ტაო-კლარჯეთში დაბადებული ექიმი, რომელიც ქართველ პაციენტებს უანგაროდ ეხმარება

© photo: courtesy of Ali Yılmazალი ილმაზი
ალი ილმაზი - Sputnik საქართველო, 1920, 08.07.2021
გამოწერა
ქართული წარმოშობის ექიმი ალი ილმაზი დიდი ხანია, თურქეთში ჩასული ქართველი ემიგრანტებისთვის იმედის შუქურაა. სამედიცინო საქმიანობის დაწყების დღიდან დღემდე ბევრ ქართველს დაეხმარა, თანაც სრულიად უანგაროდ.
ბატონი ალი უკვე 11 წელია, რაც თურქეთში სამედიცინო სფეროშია. ბოლო შვიდი წელი ქალაქ რიზეს მეშვიდე პოლიკლინიკაში ოჯახის ექიმად მუშაობს. არის სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული არაერთი საერთაშორისო სამედიცინო კონფერენციის მონაწილე და თანაორგანიზატორი. მიღებული აქვს მრავალი სერტიფიკატი და მადლობის წერილი. თუმცა მისთვის ყველაზე ძვირფასი ჯილდო გამოჯანმრთელებული მადლიერი ქართველი პაციენტების სიტყვებია... 
© photo: courtesy of Ali Yılmazალი ილმაზი
ალი ილმაზი - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ალი ილმაზი
- ბატონო ალი, ყველა ქართველისთვის საოცარ ადგილზე დაიბადეთ...
- დიახ, დავიბადე ისტორიულ ტაო-კლარჯეთში, ართვინის რაიონში, შავშეთის ოლქში, სოფელ ხევწვრილში (Çağlıyan köyü). აქ გატარებული ბავშვობა ძალიან კარგად მახსენდება. მეექვსე კლასში ვიყავი, როცა ტრაპიზონში გადავედით საცხოვრებლად. ჩემში ბავშვობის ყველაზე დიდ ასოციაციას ბებიის ნამღერი ქართული სიმღერები იწვევს. ის წარმოშობით მაჭახელიდან იყო. მისი სიმღერები მილამაზებდა ბავშვობის დღეებს და ისინი ახლაც მახსოვს...
© photo: courtesy of Ali Yılmazალი ილმაზი
ალი ილმაზი - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ალი ილმაზი
- დღეს თუ ჩადიხართ ბავშვობის ალაგზე?
- მშობლიურ სოფელში ოჯახთან ერთად ჩავდივარ ხოლმე და ძალიან ბედნიერი ვარ. ვამაყობ, რომ ამ ულამაზეს და ისტორიულ მხარეში დავიბადე. სხვათა შორის, ჩემი სახლი ისტორიულია და ის 200 წელზე მეტია, რაც დგას. იმ ადგილზე, სადაც დავიბადე, ყველა ქართულად საუბრობს. პატარებმა ბავშობიდანვე ვიცოდით, რომ ჩვენ თურქეთში მაცხოვრებელი ძირძველი ქართველები ვართ.
© photo: courtesy of Ali Yılmazალი ილმაზის 200 წლიანი საგვარეულო სახლი
ალი ილმაზის 200 წლიანი საგვარეულო სახლი - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ალი ილმაზის 200 წლიანი საგვარეულო სახლი
- ექიმის პროფესია როგორ აირჩიეთ?
- ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანების დახმარება. მიმაჩნია, რომ ამაზე უკეთესს ვერაფერს გააკეთებ ამ სამყაროში. სწორედ ამიტომ ავირჩიე ეს პროფესია. აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ჩემ განათლებასა და განვითარებაში მამაჩემმა და ცნობილმა მწერალმა გურამ ფანჯიკიძემ დიდი წვლილი შეიტანეს. მე ვიცნობდი ბატონ გურამს, რომელიც ყოველთვის მეუბნებოდა, შენ ორი ქვეყნის - საქართველოსა და თურქეთის ჯანდაცვის სისტემებს შორის საყრდენი ხიდი იქნებიო. სულ მახსოვს ეს სიტყვები და ვცდილობ, რომ მისი იმედები გავამართლო.
© photo: courtesy of Ali Yılmazსამეცნიერო კონგრესში მონაწილე კოლეგებთან ერთად ბათუმში
სამეცნიერო კონგრესში მონაწილე კოლეგებთან ერთად ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
სამეცნიერო კონგრესში მონაწილე კოლეგებთან ერთად ბათუმში
- უმაღლესი განათლება თბილისში მიიღეთ?
- დიახ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დავამთავრე. იმ უნივერსიტეტმა, გარემომ, ლექტორებმა და კურსელებმა ჩემში დიდი კვალი დატოვეს. ყველაფერი ძალიან კარგად მახსენდება და იმ დროის ამბები ჩემი ცხოვრების საუკეთესო მოგონებებია.
© photo: courtesy of Ali Yılmazალი ილმაზი ალექს ბაიდოშვილთან ერთად
ალი ილმაზი ალექს ბაიდოშვილთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ალი ილმაზი ალექს ბაიდოშვილთან ერთად
- გავიგე, რომ თურქეთში ძალიან ბევრ ქართველ ემიგრანტს უანგაროდ ეხმარებით, მართალია?
- თურქეთში სამედიცინო სფეროში მუშაობის დაწყების დღიდან ძალიან ბევრი ქართველი ემიგრანტი პაციენტი შემხვდა. მათ შეძლებისდაგვარად და, როგორც ბრძანეთ, უანგაროდ ვეხმარები. ამ თემაზე საქართველოსა და თურქეთში შესაბამის სამსახურებთანაც მაქვს კონტაქტი. ძალიან მიხარია, რომ თურქეთში ჩამოსულმა ქართველებმა კარგად იციან ჩემ შესახებ და, რაც მთავარია, ვეიმედები მათ. განსხვავებული პაციენტები არიან. ქართველები, როგორც საერთოდ კავკასიელებს ახასიათებს, ძალიან ემოციურები არიან და ეს მკურნალობის დროსაც აშკარად ვლინდება.
© photo: courtesy of Ali Yılmazალი ილმაზი
ალი ილმაზი - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ალი ილმაზი
- სამწუხაროდ, ფატალურ შემთხვევებსაც აქვს ადგილი და ვიცი, რომ ასეთ დროსაც არ ტოვებთ ქართველ ჭირისუფალს მარტო...
- როცა ფატალური შემთხვევაა, ასეთ დროს თურქეთში ვუკავშირდები შესაბამის სამსახურებს, რათა გარდაცვლილ პაციენტებს სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდეს. საჭიროების შემთხვევაში, მათ სარფამდე გადმოსვენებაშიც უანგაროდ ვეხმარები.
© photo: courtesy of Ali Yılmazალი ილმაზი
ალი ილმაზი - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ალი ილმაზი
- ქართველი მეუღლე როგორ გაიცანით?
- მომავალი მეუღლის ეროვნებაზე წინასწარ არასდროს მიფიქრია, ჩვენ შემთხვევაში გადამწყვეტი ფაქტორი სიყვარული გახდა. ჩემი მეუღლის მამა და მამაჩემი ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ. მომავალი მეუღლე მაშინ გავიცანი, როცა მამამ სასწავლებლად თბილისში ჩამომიყვანა. დღეს ბედნიერი ოჯახი გვაქვს და ორი შვილი გვყავს. ყველაზე მეტად მიყვარს ოჯახში ყოფნა, ასევე მეგობრებთან შეხვედრაც. მიყვარს თბილისში ჩამოსვლა და რუსთაველზე გავლა. მიყვარს ეს ქვეყანა, რადგან საქართველო ჩემი მეორე სამშობლოა...
© photo: courtesy of Ali Yılmazალი ილმაზი
ალი ილმაზი - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ალი ილმაზი
- რაიმე მოულოდნელი ამბავი ხომ არ გახსენდებათ მადლიერი ქართველი პაციენტებისგან?
- ერთ სასიამოვნო შემთხვევას გავიხსენებ. თურქეთში სულ რამდენიმე დღის ჩასული ვიყავი, როცა კლინიკაში ქართველი პაციენტი აღმოვაჩინე. ახალგაზრდა ბიჭი დახმარებას ითხოვდა, თუმცა მისი არავის ესმოდა. მოგეხსენებათ, ენის ბარიერი დიდი პრობლემაა. რა თქმა უნდა, მას მაშინვე დავეხმარე. გარკვეული დროის მერე ოჯახთან ერთად ბულვარში ვსეირნობდი, როცა ჩემ წინ მოულოდნელად აღმოჩნდა ადამიანების დიდი ჯგუფი, რომელმაც საჯაროდ მადლობის გადახდა დაიწყო მეგობრის გადარჩენისათვის. მერე მათ სწორედ ის ახალგაზრდა ბიჭი გამოეყო და მაშინ მივხვდი, რაც ხდებოდა. ასეთი შემთხვევები ძალიან ხშირად ხდება და ეს ძალიან სასიამოვნო და სასიხარულოა. ალბათ ასეთი წუთების გამო ღირდა ამ პროფესიის არჩევა, ყველაზე კეთილშობილური საქმეა სამყაროში...
 
ყველა ახალი ამბავი
0