21:29 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
ქართველები უცხოეთში (112)
76210

რუბრიკაში „ქართველები უცხოეთში“ ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ დიზაინერს იანა გეგუჩაძეს შეგახვედრებთ.

„კოლექციაზე მუშაობისას ვიგრძენი დიდი ძალა, რაც მშობლიური სამოსიდან მოდიოდა. ეს იყო გამოძახილი ეროვნული იდენტობის მწვავე განცდიდან, რაც სამშობლოს მრავალწლიანი მონატრების გამოძახილია...“

მისი კოლექცია გაერთიანებულია ბრენდში, რომლის სახელია „იავნანა” - By Yana Geg. ქალის თანამედროვე სამოსს დიზაინერი ქართული ტრადიციული სამოსის მიხედვით ქმნის. უკვე ცნობილია სპეციალურად მანდილოსნებისთვის შექმნილი მისი ჩოხები, ყაბალახები და ნაციონალური სამოსის სხვადასხვა აქსესუარები. ისინი მოწონებით სარგებლობს ამერიკის არა მარტო ქართულ საზოგადოებაში, არამედ უცხოელებს შორისაც.

იანა გეგუჩაძე
იანა გეგუჩაძე

- იანა, როდის გაგიჩნდათ ნაციონალური სამოსის მიხედვით ტანსაცმლის შექმნის იდეა?

- ადრეული ასაკიდან მხიბლავდა ესკიზების ხატვა და ჭრა-კერვა. ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში გერმანული ენისა და ლიტერატურის შესწავლისას მეორე ფაკულტეტად ქალის ტანსაცმლის დიზაინი ავირჩიე. მოგვიანებით ქართული ნაციონალური სამოსის გათანამედროვებულ კოლექციაზე დავიწყე მუშაობა.

იანა გეგუჩაძის დიზაინით შექმნილი აქსესუარები
იანა გეგუჩაძის დიზაინით შექმნილი აქსესუარები

- ოდესმე ბებიის სკივრიდან თუ ამოგიღიათ და განგიახლებიათ კაბა?

- სამწუხაროდ, მარტო ერთი ბებია მყავდა და მასთან ურთიერთობის ფუფუნებაც მხოლოდ ათ წლამდე მქონდა. სამაგიეროდ ადრეული ასაკიდან მივეჩვიე დედის საკაბეებს. როცა სამსახურში დავიგულებდი, წინასწარ დახატული ესკიზების მიხედვით დედის საკაბე ქსოვილებისგან ვჭრიდი და ვკერავდი ტანისამოსს.

იანა გეგუჩაძის ქალიშვილი
იანა გეგუჩაძის ქალიშვილი

- უკვე ბევრ დიზაინ-სტუდიაში ხართ ნამუშევარი, ყველაზე მეტი გამოცდილება სად შეიძინეთ?

- დიახ, ბევრი წელია, რაც ნიუ-იორკის სხვადასხვა დიზაინ-კომპანიაში ვმუშაობ. მათ შორის გამოვარჩევდი ბროდვეის თეატრალურ ტანსაცმელზე მუშაობის პერიოდს. როგორც წესი, ადამიანი, როგორც პროფესიონალი, ნებისმიერ კოლექტივში ვითარდება, ახალი იდეები კი შრომის პროცესში იბადება და იხვეწება.

იანა გეგუჩაძის დიზაინით შექმნილი აქსესუარი
იანა გეგუჩაძის დიზაინით შექმნილი აქსესუარი

- როდის დარწმუნდით, რომ ნაციონალური სამოსის მიხედვით შექმნილი ტანსაცმელი უცხოეთში ყურადღებას მიიქცევდა?

- მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივ კაბებზე მეტი მოთხოვნაა, გული ეროვნული სამოსის შექმნას მთხოვს. ეროვნულ სამოსს როცა ირგებ, გრძნობ თუ „ვისი გორისა ხარ". ამას განსაკუთრებით მივხვდი ემიგრაციაში დაბადებული და გაზრდილი ჩემი ქალიშვილის მაგალითზე, რომელმაც სასკოლო ღონისძიებისთვის ქართული ეროვნული სამოსი მოითხოვა. როგორც შემდეგ დავრწმუნდით, ამით მან ყურადაღება მიიქცია და მოწონებაც დაიმსახურა.

იანა გეგუჩაძის დიზაინით შექმნილი სამოსი
იანა გეგუჩაძის დიზაინით შექმნილი სამოსი

- გამოდის, რომ პირველი „შემკვეთი“ თქვენი ქალიშვილი იყო?

- დიახ, ჩემთვის ყველაზე უჩვეულო და შთამბეჭდავი ის იყო, რომ ნაციონალური სამოსის პირველი „შეკვეთა“ დაახლოებით შვიდი წლის წინ ჩემი ქალიშვილისგან წამოვიდა. ამის შემდეგ სურვილი და მოთხოვნილება, რომ ქართულ ეროვნულ სამოსზე მემუშავა, უფრო გამიძლიერდა. დღეს ჩემთვის ყველა კაბა ძვირფასია და მიყვარს, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ეროვნულ სამოსში თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობ. მეამაყება ქართული ტრადიციები და კულტურა, ვამაყობ, რომ ქართველი ვარ.

იანა გეგუჩაძე
იანა გეგუჩაძე

- ისიც უნდა ითქვას, რომ თქვენ მიერ შექმნილი ნაციონალური სამოსი გათანამედროვებულია და მისი ჩაცმა ყველგანაა შესაძლებელი...

- ძალიან მინდოდა, რომ ეს სამოსი მხოლოდ სამუზეუმო-საკონცერტო რეკვიზიტად არ დარჩენილიყო და მისი მორგება შესაძლებელი ყოფილიყო თანამედროვე ყოფაშიც. როგორც დავინახე, ამან გაამართლა. მანდილოსნებისთვის შექმნილმა ჩემმა ჩოხებმა, ყაბალახებმა, ქისებმა და ფაფანაკებმა დიდი მოწონება დაიმსახურა არა მარტო ქართველ საზოგადოებაში, არამედ უცხოურ მომხმარებელთა შორისაც. ამან კიდევ უფრო გამახარა და სტიმული მომცა, რომ თანამედროვე სამოსთან ერთად ნაციონალური სამოსის თანამედროვე ვარიანტებიც შემექმნა.

იანა გეგუჩაძის დიზაინით შექმნილი სამოსი
იანა გეგუჩაძის დიზაინით შექმნილი სამოსი

- რომელ ჩვენებაში მონაწილეობა დაგამახსოვრდათ?

- მიწვეული ვიყავი ფილადელფიაში ჩატარებულ საღამოზე, რომლის ორგანიზატორი პოეტი ლელა ნინუა იყო. საღამო ქართული სულისკვეთებით იყო გაჟღენთილი, რადგან მასზე გაჟღერდა ქართული ლექსები და სიმღერები, წარმოდგენილი იყო ნაციონალური ცეკვები და ყველაფერი ეს საოცარ ნოსტალგიას იწვევდა თითოეულ ჩვენგანში. სხვა ქართველებთან ერთად მაშინ მეც მომეცა იმის შესაძლებლობა, რომ საკუთარი კოლექციის ნაწილი მეჩვენებინა და ამით იმ საღამოს წარმატებით ჩატარებაში საკუთარი წვლილი შემეტანა. საღამოზე გაყიდული ჩემი ნამუშევრებიდან მიღებული თანხა მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს გადავურიცხე.

იანა გეგუჩაძის დიზაინით შექმნილი სამოსი
იანა გეგუჩაძის დიზაინით შექმნილი სამოსი

- ალბათ პანდემიამ თქვენი გეგმებიც შეცვალა...

- ეროვნული სამოსის დღესთან დაკავშირებით რაიმეს გაკეთებაც მინდოდა, მაგრამ პანდემიის გამო თავი შევიკავე. პაუზა უკვე ძალიან გაგვიგრძელდა და ყველაფრის აკრძალვას ლამისაა შევეჩვიეთ. თუმცა, საბედნიეროდ, ქართველები დაუმორჩილებლები ვართ და ბედს თავს არ ვუხრით, ამიტომ ჩემს ოცნებასა და გეგმებზე უარის თქმას არ ვაპირებ. ამ ეტაპზე ვერაფერს ვიტყვი, თუმცა სურვილი მაქვს, რომ სამშობლოში დავბრუნდე, არ ვიცი რამდენად შევძლებ ამის განხორციელებას, მაგრამ ფაქტია, ძალიან მინდა.

იანა გეგუჩაძის დიზაინით შექმნილი სამოსი
იანა გეგუჩაძის დიზაინით შექმნილი სამოსი

- რადგან ეროვნულ სამოსზე მუშაობის სურვილი გაქვთ, ეს იმის მანიშნებელია, რომ მოგენატრათ თქვენი ქვეყანა...

- მართლაც ასეა, მენატრება ჩემი სამშობლო და თითოეული ადამიანი, ვინც მოგონებებით მასთან მაკავშირებს. ემიგრაციაში უფრო მეტად გრძნობ ამ სიყვარულს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და საქართველოს დამოუკიდელობის დღე მივულოცო ყველას, ვისთვისაც ეს თარიღი მნიშვნელოვანია, ვინც ქვეყნის ფარგლებს გარეთაც ახერხებს დარჩეს თავისი ტრაციციებისა და კულტურის ერთგული. საქართველოს კი წინსვლას და ეკონომიკურ სიძლიერეს ვუსურვებ!..

 

თემები:
ქართველები უცხოეთში (112)

მთავარი თემები