21:00 12 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0646
  • 100 RUB4.4399
  • USD3.4260
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
530330

რუბრიკაში განსაკუთრებული სტუმარი გვყავს – მასწავლებელი, რომელიც არასოდეს იტყუება და რომელსაც სიტყვა „არა“ არ უყვარს.

ასეთია კომაროვის ცნობილი სკოლის მათემატიკის მასწავლებლის გოჩა კუბლაშვილის მოკლე პიროვნული დახასიათება. თავის დროზე ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა დაამთავრა. დღეს მასზე ამბობენ, რომ ღმერთისგან ხელდასმული მასწავლებელია. მისი სწავლების მეთოდი უკვე გასცდა სასკოლო პროგრამას, მათემატიკას და პედაგოგიკის სფეროსაც კი, რადგან მოსწავლეებს, პირველ რიგში, ცხოვრების ყველაზე მთავარ საგანს ასწავლის.

ჯერჯერობით ერთადერთი მათემატიკის პედაგოგია, რომელსაც წლის საუკეთესო მასწავლებლის ტიტული მიანიჭეს და ერთადერთი ქართველი მასწავლებელი, რომელმაც ამ სფეროში გრან-პრი დაიმსახურა...

გოჩა კუბლაშვილი
გოჩა კუბლაშვილი

- ბატონო გოჩა, გაიხსენეთ როგორ გახდით 2000 წლის საუკეთესო მასწავლებელი...

- სხვათა შორის, ჩემამდე მათემატიკის მასწავლებელს არასოდეს აუღია ეს პრიზი. მაშინ კომისიაში, როგორც მათემატიკაში ცოდნის შემმოწმებელი, 42-ე სკოლის დირექტორი გურამ დევდარიანი იყო. როცა დაინახა, რომ წარდგენილ 12 მასწავლებელს შორის ერთადერთი მათემატიკის მასწავლებელი ვიყავი, გვერდით მომისვა და მამაშვილურად მითხრა, პირველად გაქვს შანსი, რომ გაიმარჯვო, ოღონდ დამიჯერეო. მათემატიკა როგორ იცი, ამის შესახებ მე ვილაპარაკებ, მთავარია, ამ ხალხს ლიტერატურაში მოუგოო. რადგან ამ კონკურსზე ყოველთვის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი იმარჯვებდა ხოლმე. 

გოჩა კუბლაშვილი
გოჩა კუბლაშვილი

- მერე, დაუჯერეთ იმ ბატონს?

- დიახ, დავუჯერე გურამს, როცა მითხრა, კონკურენტებს ქართულშიც უნდა მოუგოო. ჩემი პირველი მოწინააღმდეგე იყო ქართული ლიტერატურის მასწავლებელი ელენე წიქარიშვილი, რომელიც მერე სკოლის დირექტორი გახდა. ისეთ მაგარ გაკვეთილებს ატარებდა, რომ მოსწავლეებს ატირებდა. მაშინ განათლების მინისტრი ალეკო კარტოზია იყო, მან მკითხა, რომელ კლასში ჩაატარებ გაკვეთილსო. ვუპასუხე, მე-11 კლასში–მეთქი. დაიწყო კონკურსი და მე „ვეფხისტყაოსანზე“ დავიწყე საუბარი. ცოტა ხანში შევამჩნიე, რომ მინისტრმა კალამი გვერდზე გადადო, თავზე ხელები შემოიდო და ინტერესით მისმენს.

გოჩა კუბლაშვილი მეუღლესთან ერთად
გოჩა კუბლაშვილი მეუღლესთან ერთად

- კიდევ რა გამოცდის ჩაბარება მოგიწიათ?

- ბოლოს, იცით, რაში გამოგვცადეს? – ბუნებით თუ ხარ მასწავლებელი. გამოცდა იმაში მდგომარეობდა, რომ მოულოდნელ სიტუაციებს გვიქმნიდნენ და გვაკვირდებოდნენ, იქიდან როგორ გამოვიდოდით. მაგალითად, კონკურსში მონაწილე ერთ მასწავლებელს კატა დაუსვეს წინ, შემდეგ ქაღალდის თვითმფრინავი გაუშვეს. მოკლედ, მასწავლებელი ყველა ასეთი სიტუაციიდან ლამაზად უნდა გამოსულიყო. ჩემს კონკურენტს, ლელას წინ დაუდეს რუბენსის ცნობილი ნახატი, რომელზეც შიშველი ქალია გამოსახული. ლელამ რუბენსზე რაც იცოდა, ყველაფერი მოყვა და ეს ტური კარგად გაიარა. ამ კონკურსამდე წინა დღეს მერვეკლასელების ბანკეტი იყო და ლამის გათენება მომიწია. ჩემმა ცოლმა მისაყვედურა, ჩაყარე ხომ ყველაფერი წყალშიო. მე ვუთხარი, პირიქით, ხომ უნდა მენერვიულა და ღამე მეთენებინა, ახლა გამოვიძინე და კონკურსზე მშვიდად წავალ–მეთქი.

გოჩა კუბლაშვილი
გოჩა კუბლაშვილი

- თქვენ რა მოგიწყვეს კომისიის წევრებმა?

- მივედი კონკურსზე და ველოდები რას მომიწყობენ. შევედი ოთახში და ვხედავ, ორი გოგო ზის მაგიდაზე, გიტარა დაუჭერიათ ხელში და მღერიან... როგორ მოვიქცეოდი?

- რა ვიცი, ალბათ ეტყოდით, აი, მესამე ხმაც მოვედიო...

- მეორე! მე ვუთხარი, მეორე ხმა მოვედი–მეთქი, იმიტომ რომ საერთოდ მეორეს ვმღერი, და სიმღერაში ავყევი მათ.

- რას მღეროდნენ?

- „გინდ მეძინოს“ მღეროდნენ. აი, მაშინ ალეკო კარტოზიამ წამოიძახა – სიმღერაც იცი, ბიჭო, შენო?! გაოცებულმა მაშინ პირველად მომმართა „ბიჭოთი“. მე ვუპასუხე, ბატონო ალეკო, დამჭირდა და ვიცი–მეთქი. ამის მერე კულისებიდან მომივიდა ხმა, დაუწყიათ ბჭობა, ვინ უფრო გამოიკვეთა – „ეს ბიჭი“ თუ „ის გოგო“. კომისიას ჩემს ბიოგრაფიაში უნახავს, რომ ოთხი შვილის მამა ვარ და გადამწყვეტიც ეს ფაქტორი გამხდარა. ყველაფერი ლამაზად დასრულდა – ლელას მიანიჭეს პირველობა, მე კი გრან-პრის მფლობელი გავხდი. ასეთი რამ მასწავლებლის კონკურსზე არასოდეს მომხდარა.

- თავად ბავშვებს თუ ჩაუყენებიხართ გაკვეთილზე მოულოდნელ სიტუაციაში?

- კი, იყო ასეთი შემთხვევა: შევდივარ მე-11 კლასში და რას ვხედავ?! კომაროვის სკოლაში ფანჯრები ისეა მოწყობილი, რომ შეიძლება მასზე გადახვიდე და მეორე მხარეს, გარედან დადგე. შევდივარ და ვხედავ, ერთი ბავშვი იქიდან მიყურებს. გადავირიე, გადავდგი ორი ნაბიჯი და უცებ... გამეცინა! ამის მერე ის ბავშვი გადმოვიდა ოთახში აკანკალებული. რა მოგივიდა–მეთქი და გოჩა მასწ, ისე მიყვარხართ, წეღან რომ დაგეყვირათ, გადავხტებოდიო. იქ ჩემ შესაშინებლად არ იყო გადასული, უბრალოდ, მე შევაღე ცუდ დროს საკლასო ოთახის კარები. უცებ ცრემლები წამომივიდა, ახლაც მომდის ამას რომ გიყვებით. რა მიკვირს, იცით, რამ გამაცინა იმ დროს? მაშინ იმ გაცინებამ გადამარჩინა... როცა ეს ამბავი მოვყევი, ერთმა ჩემმა კოლეგამ მითხრა, იმიტომ გაგეცინა, რომ ზევიდან, ღმერთისგან ხარ მასწავლებელიო.

- ჰოდა, ამიტომაც ეყვარებით მოსწავლეებს...

- ისე, ამ სიყვარულის გასაღები რა არის, გითხრათ? თვალები უნდა გქონდეს მართალი და გემჩნეოდეს, რომ არ იტყუები. მასწავლებელმა ტყუილი არ უნდა თქვას. ბავშვი ყველაფერს „გაგიტარებს“ – ამოცანა რომ ვერ ამოხსენი, ცუდად რომ გაცვია, ყველაფერს, ოღონდ ტყუილს არ გაპატიებს. ერთ მეათეკლასელ გოგოზე მითხრა კლასის დამრიგებელმა, ამოვარდა კალაპოტიდან და სულ აღარ სწავლობსო. მივხვდი რაშიც იყო საქმე. მივედი იმ გოგოსთან, გვერდით დავუჯექი და ვეკითხები, თამუნა, შეყვარებული ხომ არ ხარ–მეთქი. კიო, მიპასუხა. ჰოდა, ძალიან კარგი, შენ ახლა ისეთ ენერგიას ფლობ, რომ ქვეყანას გადააბრუნებ და ერთი საათი გაკვეთილზე ჩემკენაც გამოიხედე–მეთქი. მერე ჩავეხუტე და ვაკოცე. იცით, რა მოხდა? – ერთ კვირაში ის ბავშვი ათოსანი გახდა. გადაირივნენ კოლეგები – რა უთხარი ასეთიო.

- ახლა რა ვიფიქრე, იცით? შეიძლება მეც შემყვარებოდა მათემატიკა, თქვენისთანა მასწავლებელი რომ მყოლოდა...

- ახლაც არაა გვიან. მასწავლებლის მხრიდან ბევრია სამუშაო, ისე უნდა აუხსნა მოსწავლეს გაკვეთილი, იქამდე უნდა მიიყვანო, რომ ყველაფერი თავად გაიგოს. კიდევ ერთ საიდუმლოს გეტყვით: ცხოვრებაში არ მიყვარს სიტყვა „არა“, ყველაფერზე „კის“ ვამბობ და ესეც მეხმარება.

- ვიცი, რომ უბადლო თამადაც ხართ...

- სხვათა შორის, ცნობილი თამადა სიმონიკა სხირტლაძეც კომაროვში ასწავლიდა, კიდევ ჯუანშერ ჯურხაძეც, რომელიც საბჭოთა კავშირის ისტორიას გვერდს უვლიდა და ბავშვებს მხოლოდ საქართველოს ისტორიას ასწავლიდა. მის სახლში მე საკუთარი სკამი მქონდა, ისეთი, მარტო მე რომ მსვამდა. ერთ დღეს მოდის მოსწავლე და მეუბნება, როცა მექნება ქორწილი, თქვენ უნდა იყოთ თამადაო. გავიდა დრო და იმ ბავშვმა მართლა დამიძახა ანაკლიაში, სადაც 400-კაციანი ქორწილი გადაიხადა. სუფრის საიდუმლო ასეთია: თუ გინდა მოგისმინონ, შენც უნდა უგდო სუფრას ყური და მერე ის სწორად წაგიყვანს.

- და, მაინც, როგორ უნდა გახდე საუკეთესო თუ არა, კარგი მასწავლებელი?

- პირდაპირ გეტყვით: ჩემს ცხოვრებაში ის წლები რომ არ ყოფილიყო, როცა 31-ე საავიაციო ქარხანაში ვიმუშავე, არაფერი გამომივიდოდა - ასეთი მასწავლებელი ვერ ვიქნებოდი, რადგან იმ წლებიდან ისეთი სიბრძნე დამრჩა და იმდენ კარგ ადამიანს დავუახლოვდი, რომ სათქმელი ბევრი დამიგროვდა. თან ადრე ალპინიზმითაც ვიყავი გატაცებული, მთაში დავდიოდი და იქიდანაც ბევრი მაქვს გასახსენებელი. ბავშვებს მარტო წიგნის მიხედვით არ უნდა აუხსნა გაკვეთილი, შენი ცხოვრებიდანაც უნდა მოუყვე ამბები, თუ მოსაყოლი არაფერი გაქვს, ტყუილია, მათთვის საინტერესო ვერასოდეს გახდები...

 

მთავარი თემები