10:38 09 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9640
  • 100 RUB4.4518
  • USD3.3202
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
43010

თქვენ გაყიდეთ თქვენი თავისუფლება იმ კომფორტზე, რასაც დისციპლინა და უპირატესობა იძლევა. თქვენ გადაწყვიტეთ, უარი გეთქვათ საკუთარ შეხედულებებსა და ფასეულობებზე და მიიღეთ ჯგუფის ნება და დიდი ტყუილი

ეს უჩვეულო და ძალზე სამაგლითო ექსპერიმენტი ამერიკელმა მასწავლებელმა რონ ჯონსმა 1967 წელს ჩაატარა. მას კალიფორნიის შტატის ქალაქ პალო-ალტოს ელვუდ კაბერლის სკოლაში ისტორიის გაკვეთილები მიჰყავდა. ერთ-ერთი გაკვეთილის დროს, როდესაც მეორე მსოფლიო ომზე, საკონცენტრაციო ბანაკებსა და ფაშისტების სხვა საშინელებებზე საუბრობდა, ერთმა მოსწავლე ჰკითხა, თუ როგორ ვერ ამჩნევდნენ გერმანიაში მცხოვრები უბრალო ადამიანები, რა ხდებოდა მათ ქვეყანაში, როგორ შეეძლოთ თავი მოეტყუებინათ, თითქოს ამაზე არაფერი იცოდნენ. მაშინ ჯონსმა უჩვეულო ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტა.

ორშაბათს მან ბავშვებს წაუკითხა ლექცია დისციპლინის ძალაზე; იმაზე, თუ რას გრძნობს სპორტსმენი, რომელიც გულმოდგინედ და რეგულარულად ვარჯიშობდა, რათა წარმატებისთვის მიეღწია; რამდენს მუშაობს ბალერინა ან მხატვარი, რათა თითოეული მოძრაობა სრულყოს; მეცნიერის მოთმინებაზე, რომელიც სამეცნიერო იდეით არის შეპყრობილი. ჯონსმა მოსწავლეებს უბრძანა, დამსხდარიყვნენ მდგომარეობაში „სწორდი", რადგან ის სწავლას უფრო უწყობს ხელს. შემდეგ მან მოსწავლეებს რამდენჯერმე უბრძანა, ამდგარიყვნენ და ახალ მდგომარეობაში დამსხდარიყვნენ, შემდეგ ასევე არაერთხელ უბრძანა გასვლა აუდიტორიიდან და უხმაუროდ შემოსვლა და თავიან მერხებთან დასხდომა. მოსწავლეებს „თამაში" მოეწონათ და ისინი დავალებებს სიამოვნებით ასრულებდნენ.

ომობანა
„ომობანა"

სამშაბათს, როდესაც მასწავლებელი კლასში შევიდა, აღმოაჩინა, რომ ყველა მოსწავლე ზის მდგომარეობაში „სწორდი". ზოგიერთი მათგანი იღიმოდა, მაგრამ უმეტესობა სერიოზული გამომეტყველებით იყურებოდა. ჯონსი კლასს ერთიანი, გუნდური აზროვნების ძალის შესახებ ესაუბრა. მან ბავშვებს ერთიანი სკანდირებისკენ მოუწოდა: „ძალა დისციპლინაშია, ძალა ერთიანობაშია". ბავშვები აშკარა აღფრთოვანებით მონაწილეობდნენ და საკუთარი ჯგუფის ძალას ხედავდნენ. გაკვეთილის ბოლოს ჯონსმა მოსწავლეებს აჩვენა მისალმება, რომელიც მათ ერთანეთთან შეხვედრისას უნდა გამოეყენებინათ — მხრის გასწვრივ მოღუნული მარჯვენა ხელი და ამას მესამე ტალღის მისალმების ჟესტი უწოდა. შემდეგი დღეების განმავლობაში მოსწავლეები ერთმანეთს ამ ჟესტით ესალმებოდნენ.

ოთხშაბათს ჯონსმა ყველა მოსწავლეს წევრის ბილეთები დაურიგა. აუდიტორიის დატოვება არავინ მოისურვა. სხვა გაკვეთილები, ექსპერიმენტში მონაწილეობის მისაღებად, ცამეტმა მოსწავლემ დატოვა. მასწავლებელმა მათ ბილეთები გადასცა. სამ ბილეთზე ჯონსმა წითელი ჯვრები დასვა და მათ მიმღებ მოსწავლეებს განუცხადა, რომ სპეციალური დავალება აქვთ — უნდა მოახსენონ მათ შესახებ, ვინც კლასის წესებს არ დაემორჩილება. თუმცა პრაქტიკაში ნებაყოფლობითი დამსმენი როლი დაახლოებით ოცმა მოირგო. ერთ-ერთმა მოსწავლემ, რომელიც მსხვილი აგებულებისა იყო და სწავლის უნარი მაინცდამაინც არ გააჩნდა, მასწავლებელს უთხრა, რომ მისი მცველი იქნებოდა და მას მთელ სკოლაში დაჰყვებოდა. სამმა ყველაზე წარმატებულმა მოსწავლემ, რომელთა უნარები ახალ პირობებში მოთხოვნადი არ აღმოჩნდა, ექსპერიმენტის შესახებ მშობლებს მოუთხრეს. შედეგად, ჯონსს ადგილობრივმა რაბინმა დაურეკა, რომელიც დაკმაყოფილდა პასუხით, რომ კლასი პრაქტიკულად სწავლობს პიროვნების გერმანულ ტიპს. რაბინი მას დაჰპირდა, რომ მოსწავლეების მშობლებს ყველაფერს აუხსნიდა. ჯონსს ძალიან გაუცრუვდა იმედი, რომ ამ ექსპერიმენტს წინააღმდეგობა არც უფროსებმა არ გაუწიეს, სკოლის დირექტორი მას მესამე ტალღის სალუტით ესალმებოდა. დღის ბოლოსთვის ორგანიზაციაში ორასზე მეტი მოსწავლე მიიღეს. ისინი სხვა მოსწავლეებისგან წესების მკაცრად დაცვას მოითხოვდნენ და აშინებდნენ მათ, ვინც ექსპერიმენტს სერიოზულად არ აღიქვამდა.

ექიმებმა ექსპერიმენტის მონაწილეები სულიერად დაავადებულად ჩათვალეს
ადამიანის ფსიქიკა

ხუთშაბათისთვის კლასის რაოდენობა ოთხმოცამდე გაიზარდა. ჯონსი საუბრობდა, თუ რა არის სიამაყე. „სიამაყე — ეს არის ის, რომელსაც ვერავინ ვერასდროს წაგართმევთ. იყო ამაყი — ნიშნავს იცოდე, რომ საუკეთესო ხარ… ამ გრძნობის განადგურება შეუძლებელია…"; მან განუმარტა მოსწავლეებს, რომ ისინი ზოგადეროვნული ახალგაზრდული პროგრამის ნაწილი არიან, რომლის ამოცანაა ხალხის კეთილდღეობისთვის პოლიტიკური გარდაქმნა. „ყველაფერი, რასაც აქამდე ვაკეთებდით, მომზადება იყო ნამდვილი საქმისთვის. მთელ ქვეყანაში მასწავლებლები კრებენ და ავარჯიშებენ ახალგაზრდულ რაზმებს, რომ მათ დისციპლინის, გუნდური აზროვნების, სიამაყისა და მოქმედებების საშუალებით აჩვენონ ერს, რომ საზოგადოება შეიძლება უკეთესი გახდეს. თუ შევძლებთ წესების შეცვლას ამ სკოლაში, შევძლებთ წესების შეცვლას ფაბრიკებში, მაღაზიებში, უნივერსიტეტებსა და ყველა სხვა ორგანიზაციაში. თქვენ რჩეული ახალგაზრდების ჯგუფი ხართ, რომლებიც ამ საქმეს დაეხმარებიან. თუ გამოხვალთ წინ და აჩვენებთ, რა ისწავლეთ ბოლო ოთხი დღის განმავლობაში… ჩვენ შევძლებთ ჩვენი ხალხის ბედის შეცვლას". ჯონსმა ოთხ მოსწავლეს დაავალა, აუდიტორიიდან გაეყვანა სამი გოგონა, რომელთა ლოიალურობა საეჭვო იყო. შემდეგ მან აღნიშნა, რომ პარასკევს, შუადღისას, მესამე ტალღის შესახებ ტელევიზიით გამოაცხადებენ მოძრაობის ლიდერსა და პრეზიდენტის პოსტზე ახალ კანდიდატს.

პარასკევს კაბინეტში 200 ახალგაზრდა შეიკრიბა. ყველგან მესამე ტალღის დროშები იყო გამოფენილი. თავისუფალი ადგილი აღარ იყო. ზუსტად 12 საათზე ჯონსმა დაკეტა კარი. ჯონსის მეგობრები ფოტოგრაფებს განასახიერებდნენ და აუდიტორიაში მოძრაობდნენ. „სანამ ეროვნულ პრესკონფერენციას ჩავრთავთ, რომელიც ხუთ წუთში დაიწყება, მინდა პრესას ვუჩვენო, როგორ მოვემზადეთ". ამ სიტყვებით მასწავლებელმა მისალმების ნიშანი მისცა. ამის პასუხად, ავტომატურად გასწორდა ორასი ხელი. მაშინ მან წარმოთქვა დევიზი „ძალა დისციპლინაშია". ის გაიმეორა მრავალხმიანმა გუნდმა. დევიზებს იმეორებდნენ კვლავ და კვლავ. ბრბოს გამოძახილიც უფრო და უფრო მძლავრი ხდებოდა. პირველის ხუთ წუთზე ჯონსმა ჩართო ტელევიზორი, მაგრამ ეკრანზე არაფერი გამოჩნდა.

მაშინ ჯონსმა მოსწავლეებს მიმართა: „ყურადღებით მომისმინეთ. არანაირი ბელადი არ არსებობს! არ არსებობს არანაირი საერთო ეროვნული ახალგაზრდული მოძრაობა მესამე ტალღის სახელწოდებით. თქვენს მანიპულაციას ეწეოდნენ, თქვენ გმართავდათ თქვენივე საკუთარი ამბიციები და აღმოჩნდით იმ მდგომარეობაში, როგორშიც ახლა ხართ. თქვენ არაფრით მეტი და არაფრით ნაკლები არ ხართ იმ გერმანელებზე, რომლებსაც ვსწავლობდით. თქვენ ფიქრობდით, რომ რჩეული ხართ, საუკეთესო ხართ იმათზე, ვინც ამ ოთახში არ იმყოფება. თქვენ გაყიდეთ თქვენი თავისუფლება იმ კომფორტზე, რასაც დისციპლინა და უპირატესობა იძლევა. თქვენ გადაწყვიტეთ, უარი გეთქვათ საკუთარ შეხედულებებსა და ფასეულობებზე და მიიღეთ ჯგუფის ნება და დიდი ტყუილი". ამის შემდეგ ჯონსმა მოსწავლეებს უჩვენა ფილმი ნაცისტურ გერმანიაზე, მის დისციპლინაზე, აღლუმებსა და მსვლელობებზე.

შემდეგ ჯონსმა შეაჯამა: „თუ შევძელით და სრულად აღვადგინეთ გერმანული მენტალიტეტი, არცერთი თქვენგანი არასდროს აღიარებს, რომ იყო მესამე ტალღის ბოლო შეკრებაზე. ისევე, როგორც გერმანელებს, თქვენ გაგიჭირდებათ, გამოუტყდეთ საკუთარ თავს, რომ ასე შორს წახვედით". მოსწავლეები დათრგუნული და გულდამძიმებული დაიშალნენ, ბევრი ცრემლს ვერ იკავებდა.

ავგუსტ ლანდმესერი, ერთადერთი ადამიანი, რომელიც არ მიესალმა ჰიტლერს მუშებთან შეხვედრაზე 1938 წელს
ავგუსტ ლანდმესერი, ერთადერთი ადამიანი, რომელიც არ მიესალმა ჰიტლერს მუშებთან შეხვედრაზე 1938 წელს

P.S. ავგუსტ ლანდმესერი — ერთადერთი ადამიანი, რომელიც არ მიესალმა ჰიტლერს მუშებთან შეხვედრაზე 1938 წელს. იმავე წელს ის ხვდება გესტაპოში გერმანული სისხლისა და ღირსების დაცვის შესახებ კანონის დარღვევისთვის (ცოლად ჰყავდა ებრაელი ქალი). მეუღლე გააგზავნეს საკონცენტრაციო ბანაკში, სადაც ის 1942 წელს დაიღუპა. შვილები დააცალკევეს — ერთი ბებიასთან დატოვეს, მეორე — ბავშვთა სახლში გადაიყვანეს.

ავგუსტ ლანდმესერი ორი წელი საკონცენტრაციო ბანაკში კატორღულ სამუშაოებს ასრულებდა, 1941 წელს მას აიძულებენ, ვადამდე პირობით გათავისუფლებულთა ბატალიონში შევიდეს. ის ერთ-ერთ ბრძოლაში დაიღუპა.

მთავარი თემები