თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე მონაწილეობენ თავდაცვისა და უსაფრთხოების მე-11 კონფერენციაში, რომელიც ბათუმში გაიხსნა.
"ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორების აქტიური მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის, რადგან მხოლოდ ამ გზით, მხოლოდ საერთო ძალისხმევით შეგვიძლია უზრუნველვყოთ მშვიდობა და უსაფრთხოება და გზა გავუხსნათ მდგრად და სტაბილურ განვითარებას არა მხოლოდ ჩვენ ქვეყანაში, არამედ მთელ რეგიონში. მოგეხსენებათ, რამდენად რთულ რეგიონში ვცხოვრობთ და რამდენ რბილ თუ ხისტ გამოწვევასთან გვიწევს გამკლავება, თუმცა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევების წინაშე არა მარტო ჩვენი ქვეყანა და რეგიონი დგას, არამედ, სამწუხაროდ, ეს საერთო გახდა მთელი მსოფლიოსთვის, ამიტომ მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება ჩვენგან კიდევ მეტ ძალისხმევას საჭიროებს", — განაცხადა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა კონფერენციის გახსნისას.
მან აღნიშნა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ უსაფრთხოების კონფერენცია საერთაშორისო ფორმატში გადავიდა.
"დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება სიღრმისეული განხილვა და მსჯელობა, თუ როგორ დავძლიოთ ერთად ეს გამოწვევები", — განაცხადა კვირიკაშვილმა.
კონფერენციაზე სპეციალურად ჩამოვიდა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ჯეიმს აპატურაი.
თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია უნიკალური ფორუმია სამხრეთ კავკასიაში, რომლის მსვლელობისას მაღალი რანგის თანამდებობის პირები, ექსპერტები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მასმედიის წარმომადგენლები ევროატლანტიკური უსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობენ.
კონფერენციის მიზანია თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობის გაღრმავება.