ფილოლოგი, რომელსაც „ძაფებთან თამაში“ უყვარს, და 80 ფერით მოქარგული ტილო

© photo: courtesy of Lela Nutsubidzeლელა ნუცუბიძე
ლელა ნუცუბიძე - Sputnik საქართველო, 1920, 13.07.2021
გამოწერა
როცა მის მოქარგულ ნამუშევრებს უყურებ, ძნელად იჯერებ, რომ მისმა ავტორმა ხატვა საერთოდ არ იცის. უბრალოდ, ერთ დღეს სურვილი გაუჩნდა, დაჯდა და ქარგვა დაიწყო.
ამ საქმით „მოწამლულმა" ქუთაისელმა ქალბატონმა ლელა ნუცუბიძემ, რომელიც პროფესიით ფილოლოგია, მისთვის ჩვეული სტილით უკვე არაერთი საინტერესო ნამუშევარი მოქარგა და გამოფენებშიც მიიღო მონაწილეობა. დღეს იგი „საქართველოს მქარგველების და ხელმარჯვეების“ ასოციაციის წევრია და სამომავლოდ ქარგვის საკუთარი ხელწერის დახვეწას აპირებს.
© photo: courtesy of Lela Nutsubidzeლელა ნუცუბიძე
ლელა ნუცუბიძე - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ლელა ნუცუბიძე
- ქალბატონო ლელა, ცხოვრებაში ყველაფერი ერთ მშვენიერ დღეს ხდება ხოლმე...
- ჩემი ამბის თხრობას ცოტა შორიდან დავიწყებ. არ მახსოვს რამდენი წლის ვიყავი, სულ ვაკვირდებოდი დედას, რომელიც წყლისებური ტექნიკით ქარგავდა. მომწონდა ფერადი ძაფები, თუმცა მათთან მიახლოებას ვერ ვბედავდი. ჰოდა, მართლაც ერთ მშვენიერ დღეს გავბედე, დავჯექი და ჩუმად ამოვქარგე ყვავილები, რომელიც ძალიან ლამაზი გამოვიდა. ამის შემდეგ „მოვიწამლე" ამ ხელსაქმით. ხატვით, გაგიკვირდებათ და, საერთოდ არ ვხატავ. როცა ქარგვა დავიწყე, ისიც კი არ ვიცოდი, ძაფებს ნომრები თუ ჰქონდა. მოგვიანებით ბავშვობის მეგობარმა ჯვარედინი ქარგვა მასწავლა. მისი დღემდე მადლიერი ვარ. ქარგვა გიქმნის თავისებურ მშვიდ და ლამაზ განწყობას და ის გარემოც, სადაც ქარგავ, ასეთივე ხდება.
© photo: courtesy of Lela Nutsubidzeლელა ნუცუბიძის შემოქმედება
ლელა ნუცუბიძის შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ლელა ნუცუბიძის შემოქმედება
- ფილოლოგები ხშირ შემთხვევაში ხდებიან ის ადამიანები, ვისაც წიგნის კითხვა უყვარს, თქვენ შემთხვევაშიც ეს იყო განმსაზღვრელი?
- ალბათ ჩემ შემთხვევაშიც ასე გამოვიდა. სახლში ძალიან მდიდარი ბიბლიოთეკა გვაქვს. შესაბამისად, კითხვაც პატარაობიდან დავიწყე. ერთ რომელიმე ჟანრს არ ვარჩევდი. თუმცა არ ვიცი რატომ, კლასიკური ნაწარმოების შემდეგ აუცილებლად მსუბუქ ლიტერატურას ვკითხულობდი ხოლმე. ამის გარდა, სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას სასიამოვნო გარეგნობის, არაჩვეულებრივი პედაგოგი, ეთერ ტეხაშვილი მასწავლიდა. ვთვლი, რომ ჩემი პროფესიაც ამ ქალბატონმა განსაზღვრა.
© photo: courtesy of Lela Nutsubidzeლელა ნუცუბიძე გამოფენაზე
ლელა ნუცუბიძე გამოფენაზე - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ლელა ნუცუბიძე გამოფენაზე
- ვიცი, რომ ხუმრობით ამბობთ, ფერებს ვეთამაშებიო, ყველაზე დიდი რაოდენობის ფერით რომელი სურათი მოგიქარგავთ?
- საერთოდ ფიქრი მიყვარს და ეს ალბათ თითქმის ყველა სურათზე აისახება. დიახ, ხუმრობით ვამბობ ხოლმე, ძაფებს და ფერებს ვეთამაშები–მეთქი. ჩემთვის ამგვარი „თამაშის“ პროცესი ძალიან სასიამოვნოა. მიყვარს, როცა უჯრა უჯრას ემატება, ფერს ფერი ცვლის შეუმჩნევლად... საოცარი მომენტია, ესაა ხელოვნების ძალა, რომელსაც იმ წუთებში გრძნობ. რაც შეეხება თქვენს კითხვას, სურათი, რომელზეც ახლა ვმუშაობ, 80 ფერით იქარგება. ამ რაოდენობის ძაფით მუშაობა, რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ ამავე დროს საინტერესოც. ვქარგავ „მულინის" ძაფით, ჯვარედინი და წყლისებური ტექნიკით, დღეს ასე ბევრი მუშაობს, მაგრამ მე ვცდილობ, რომ ინდივიდუალობა შევინარჩუნო და მხოლოდ ისე მოვქარგო, როგორც მესმის და მომწონს.
© photo: courtesy of Lela Nutsubidzeლელა ნუცუბიძის შემოქმედება
ლელა ნუცუბიძის შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ლელა ნუცუბიძის შემოქმედება
- დღეს სხვადასხვა პროფესიის ქალბატონები ცდილობენ, რომ საკუთარი თავი ხელოვნების ამა თუ ის სფეროში აღმოაჩინონ...
- როცა სოციალური ქსელები გაჩნდა, აღმოვაჩინე, რომ საქართველოში თურმე ბევრი ქალბატონი ქარგავს. გამიჩნდა ინტერესი და სურვილი, რომ ისინი გამეცნო და შევხვედროდი მათ. ასეც მოხდა, გაცნობის მერე რეგულარული შეხვედრები დავიწყეთ. მერე ერთობლივი გამოფენებიც მოეწყო თელავში, ბათუმში, თბილისსა და ქუთაისში. ყველა გამოფენა ერთნაირად საინტერესო იყო. სასიამოვნოა, როცა ერთ სივრცეში თავმოყრილ ამდენ სილამაზეს უყურებ. ხშირად მეკითხებიან პერსონალურ გამოფენაზე, მაგრამ ამ ეტაპზე თავს ვიკავებ, რადგან ვთვლი, რომ ამისთვის ჯერ მზად არ ვარ.
© photo: courtesy of Lela Nutsubidzeლელა ნუცუბიძის შემოქმედება
ლელა ნუცუბიძის შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ლელა ნუცუბიძის შემოქმედება
- თუ ხართ რომელიმე შემოქმედებითი ორგანიზაციის წევრი?
- ჩვენთან მოქმედებს „საქართველოს მქარგველების და ხელმარჯვეების“ ასოციაცია, რომელშიც გაერთანებული ვარ. ჩვენი პრეზიდენტი, ვინც ამ ყველაფერს სხვებთან ერთად ჩაუყარა საფუძველი, ძალიან საინტერესო ახალგაზრდა გოგონა ნინო მდინარაძეა. თავიდან პირადად ნინოს დავუკავშირდი. ამგვარი ასოციაცია ყველასთვის კარგია, რადგან მის ფარგლებში ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთებაა შესაძლებელი. სამწუხაროდ, როგორც ყველას, პანდემიამ გეგმები ჩვენც შეგვიცვალა.
© photo: courtesy of Lela Nutsubidzeლელა ნუცუბიძის შემოქმედება
ლელა ნუცუბიძის შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ლელა ნუცუბიძის შემოქმედება
- ალბათ ამ დროს ძაფების დეფიციტიც გაჩნდა...
- დიახ, როცა ქვეყანა ჩაიკეტა, ძაფს და კანვას ვეღარ ვყიდულობდი. თუმცა უსაქმოდ მაინც ვერ გავჩერდი და თმის სამაგრების მოქარგვა დავიწყე. დღეს სუვენირებსაც ვაკეთებ. ერთხელ ზარდახშაც ვცადე და, მგონი, ლამაზი გამოვიდა.
© photo: courtesy of Lela Nutsubidzeლელა ნუცუბიძის შემოქმედება
ლელა ნუცუბიძის შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ლელა ნუცუბიძის შემოქმედება
- ქუთაისი ოდესღაც „ინდუსტრიის ქალაქი“ იყო, დღეს აქ ბევრი ხელმარჯვე ქალბატონი საქმიანობს. ალბათ ის თქვენი შთაგონების წყაროც არის?
- დიახ, „ინდუსტრიის ქალაქი“ დიდი ხანია აღარ არის, მაგრამ მან დღემდე შეინარჩუნა თავისი კოლორიტი, ინდივიდუალურობა და სულიერება, რითიც ყოველთვის გამოირჩეოდა. აქ ჩემი ბავშვობაა - ფერადი, ლაღი და ლამაზი წარსული. მიყვარს მწვანეში ჩაფლული ეს მშვიდი და ზომიერი იუმორით გაჯერებული ქალაქი, რომლისთვისაც სტუმართმოყვარეობა უცვლელი ტრადიციაა. ბედნიერებას მანიჭებს აქაური ურთიერთობები და ალბათ ესეც მეხმარება იმ საქმეში, რაშიც, მგონი, საკუთარი თავი და სიმშვიდე ვიპოვე...
 
ყველა ახალი ამბავი
0