კობახიძე: პრაგმატული პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით სტაბილურობას ემსახურება

© FB / Irakli Kobakhidzeთავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია ბათუმში
თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია ბათუმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს მონაწილეობა გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში.

თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის მიმართ საქართველოს პრაგმატული პოლიტიკა ეროვნული და გლობალური სტაბილურობის უზრუნველყოფას ემსახურება, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბათუმში თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე.

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეწყდა. 2012 წელს საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების კურსი აიღო, მაგრამ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხში დათმობების ხარჯზე.

"საქართველო აქტიურად თანამშრომლობს რეგიონის ქვეყნებთან სხვადასხვა სტრატეგიული მიმართულებით. საქართველოს პრაგმატული პოლიტიკა რუსეთის მიმართ, აგრეთვე კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკა, რომელსაც მყარად უჭერენ მხარს ჩვენი მეგობარი ქვეყნები, ეროვნული და გლობალური სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფას ემსახურება", — განაცხადა კობახიძემ თავდაცვისა და უსაფრთხოების მე-11 კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

ბათუმის ხედი - Sputnik საქართველო
ბათუმში თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია მიმდინარეობს

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება.

"საქართველო, ისევე, როგორც მთლიანად თანამედროვე ცივილიზებული სამყარო, დგას უმნიშვნელოვანესი გამოწვევების წინაშე მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. თითოეული ჩვენგანის ვალია, გავუფრთხილდეთ მშვიდობას, სტაბილურობას და უსაფრთხოებას როგორც ეროვნული, ისე გლობალური მასშტაბით", — აღნიშნა კობახიძემ.

კონფერენციის მონაწილეებს მიმართა ასევე თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, რომელმაც განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა, წვლილი შეიტანოს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

ჯერ კიდევ 2016 წლის ზაფხულში ცნობილი გახდა, რომ ნატო შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით გააქტიურებას გეგმავს. ამ პროცესში მონაწილეობას გეგმავს საქართველოც, რომელმაც 2017 წლის დასაწყისში ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში თავისი წინადადებები გაგზავნა.

"საქართველო მზადაა, შეიტანოს წვლილი შავი ზღვის უსაფრთხოების ნატოს ახალი ხედვის რეალიზაციაში, რაც უფრო მეტად შეუწყობს ხელს ჩვენს გამტკიცებას ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში", — განაცხადა იზორიამ.

მინისტრმა საქართველოს საბრძოლო მზადყოფნის ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება, თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარება, რესურსების ეფექტური განაწილება და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება – ის ამოცანებია, რომლითაც ვაძლიერებთ შეკავების ფაქტორს და ვქმნით უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გარემოს", — დასძინა მან.

ნატოს და საქართელოს დროშები - Sputnik საქართველო
კარასინი: ნატო საქართველოს რუსეთის „შეკავების" პოლიტიკის მონაწილედ ხდის

კონფერენციის მონაწილეებს მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც. მან თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს თანამშრომლობის აუცილებლობაზე უცხოელ პარტნიორებთან, რათა რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა შენარჩუნდეს.

კონფერენციაზე სპეციალურად ჩამოვიდა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ჯეიმს აპატურაი.

თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია უნიკალური ფორუმია სამხრეთ კავკასიაში, რომლის მსვლელობისას მაღალი რანგის თანამდებობის პირები, ექსპერტები, აკადემიური წრეების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროატლანტიკური უსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობენ.

კონფერენციის მიზანია თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობის გაღრმავება.

ყველა ახალი ამბავი
0