განათლება საქართველოში-2018 (278)

მთავარი თემები