თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. აბიტურიენტებს შორის 2017 წელს ყველაზე დიდი მოთხოვნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზეა (თსუ), აღნიშნულია თსუ-ის Facebook-გვერდზე.
2017 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დაახლოებით 39 ათასი აბიტურიენტი მონაწილეობდა. მათგან ბევრმა სწორედ თსუ აირჩია.
"პირველი უნივერსიტეტი — პირველი არჩევანი! მიუხედავად იმისა, რომ თსუ-ს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი უმრავლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ყველაზე მაღალი აქვს, ჩვენი უნივერსიტეტი 2017 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე პირველი არჩევანის მიხედვით ყველაზე მოთხოვნადია", — აღნიშნულია განცხადებაში.
ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში 3-26 ივლისს ჩატარდა ქვეყნის 22 საგამოცდო ცენტრში. მინამალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა და უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრა ვერ შეძლო აბიტურიენტთა 15%-მა.
აბიტურიენტთა გამოცდების საბოლოო შედეგები აგვისტოს ბოლოს გახდება ცნობილი.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კავკასიაში პირველი უნივერსიტეტია, რომელიც დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს — 1918 წლის 8 თებერვალს (ძველი სტილით 26 იანვარს) გაიხსნა. 1989 წელს უნივერსიტეტს მისი დამაარსებლის ივანე ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა.