11:02 09 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9640
  • 100 RUB4.4518
  • USD3.3202
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
70710

ჩვენ პერიოდულად გაცნობთ საქართველოდან სამუშაოდ წასული „ემიგრანტი ქალის წერილებს“. მათ ღია გზავნილს, ვინც უცხოეთში დროებით ჩაიყვანა პრობლემებმა, მაგრამ არც ერთი წუთით არ უფიქრიათ სამშობლოზე უარი ეთქვათ და ის უცხო ქვეყნის კომფორტზე გადაეცვალათ.

თუმცა ემიგრანტებს შორის, სამწუხაროდ, „ადამიანი-ღამურებიც“ გვხვდებიან. აი, ისეთები, ვინც ყველაფერზე მაღლა მატერიალურ კეთილდღეობას აყენებს. გადავწყვიტეთ ასეთ კატეგორიას ქართველი ებრაელის ანა კოლის (შიმშილაშვილის) ღია მიმართვით ვუპასუხოთ.

ანა კოლი
ანა კოლი

მისი ბავშვობა და ბედნიერი წლები რაჭას უკავშირდება, ამიტომ მისთვის ორი სამშობლოს ერთგულება ყველაზე დიდი ბედნიერებაა, მონატრება კი ტკივილი, რადგან, მისივე სიტყვებით რომ ავხსნათ, შეუძლებელია „აქ“ იყო და „იქ“ არ გინდოდეს, ან პირიქით...

ქალბატონ ანას კარგად იცნობენ საქართველოშიც და ისრაელშიც, სადაც თავის სფეროში წარმატებულად საქმიანობს. ის სამედიცინო ცენტრი „ტოპ იხილოვის" გენერალური დირექტორია. სოციალურ ქსელებში დაწერილი მისი არაერთი პოსტი სტატიისა თუ გადაცემის განხილვის თემა გახდა. ეს ღია წერილი მან დაუწერა ქართველ ემიგრანტს, „32 წლის ლელას, რომელიც იტალიაშია“ და საკუთარ ქვეყანას აუგად იხსენებს. გაეცანით ამ ქართველი ემიგრანტისადმი და, საერთოდ, ემიგრანტების მიმართ დაწერილ ანას ემოციურ და მართალ მიმართვას, რომელსაც ოდნავ შემოკლებული სახით გთავაზობთ. ეს გზავნილი მისი არა მხოლოდ მოქალაქეობრივი პოზიცია, არამედ ცხოვრებისეული გამოცდილების გაზიარება და საქართველოს სიყვარულში მისი კიდევ ერთი გულწრფელი გამჟღავნებაა...

ანა კოლი
ანა კოლი

„ჩვენო ლელა, მე ლელად მოგმართავ, თუნდაც არ არსებობდე… რამდენი ხანია იტალიაში ხარ? ორი წელი და უკვე იტალიის მზეს იფიცებ? - არ გაგკიცხავ, ასე მასწავლეს ოჯახში, პირიქით, მოგეფერები, ვიცი, ხვალ ისევ ჩემთან (საქართველოსთან) მოირბენ, ჩემი გულში ჩასაკრავი გახდები... არ მინდა აკაკის ღამურასავით დაგემართოს. შენგან იტალიელი ისე ვერ იქნება, როგორც ჩემგან – მარსელი, და არ მინდა, სამშობლოში დაბრუნებული ქართველებმაც ვეღარ გიცნონ...

ახლობლები და მეგობრები მენატრება, სამშობლო არაო – აბა, რა არის სამშობლო თუ არა ახლობლები და მეგობრები? არავინ მითხრათ, რომ ეს მთავრობამ გვიქნაო, მთავრობა არაფერ შუაშია. ისიც არ მითხრათ, ცხოვრებამ დატანჯა და დაამახინჯაო! – ცხოვრება არ ცვლის ადამიანებს, ის მათ ნამდვილ სახეს აჩვენებს…

ანა კოლი მეგობრებთან ერთად
ანა კოლი მეგობრებთან ერთად

შენი სამშობლო ჩემგან, ისრაელელი საქართველოდან ამოსული ებრაელისგან მიიღებს გაკიცხვას და შენგან არა! მე მაქვს შენზე მეტი უფლება ვუთხრა საქართველოს და მის მთავრობას, შენ ეს უფლება უკვე დაკარგე. მე მომისმენენ და შენ არა, იმიტომ რომ მე არ დავირქმევ ლელას და ჩემს სათქმელს მას პირში, ჩემად ვეტყვი.

მე არასოდეს გამიცვლია საქართველო შოკოლადებში, შენ კი სამშობლო კუჭის და მონელებული საკვების დონეზე დაგიყვანია. ხვალ თუ იტალიაში იქნება შიმშილი, სად წახვალ? ხვალ შენი შვილი გაგექცევა და გეტყვის: შენ რა დედა ხარ (სამშობლოც ხომ დედაა) შოკოლადი ვერ მოგიციაო! სხვა შოკოლადს მისცემს და შენი შვილი შენსავით გაეკიდება მას… მარტოობისთვის ხარ განწირული, იტალიურად რატომ არ გვწერ წერილს? გულში ჩაგიკრა იტალიამ? უცხო ქვეყანამ, რომ იცოდე, რა მწარე წიხლის ამოკვრაც იცის! შენ რომ გინდა, მას უნდიხარ? ჰკითხე?

ანა კოლი
ანა კოლი

ხალხო, დაბრუნდით თქვენს ქვეყანაში, ნუ გააპარტახეთ ეს ქვეყანა, ხომ არ მოვიდა დრო, 20-წლიანი ემიგრაციის შემდეგ, თქვენი ევროპული თვალთახედვის ჩამოყალიბების მერე, აქეთ შესთავაზოთ რამე მთავრობას? ხომ არ მოვიდა დრო გაერთიანდეთ და ერთად შესთავაზოთ რაიმე სამშობლოს? ხომ არ მოვიდა დრო, მაგ ნაშრომი ფულით სახლების ყიდვას, სახლების, რომელსაც მაცხოვრებელი აღარ ეყოლება და ეშმაკები დაპატრონებიან, საწარმოები შექმნათ და დასაქმდეთ? ხომ არ მოვიდა დრო, ქართული სოფლები ააყვავოთ? ვისთვის ყიდულობთ, ემიგრანტებო, ამ სახლებს თუ თავად არ ცხოვრობთ? ან თუ იცით, რომ შვილებიც, სრულწლოვანი როცა გახდებიან, ქვეყნიდან გაიქცევიან? რად გინდათ ცარიელი კედლები?!.

ქალიშვილთან ერთად
ქალიშვილთან ერთად

სამშობლო ისაა, ვინც შოკოლადს მომცემსო, და შენ რას აძლევ მას?! მე სამშობლოს ერთადერთ შვილს ვაძლევ – ჩემი გოგო ისრაელის ჯარშია და მე მიცავს!..

ჩემო ლელა და ჩემო ემიგრანტებო, 26 საუკუნის შემდეგ ჩვენ მაინც დავბრუნდით ისრაელში, არა აქვს მნიშვნელობა იმას, რომ ორად ვიხლიჩებით: აქ ვართ და მანდ გვინდა, მანდ ვართ და აქ გვინდა, მაინც დავბრუნდით! ჩვენ ქვიშაზე ჩამოვედით, უწყლო ქვიშაზე, 40 გრადუს სიცხეში და ქვიშას ვთხრიდით. კარვებში გვეძინა უწყლოდ და უპუროდ, მაგრამ ეს ვარჩიეთ სხვა ქვეყნის შოკოლადებს. თქვენ ხომ ქვიშა არ გელოდებათ? მიწა, წყალი, სახლი და კარი გაქვთ! ჩვენ ხე კი არა და ბუჩქიც არ გვედგა, თქვენ ტყეები გაქვთ... დაბრუნდით სახლებში და ააშენეთ თქვენი ქვეყანა, სანამ დროა, დაბრუნდით“…

 

მთავარი თემები